გერმანიის თასი. ფინალის წინ: სეზონი სუპერმატჩით იხურება

AutoSharing Option
გერმანიის თასი. ფინალი
12 მაისი
ბორუსია (დ)-ბაიერნი 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - კროოსი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
არბიტრი: პეტერ გაგელმანი (ბრემენი)

ათასჯერ ნათქვამს თამამად გავიმეორებთ: ქვეყნის თასის გათამაშებას არსად ექცევა ისეთი ყურადღება, როგორც გერმანიაში და არცერთ სხვა ქვეყანაში არ (აღარ) იბრძვიან თასისთვის ისეთი თავდადებით, როგორც გერმანიაში.

12 მაისს გერმანიის თასის ფინალია, რომელიც
ტრადიციულად ბერლინში გაიმართება და ისედაც უაღრესად საინტერესო ფინალისთვის დამატებითი ინტრიგაა ის, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი" წარსდგებიან. გერმანიის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ: ბოლო ორ წელიწადში მიუნხენური გრანდის ოთხგზის გამამწარებელი "დორტმუნდი" იმ რეკორდმაისტერის წინააღმდეგ, რომელიც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტიცაა.

ერთი სიტყვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გერმანიაში თასის ფინალი წელს მართლაც საოცნებო გამოვიდა.

ცნობილია, რომ დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი გერმანიის თასის ფანია და ბერლინის ფინალს განსაკუთრებულ პატივს სცემს.

იურგენისთვის ბერლინის ფინალი ცნობილ "უემბლის ფინალზე" არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან თასს გერმანიაში ყველა კლუბი უდიდეს ყურადღებას აქცევს და ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა რომელიმე გუნდი სათასო მატჩში გადახალისებული შემადგენლობით თამაშობს.

ჰაინკესი: ჯერ დორტმუნდი, მერე ჩელსი

რაც შეეხება "ბაიერნის" დამრიგებელ იუპ ჰაინკესს: ცხადია, თასის ფინალს მისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს - მეტადრე იმ დროს, როცა მიუნხენური კლუბი ზედიზედ მეორედ დარჩა გერმანიის ჩემპიონობის გარეშე და თასი ერთადერთი ნაციონალური ტიტულია, რომლის მოგებაც ამ სეზონში შეუძლია.

მაგრამ "ბაიერნს" წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ელის და გუშინ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩვენმა გერმანელმა ჟურნალისტებმა "დონ იუპს" ამიტომაც ჰკითხეს, ხომ არ შიშობთ, რომ ხვალ თქვენი შეგირდები "ჩელსისთან" მატჩზე იფიქრებენ და თასის ფინალში ჯეროვნად კონცენტრირებულები ვერ იქნებიანო.

"ასეთი საშიშროება არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველა მატჩზე ეტაპობრივად ვფიქრობთ. დღეს ჩვენთვის ყველაზე მთავარი ბერლინია, მიუნხენზე ფიქრს ხვალიდან, თასის ფინალის დასრულებისთანავე დავიწყებთ, - განაცხადა 67 წლის ჰაინკესმა და დასძინა, - ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ფეხბურთელების თავებიდან ვერ ამოვშლი, მაგრამ თითოეულ მოთამაშეს კარგად აქვს გაცნობიერებული ის, რომ ორი მიზანი გვაქვს: ჯერ გერმანიის თასი უნდა მოვიგოთ, მერე კი ჩემპიონთა ლიგა".

მწვრთნელის მოსაზრება გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმაც გაიზიარა: "ბაიერნს" ამ სეზონში ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი და ორივე შეხვედრაში ტიტულების ბედი წყდება. ჩვენ "ბაიერნი" ვართ და ორივე ტიტულის მოგება გვინდა. კონცენტრაციისა და მონდომების პრობლემა არ გვაქვს, რასაც ხვალ, "დორტმუნდთან" მატჩში ყველა ნათლად დაინახავს. ცხადია ისიც, რომ დორტმუნდელებიც მედგრად იბრძოლებენ, რადგან დუბლის შესრულების ისტორიული შანსი აქვთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი თამაში გამოვა," - განაცხადა 28 წლის ლამმა.

კლოპი: ასი პროცენტით მზად ვართ!
ლოგიკურად, კონცენტრაციის დაქვეითების საფრთხის წინაშე დორტმუნდელებიც დგანან, რადგან გერმანიის ჩემპიონობით სეზონის უმთავრეს მიზანს მიაღწიეს, მაგრამ კლოპის თქმით, მის შეგირდებს დანაყრების არაფერი ეტყობათ და "ბაიერნთან" თავგანწირვით ითამაშებენ.

