ლევან კობიაშვილის საქმე ცუდადაა!

AutoSharing Option
დიუსელდორფის "ფორტუნას" და ბერლინის "ჰერტას" დავა წესით 18 მაისს უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სასამართლომ განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო - განხილვა და მოწმეების მოსმენა შუადღისას დაიწყო და საღამომდე გასტანა, რის შემდეგაც მოსამართლე ჰანს ლორენცმა განაცხადა, მიუხედავად ცაიტნოტისა, გადაწყვეტილებას დღეს ვეღარ მივიღებთო.

ამრიგად, ორშაბათს გაირკვევა, რა ბედი ელით "ფორტუნას" და "ჰერტას". სულ სამი ვარიანტია: 1. დიუსელდორფში დაფიქსირებული შედეგი (2:2) ჩაითვლება და "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდება, ხოლო "ფორტუნა" კი ელიტაში აღზევდება; 2. დაინიშნება გადათამაშება ნეიტრალურ სტადიონზე და მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე
ჩატარდება; 3. "ჰერტას" ჩაეთვლება მოგება, რაც ყველა ექსპერტის თქმით, თითქმის გამორიცხულია.

თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ლევან კობიაშვილის ბედი გვაღელვებს. გუშინდელ განხილვაზე ლევანი არ იყო გამოძახებული, მაგრამ მასზე ბევრი ისაუბრეს - სამწუხაროდ, კობიზე კარგი არაფერი უთქვამთ.

მატჩის არბიტრმა ვოლფგანგ შტარკმა სასამართლოს წინაშე კობის ოფიციალურად დასდო ბრალი მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევანს 6 კვირიდან 2 წლამდე
დისკვალიფიკაციისა და სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდის საფრთხე ემუქრება.

"მსაჯების გასახდელისკენ მიმავალს, "ჰერტას" ფეხბურთელები მომსდევდნენ. ისინი სასტიკად მლანძღავდნენ და ისეთი სიტყვებით მაგინებდნენ, გამეორება მიჭირს.

სწორედ ამ დროს, ლევან კობიაშვილმა მუშტი მომიქნია. გვერდზე გავიწიე, მაგრამ მისი მუშტი კისერში მომხვდა. რომ არა მოაჯირი, ამ დარტყმისგან კიბეზე დავგორდებოდი. ეს იყო დაახლოებით 6-მეტრიანი კიბე,"
- თქვა 42 წლის ფიფას არბიტრმა. დარტყმისგან მას კისრის არეში სისხლჩაქცევა გაუჩნდა და დახმარენა "ფორტუნას" ექიმებმა აღმოუჩინეს.

შტარკი: "ჩემზე ფაქტობრივად ნადირობა იყო გამოცხადებული. კრისტიან ლელიც ხელით შემეხო - მკლავი დამიჭირა და ბინძური ღორი მიწოდა.

იქვე იყო ანდრე მიატოვიჩიც, რომელიც ღრიალებდა და ონანისტს მიწოდებდა. მსაჯებმა გასახდელში ძლივს შევაღწიეთ და კარი დავკეტეთ.

ბერლინელ ფეხბურთელებს კარის შემომტვრევა სურდათ და ჩვენ კარს მაგრად ვიჭერდით. მივხვდი, რომ კართან მიატოვიჩი და "ჰერტას" მეკარე კრაფტი იყვნენ.

ისინი ღრიალებდნენ, კარს ხელ-ფეხს ურტყამდნენ და ყვიროდნენ, "შტარკ, შე უკანალის ხვრელოო!" ძალიან შემეშინდა, ცრემლები წამომივიდა და შეურაცხყოფილი ტუჩებს ვიკვნეტდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში ასეთი რამ შემემთხვეოდა."


შტარკის ასისტენტი, მიკე პიკელი: "ჰერტას" ფეხბურთელები გადარეულები იყვნენ. მე დავინახე, როგორ დაარტყა კობიაშვილმა შტარკს, ლელმა კი ხელი ისე წაავლო, რომ ვოლფგანგმა თავი ძლივს დააღწია.

ამ დროს, ბერლინელები სასტიკი სიტყვებით ილანძღებოდნენ. მიატოვიჩმა შეურაცხყოფა კიბესთან მოგვაყენა, მერე გასახდელთან კიდევ რამდენიმე ბერლინელი დაგვხვდა - ყველანი გვიტევდნენ. მათ გასახდელში შემოჭრა სურდათ, ჩვენ კი კარს ვიჭერდით."


როგორც ხვდებით, შტარკის ახსნა-განმარტებამ ლევან კობიაშვილი ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო. მსაჯზე ხელის აღმართვა მას ალბათ ძვირად დაუჯდება. თუმცა კობი "თავისი სიმართლის" (ეს ლევანის სიტყვებია) დამტკიცებას ეცდება. მის სასარგებლოდ ამ შემთხვევაში მხოლოდ ის მეტყველებს, რომ არცერთ ფოტოზე და არცერთ ვიდეო-ჩანაწერში არ ჩანს, როგორ აყენებს კობი შტარკს ფიზიკურ ან თუნდაც მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ფაქტია ისიც, რომ იმ ადგილზე, სადაც შტარკის თქმით მას ლევანმა დაარტყა, ვიდეო-კამერები დამონტაჟებული არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თვითონ კობიაშვილს რატომ არ უკავშირდებით? ჰერტას საიტზე კობის საერთოდ არ ახსენებენ.
waska
13:03 19-05-2012
0
საინტერესოა. კობიაშვილი ასეთ საქციელში შემჩნეული მგონი არ ყოფილა მანამდე. რამ გადარია?! მიჭირს დაჯერება.
odala
02:18 20-05-2012
0

სიახლეები პოპულარული