ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" "დორტმუნდმა" "ბაიერნს" ბრწყინვალე მატჩში საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და 5:2 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის არაჩვეულებრივმა გუნდმა გერმანიის ზედიზედ მეორე ჩემპიონობის შემდეგ თასიც აიღო, დუბლი შეასრულა და ამასაც რომ თავი დავანებოთ, ისეთი ფეხბურთი აჩვენა, თამამად უნდა ვთქვათ, რომ დღესდღეობით გერმანიის
მართალია, "ბაიერნს" ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის, მაგრამ შაბათს მიუნხენელებს ძალების დაზოგვის სურვილი ოდნავადაც არ ეტყობოდათ. სწორედ ამაზე მიუთითებდა ის, რომ ბოლო წუთებში "ბაიერნის" ფეხბურთელები განრისხებულები იყვნენ და მათი ქმედებები რამდენჯერმე არასპორტულ აგრესიაშიც კი გადაიზარდა.
"ბაიერნმა" საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა და იუპ ჰაინკესის შეგირდებს მონდომება არ აკლდათ, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდი სეზონის უკანასკნელ მატჩში უკიდურესად ლაღ ფეხბურთს, ძალიან თავისუფლად თამაშობდა - დორტმუნდელებს ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდათ და ასე ლაღად შეარცხვინეს მიუნხენელები, რომლებიც მატჩის წინ "ბორუსიაზე" კბილებს ილესავდნენ.
ბორუსია (დ)-ბაიერნი 5:2 (იხილეთ ვიდეო)
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი (34. ლანგერაკი) - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (84. პერიშიჩი), კაგავა (81. ს. ბენდერი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა (69. კონტენტო) - ლუის გუსტავო (46. თ. მიულერი), შვაინშტაიგერი - რობენი, კროოსი, რიბერი - გომესი.
გოლები: 1:0 კაგავა (3), 1:1 რობენი (25-პენ), 2:1 ჰუმელსი (41-პენ), 3:1 ლევანდოვსკი (45+1), 4:1 ლევანდოვსკი (58), 4:2 რიბერი (75), 5:2 ლევანდოვსკი (81)
გაფრთხილება: ვაიდენფელერი, ჰუმელსი - ბადშტუბერი, შვაინშტაიგერი
მაყურებელი: 75 708
ბორუსიას პირველი დუბლი
ჯერ ჩემპიონობა, ახლა კი თასიც - "დორტმუნდმა" არსებობის 103-წლიან ისტორიაში პირველად შეასრულა დუბლი. გერმანიის სარეკორდო (81 ქულით) ჩემპიონობას კლოპის ბიჭებმა თასიც (ეს ტიტული მესამედ მოიგეს) მოაყოლეს და საუკეთესო გერმანული კლუბის წოდება კიდევ უფრო მეტად განიმტკიცეს.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ კლოპის თითოეული შეგირდი ამ კონკრეტული გამარჯვებისთვის პრემიის სახით 75 000 ევროს მიიღებს.
მატჩის შემდეგ სხვა დროს ენაკვიმატ კლოპს საუბარი უჭირდა: "სიტყვები არ მყოფნის. ვხვდები, რომ ეს "ბორუსიასთვის" ფანტასტიკური პერიოდია და რომ დორტმუნდელებს მათი საყვარელი და საამაყო გუნდი საუკეთესო ოცნებებშიც სწორედ ასეთი წარმოუდგენიათ.
დღეს ძალიან ცივსისხლიანები ვიყავით და "ბაიერნს" შანსი არ დავუტოვეთ. ეს დიდი ბედნიერებაა," - ძლივსღა ამოღერღა თავიდან ფეხებამდე ლუდგადავლებულმა იურგენმა.
მნიშვნელობა არა აქვს, მოიგებს თუ არა "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას. მიუნხენური გრანდი გერმანიაში ახლა უკვე მეორეა, რაც რეკორდმაისტერისთვის საგაისოდ დიდი გამოწვევა უნდა იყოს. ეს წაგება, თანაც ასეთი ანგარიშით, ბადებს ლოგიკურ კითხვას: მოახერხებენ მიუნხენელები ერთ კვირაში ("ჩელსისთან" ფინალამდე) ამ მატჩის დავიწყებას?
ბეკენბაუერი: ჩემპიონთა ლიგას ასე ვერ მოვიგებთ!
"დაცვაში საშინლად, მეტიც, კატასტროფულად ვითამაშეთ. დორტმუნდელთა გამარჯვება დამსახურებულია, ჩვენ კი ეს წაგება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ, - ასეთი იყო ჰაინკესის მატჩისშემდგომი კომენტარი, - ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გველის და იმედი მაქვს, რომ მანამდე დღევანდელი შოკიდან გამოსვლას მოვახერხებთ".
"ტაბლოზე ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, რომ ეს შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ დღეს ჩვენ "დორტმუნდზე" უკეთ ვითამაშეთ. უბრალოდ, უკან სამარცხვინო შეცდომები დავუშვით და ამიტომაც გავნადგურდით," - ეს მიუნხენელთა კაპიტნის, ფილიპ ლამის სიტყვებია.
ყველაზე საინტერესო და ყოვლისმომცველი კომენტარი კი, რა თქმა უნდა, "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა გააკეთა: "ეს სამარცხვინო წაგებაა. "ბაიერნის" დაცვა ასეთ ბავშვურ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს. ჩემპიონთა ლიგას ასე ნამდვილად ვერ მოვიგებთ!"
ანგელა მერკელი: ბორუსია შესანიშნავია!
საფინალო სასტვენის შემდეგ "ბაიერნის" ფეხბურთელები მინდორზე მოწყვეტით დაეცნენ, დორტმუნდელებმა კი თავიანთი ფანების ტრიბუნას მიაშურეს და ქომაგებთან ერთად ზეიმობდნენ.
მოგვიანებით, "ბორუსიას" კაპიტანმა სებასტიან კელმა გერმანიის თასი ჩაიბარა - მართლაც გამორჩეული სილამაზის თასი მას გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა გადასცა.
"დორტმუნდის" ბოსი ჰანს-იოახიმ ვატცკე მორიგ წარმატებას მოკრძალებულად, განზე მყოფი ზეიმობდა - თქვა, ამ მწვრთნელმა და ამ ბიჭებმა გრანდიოზული რაღაც მოახერხესო და კითხვაზე, არის თუ არა "ბორუსია" საუკეთესო გერმანული კლუბი, ასე უპასუხა: "როცა გუნდი ზედიზედ ორჯერ გახდება გერმანიის ჩემპიონი და მოიგებს გერმანიის თასსაც, ცხადი ხდება, რომ საუკეთესოა".
"დღეს ნაჩვენები ფეხბურთით დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონობა და თასი შემთხვევით არ მოგვიგია. ისეთი განცდა მაქვს, რომ მიუნხენელებს ამ დღეებში ათჯერ რომ შევხვდეთ, ათჯერვე მოვუგებთ. გაუტანო "ბაიერნს" ხუთი გოლი და მოუგო ზედიზედ მეხუთედ, ეს მართლაც უდიდესი სენსაციაა. ისღა დაგვრჩენია, მაგრად მოვილხინოთ, მერე დავისვენოთ და მომავალი სეზონისთვის მზადებას შევუდგეთ," - ეს კაპიტან კელის სიტყვებია.
ჩემპიონი და თასის მფლობელი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც საუკეთესო ეპითეტებით შეამკო: "თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა, "დორტმუნდი" კი დამსახურებული გამარჯვებულია. იურგენ კლოპს მართლაც შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასწრებაც მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ შევძლებ".
13 მაისს დორტმუნდში გრანდიოზული ზეიმი, "ბორუსიას" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო აღლუმი გაიმართა - კლოპმა და მისმა ბიჭებმა ისტორიული დუბლი ფანებთან ერთად აღნიშნეს. საფეხბურთო გერმანიამ კი "ბორუსიას" პირველობა საბოლოოდ აღიარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"