"თასის ფინალისთვის ასი პროცენტით მზად ვართ, - ასე დაიწყო კლოპმა პრესკონფერენციაზე საუბარი, - არც მონდომება გვაკლია, არც კონცენტრაცია და ბიჭებმა ფორმაც შეინარჩუნეს. ვფიქრობ, ამის თქმა არც უნდა მჭირდებოდეს - უმოტივაციო და არაკონცენტრირებული დორტმუნდის "ბორუსია" ვინმეს ოდესმე უნახავს? მიუხედავად ზედიზედ ორი ჩემპიონობის, ჩემი გუნდი ჯერ კიდევ არ დანაყრებულა და არც არასდროს დანაყრდება. ეს ბიჭები ფეხბურთს ყოველთვის უდიდესი სიამოვნებით თამაშობენ და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადიან."

როგორც ლამმა ჰაინკესს, კლოპს მხარი თავისმა კაპიტანმა, სებასტიან კელმაც აუბა:

"ბაიერნთან" თამაში ჩვენთვის ყოველთვის ორმაგ მოტივაციას ნიშნავს. ეს ჩვენთვის სეზონის ბოლო მატჩია, რომელშიც კიდევ ერთხელ შევეცდებით ჩვენი შესაძლებლობების დამტკიცებას".

როგორც იცით, "დორტმუნდმა" "ბაიერნს" ბოლო ორ სეზონში ოთხივე თამაში მოუგო, რაც რეკორდმაისტერისთვის საკმაოდ დიდი სირცხვილია. კლოპი დარმწუნებულია, რომ მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის თავს თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ დაზოგავენ - "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესისთვის ჩვენთან ზედიზედ მეხუთე მარცხი ძალიან რთულად გადასატანი იქნებაო.

დორტმუნდის მორიგი რეკორდი?
თუ "ბორუსია" "ბაიერნს" ზედიზედ მეხუთედ დაამარცხებს, მორიგ რეკორდს დაამყარებს და რეკორდმაისტერი ზედიზედ ხუთჯერ აქამდე არავისთან დამარცხებულა. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში დორტმუნდელები თავიანთ ისტორიაში დუბლს პირველად შეასრულებენ.

ჰაინკესმა წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "დორტმუნდთან" მხოლოდ ამ სეზონის მატჩები გაიხსენა და ყველას შეახსენა, რომ "ბორუსიამ" "ბაიერნი" ორივე მატჩი მინიმალური ანგარიშებით (1:0, 0:1) დაამარცხა.

"მართალია, დორტმუნდელებმა გერმანიის ჩემპიონობა ქულების სარეკორდო რაოდენობით იზეიმეს და თასის ფინალშიც სამართლიანად მიიჩნევიან ფავორიტებად, მაგრამ გაგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალი" იყო ფავორიტი, მე კი ჯიუტად ვამბობდი, მჯერა, რომ ფინალში გავალთ-მეთქი. ახლაც თამამად ვიტყვი: მჯერა, რომ გერმანიის თასს ჩვენ მოვიგებთ," - განაცხადა ბავარიელთა თავკაცმა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჰაინკესს მწვრთნელის რანგში გერმანიის თასი არასდროს მოუგია - ისევე, როგოც კლოპს, რომელმაც მწვრთნელის რანგში გერმანიის თასის ფინალში სულაც პირველად გააღწია. "დონ იუპს" გერმანიის თასი მხოლოდ ფეხბურთელის რანგში აქვს მოგებული (1973 წელს, "გლადბახი"-"კიოლნი" 2:1 დ.დ.), ხოლო მწვრთნელობისას ფინალში ერთხელ იყო და ისიც წააგო (1984 წელს, "ბაიერნმა" მის "გლადბახს" პენალტების სერიაში სძლია).

რუმენიგემ ქეიფი აკრძალა
თუ "ბაიერნი" გერმანიის თასს მოიგებს, მიუნხენელ ფეხბურთელებს ღამის კლუბებში გართობა აკრძალული აქვთ. ამაზე რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ისაუბრა.

"არანაირი დისკოთეკა, არანაირი ალკოჰოლი და გართობა დილამდე. წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ფეხბურთელებმა იციან, რომ ასეთ დროს მკაცრი რეჟიმი უნდა დაიცვან," - განუცხადა კალემ "მიუნხენერ აბენდცაითუნგს".

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის ფინალი მომდევნო შაბათს ხელის (მიუნხენში, "ჩელსისთან"). დღეს, გამარჯვების შემთხვევაში რესტორანში მხოლოდ ბანკეტი და საზეიმო ვახშამი გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული