"დორტმუნდში" სატრანსფერო ქაოსი დაიწყო

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ გერმანიის ჩემპიონისა და თასის მფლობელის ფეხბურთელებს სერიოზული მთხოვნელები გამოუჩნდნენ.

აქამდე კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ იაპონელი გამთამაშებლის, შინჯი კაგავას მომავალი გახლდათ, ახლა კი "ბორუსიას" კიდევ ორი ლიდერის დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

შაბათს გერმანიის თასის ფინალს (დორტმუნდი-ბაიერნი 5:2) "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დაესწრო და, როგორც ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გაარკვიეს, ფერგი ბერლინში მხოლოდ კაგავაზე დასაკვირვებლად არ ჩასულა - მას "ბორუსიას" დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი და გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკიც აინტერესებს.

ამასობაში გაირკვა
ისიც, რომ "ვერდერის" პერუელი თავდამსხმელის, კლაუდიო პისაროს გადაბირება დორტმუნდელებსაც სურთ.

ლევანდოვსკის აგენტი ადასტურებს: ფერგიუსონი დაინტერესებულია!
ჩვენს გერმანელ კოლეგებს კაგავას "იუნაიტედში" გადასვლა გადაწყვეტილად მიაჩნიათ - დორტმუნდში აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ იაპონელი გამთამაშებელი BVB-ს დატოვებს.

ახლა კი ირკვევა, რომ ფერგიუსონს არა მარტო კაგავას, არამედ ჰუმელსისა და ლევანდოვსკის გადაბირებაც უნდა.

"ბილდის" ინფორმაციით, ფერგიუსონმა მანჩესტერში უკვე დაპატიჟა ჰუმელსის მამა, რომელიც მისი მრჩეველიცაა და მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა.

"ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების მცველი ამას არც უარყოფს და არც ადასტურებს. რაც შეეხება ლევანდოვსკის - პოლონელი გოლეადორის აგენტმა მაიკ ბართელმა გუშინ პრესას ოფიციალურად დაუდასტურა ის, რომ მანჩესტერელებს რობერტის ყიდვა უნდათ.

ცნობილია, რომ "დორტმუნდის" ხელმძღვანელებმა ლევანდოვსკის ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს, რაზეც ბართელი ამბობს, წინადადება მაინცდამაინც არ მოგვწონსო და იქვე ადასტურებს, რომ მის კლიენტს "მანჩესტერ იუნაიტედი" ეპატიჟება.

"დორტმუნდისთვის" მხოლოდ კაგავას დაკარგვაც უდიდესი დანაკლისია და თუ იაპონელთან ერთად გუნდს ჰუმელსი და ლევანდოვსკიც დატოვებენ, ეს, ფაქტობრივად, ბრწყინვალე გუნდის დაშლის წინაპირობა იქნება.

სწორედ ამიტომ "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე ამბობს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ლიდერები შევინარჩუნოთო. მისი თქმით, კაგავას წასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, ლევანდოვსკისა და ჰუმელსს კი დორტმუნდელები არაფრისდიდებით არ დათმობენ.

ბარიოსს პისარო შეცვლის?
ლევანდოვსკის შემცვლელის, ლუკას ბარიოსის წასვლა თვენახევრის წინ გადაწყდა - როგორც იცით, გაპარაგვაელებული არგენტინელი თავდამსხმელი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

შესაბამისად, "ბორუსიას" მისი შემცვლელი სჭირდება და "კიკერის" ინფორმაციით, დორტმუნდელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი სერიოზულად ფიქრობს "ვერდერის" ვეტერან ფორვარდ კლაუდიო პისაროზე, რომლის გადაბირებაზე მიუნხენის "ბაიერნისა" და გელზენკირხენის "შალკეს" ხელმძღვანელებიც ფიქრობენ.

33 წლის პისაროს საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და არც ჩქარობს, რადგან, როგორც ხედავთ, მთხოვნელების რიგი ნელ-ნელა იზრდება. აღსანიშნავია, რომ "ვერდერს" პერუელის შენარჩუნება უნდა. ბრემენელებმა მას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რაზეც პისაროს ჯერ არც უარი უთქვამს და არც თანხმობა.

ეჭვი იმის შესახებ, რომ კლაუდიომ "ვერდერიდან" წასვლა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, "მუსიკოსების" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა გააქარწყლა. ალოფსს ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ პისარო "ვერდერში" დარჩება და ამ კვირაში კლაუდიოსთან შეხვედრას გეგმავს.

"ბაიერნს" პისარო სათადარიგოთა სკამისთვის სჭირდება - მიუნხენელებს მარიო გომესის ღირსეული შემცვლელი არ ჰყავთ, თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმად, უპირატესობას ფრანგ ოლივიე ჟირუს ანიჭებენ და თუ ეს ტრანსფერი შედგა, ბავარიელები პისაროს დაბრუნებაზე აღარ იფიქრებენ.

პერუელი თავდამსხმელი დორტმუნდელებსაც სკამისთვის, ბარიოსის შემცვლელად სჭირდებათ, თუმცა "ბაიერნისგან" განსხვავებით, "ბორუსიაში" გადასვლის შემთხვევაში კლაუდიო ძირითად შემადგენლობაში უფრო ხშირად ითამაშებს.

აი, "შალკეში" კი პისაროს შეიძლება სასტარტოში თამაშის გარანტია მისცენ - გელზენკირხენელები ხომ რაულის შემცვლელს ეძებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული