კაკაუს ევროპა განაღდებული აქვს!

AutoSharing Option
ბუნდესგუნდის მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს მოსამზადებელ შეკრებაზე სხვებთან ერთად "შტუტგარტის" თავდამსხმელი კაკაუც მიჰყავს, რითაც არაერთი ექსპერტი გააკვირვა, რადგან წარმოშობით ბრაზილიელი წინახაზელი "შტუტგარტის" ძირითად შემადგენლობაშიც კი იშვიათად ხვდება.

ლიოვმა კი ისეთ თავდამსხმელებზე თქვა უარი, როგორებიც არიან ლევერკუზენელი შტეფან კისლინგი, მიონხენგლადბახელი მაიკ ჰანკე და ვოლფსბურგელი პატრიკ ჰელმესი.

მართალია, შემადგენლობა გაფართოებულია და თეორიულად არსებობს იმის შანსი, რომ იოგიმ კაკაუზე უარი თქვას, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს გამორიცხულია, რადგან მასთან ერთად, განაცხადში მხოლოდ ორი ცენტრალური თავდამსხმელი (მიროსლავ კლოზე და მარიო გომესი) ჰყავს.

ცხადია, რომ ლიოვი ევროპის
ჩემპიონატზე სამ ცენტრფორვარდს აუცილებლად წაიყვანს და შესაბამისად, კაკაუს პოლონეთსა და უკრაინაში გამგზავრება განაღდებული აქვს.

თვითონ ბუნდესმწვრთნელმა კაკაუს (მხოლოდ ხუთი მატჩი ბუნდესლიგის მეორე წრეში) გამოძახება ასე ახსნა: "კაკაუ გერმანიის ნაკრებში ყოველთვის კარგად თამაშობს და ჩემს დავალებებს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს.

მე მას, უმეტესად, შეცვლებზე ვათამაშებ ხოლმე და გოლებიც გააქვს. ამ როლში კაკაუ "შტუტგარტშიც" წარმატებულია. ევროპის ჩემპიონატის დარ ტურნირზე ასეთი ფეხბურთელი მჭირდება!"

"მიხარია, რომ იოგიმ ისევ გამომიძახა. ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ლიოვს ვპირდები, რომ მის ნდობას ამჯერადაც გავამართლებ," - ეს კი თავად კაკაუს სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული