იოახიმ ლიოვი ხელშეუხებელია!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფშიც რომ ჩარჩეს, გერმანიის საფეხბურთო კავშირი ბუნდესგუნდის მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს არ გაათავისუფლებს.

ცხადია, ამის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან გერმანია ესპანეთთან ერთად კონტინენტის პირველობის უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა ლიოვის ხელშეუხებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და იქვე დასძინა, რომ იოგისთან ერთად, ხელშეუხებელია ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფიც.

„ეს ისეთი ტურნირია, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყოველგვარი „თუს" და „მაგრამის" გარეშე ვამბობ, ლიოვი ყველა შემთხვევაში პოსტზე დარჩება," - განაცხადა ნირსბახმა „შპორტ ბილდისთვის" მიცემულ
ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ლიოვს გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე, მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლით აქვს გაფორმებული, ევრო 2012-ზე კი ბუნდესნაკრები ჰოლანდიასთან, პორტუგალიასა და დანიასთან ერთად ე. წ. სიკვდილის ჯგუფშია.

„გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდიუმი დარწმუნებულია იმაში, რომ ლიოვისა და ბირჰოფის ხელში ბუნდესგუნდი სწორ გზას ადგას, - დასძინა ნირსბახმა, რომელიც გერმანულ ფეხბურთს სათავეში 2 მარტიდან უდგას (ექს-პრეზიდენტი თეო ცვანციგერი შეცვალა), - ფეხბურთში ყველაფერი ხდება და არასდროს არაფერია გამორიცხული.

გაიხსენეთ თუნდაც 2010 წლის მუნდიალზე სერბეთთან განცდილი მარცხი (0:1): 30 წუთის შემდეგ მსაჯს 6 ყვითელი ბარათი ჰქონდა დარიგებული, მიროსლავ კლოზე გაგვიძევა და, მიუხედავად ამისა, მაინც კარგად ვითამაშეთ. ლუკას პოდოლსკიმ კი პენალტი ვერ გაიტანა.

ლიოვი და ბირჰოფი შესანიშნავად მუშაობენ და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც რამის შეცვლა მოგვინდება. ჩვენ, გერმანელებს, იმედგაცრუებების გადატანაც კარგად გვეხერხება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული