ფრანკ რიბერი: ული ჰიონესს ჩემპიონთა ლიგის თასს მივართმევ!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები გერმანიის ჩემპიონობის დაკარგვას და გერმანიის თასის ფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" განცდილ კრახს (2:5) მხოლოდ იმ შემთხვევაში დაივიწყებენ, თუ მიუნხენური გრანდი მომავალ შაბათს ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

ევროპის ელიტური საკლუბო ლიგის დასკვნით მატჩში საკუთარ მოედანზე "ჩელსის" ძლევა ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ "ბაიერნმა" გერმანიაში ვიცე-კლუბის სტატუსი არ მიიღოს.

რეკორდმაისტერის ფეხბურთელებს ეს კარგად ესმით.

29 წლის ფრანგმა გარემარბმა ფრანკ რიბერიმ "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში სწორედ ამაზე ისაუბრა: "ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენშია და ჩვენ ამ ფინალის მონაწილეები ვართ. ეს მართლაც ზღაპარია,
რომელიც "ბაიერნისთვის" აუცილებლად "ჰეფი ენდით" უნდა დამთავრდეს. ვფიქრობ, "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა.

მჯერა, "ჩელსისთან" სეზონის საუკეთესო მატჩს ჩავატარებთ და ჩემპიონთა ლიგის თასს მიუნხენში დავტოვებთ,"
- უთხრა რიბერიმ "კიკერს".

ფრანგს "ჩელსისთან" ტრიუმფით, პირველ რიგში, "ბაიერნის" პრეზიდენტის, ული ჰიონესის გაბედნიერება უნდა: "გუნდის ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ "ბაიერნი" წარმატებული გრანდი იყოს და ჩვენ წარმატებების მისაღწევად საუკეთესო პირობები გვქონდეს შექმნილი.

თითოეულ მათგანს უდიდეს პატივს ვცემ, რადგან შვილივით მიყურებენ და მუდმივად მხარში მიდგანან. ისინი "ბაიერნით" და "ბაიერნისთვის" ცოცხლობენ.

ჩემპიონთა ლიგის თასი მათაც დაიმსახურეს! ყველაზე მეტად ული ჰიონესს ვაფასებ, მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ული ძალიან კარგად მიგებს და მიცნობს; იცის, რა დროს რა მჭირდება.

"ბაიერნისთვის" ყოველთვის ბოლომდე რომ ვიხარჯები, ეს ჰიონესის დამსახურებაცაა და მე მინდა, რომ ულის ჩემპიონთა ლიგის თასი მივართვა".


ვერაფერს იტყვი - შესანიშნავი სიტყვებია, მაგრამ რიბერიმ სიტყვას საქმეც უნდა მოაყოლოს. "ჩელსისთან" "ბაიერნის" წარმატება ხომ დიდწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული.

რუმენიგე: დაცვაში აღარავინ გვჭირდება
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის თასის ფინალში "ბაიერნის" დაცვის ხაზმა სამარცხვინოდ ითამაშა (ეს მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის სიტყვებია), რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით, დანტეს ტრანსფერით "ბაიერნის" დაცვის ხაზის გაძლიერება დასრულდა.

როგორც იცით, ბრაზილიელი დანტე მიუნხენელებმა "გლადბახიდან" გადაიბირეს და ეს უკანასკნელი გუნდს ზაფხულში შეუერთდება. სხვა მცველის ყიდვას კი რუმენიგე კატეგორიულად გამორიცხავს.

"ნახევარმცველი შაჩირი და მცველი დანტე უკვე გავიფორმეთ, ახლა კი მეკარის საკითხზე ვმუშაობთ", - უთხრა რუმენიგემ "კიკერს".

როგორც იცით, ბავარიული გრანდის მეორე კიპერმა ჰანს-იორგ ბუტმა კარიერა დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანუელ ნოიერს ახალი შემცვლელი სჭირდება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ბაიერნის" მეორე მეკარე ჰოფენჰაიმელი ტომ შტარკე იქნება.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა "დორტმუნდთან" 2:5-ის შემდეგ, რომ "ბაიერნს" დაცვაში გაძლიერება კიდევ სჭირდება, რუმენიგემ ასე უპასუხა: "მინდა, ყველას შევახსენო, რომ ბუნდესლიგაში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 22 გოლი გავუშვით.

ბადშტუბერი, ბოატენგი, ვან ბუიტენი, დანტე - ამ ოთხ ცენტრალურ მცველს 100 პროცენტით ვენდობით და სხვა უკანახაზელის ყიდვას აღარ ვაპირებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული