მიუნხენში დიდ ტრანსფერებს გეგმავენ

AutoSharing Option
მეორე ადგილი ბუნდესლიგაში და წაგებული ფინალები გერმანიის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში - "ბაიერნს" ამ სეზონში "ლევერკუზენი 2002" დაემართა.

შესაბამისად, ლოგიკურია ის, რაც მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ თქვა - ზაფხულში გუნდი მაგრად უნდა გავაძლიეროთო.

ამის თქმა და მოქმედების დაწყება ერთი იყო: "ბაიერნის" ხელმძღვანელები ტრანსფერებზე მუშაობას შეუდგნენ.

რეკორდმაისტერისთვის ყველაზე პრიორიტეტული თავდასხმის გაძლიერებაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ივიცა ოლიჩი "ვოლფსბურგში" მიდის და შესაბამისად, მარიო გომესს შემცვლელი სჭირდება, რადგან რამე რომ მოხდეს, ბავარიელები გამოუცდელი ნილს პეტერსენის იმედად ვერ იქნებიან და
თანაც, მიუნხენიდან წასვლა ამ უკანასკნელსაც უნდა (პეტერსენს "ვერდერი" ეპატიჟება).

ამ სეზონმა გამოაჩინა, რომ გომესს არა მარტო ხეირიანი შემცვლელი, არამედ ძლიერი კონკურენტიც სჭირდება, რათა თავი მშვიდად არ იგრძნოს.

ჟირუს ნაცვლად მაინც პისარო?
"კიკერის" ინფორმაციით, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები "მონპელიეს" 25 წლის გოლეადორ ოლივიე ჟირუზე სერიოზულად აღარ ფიქრობენ, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იმდენად არ მოეწონათ, რომ მასში დიდი თანხა გადაიხადონ.

შესაბამისად, "ბაიერნში" აქტუალური გახდა "ვერდერის" 33 წლის თავდამსხმელის, კლაუდიო პისაროს საკითხი, რომლის გადაბირება "შალკესაც" (რაულის შემცვლელად) სურს.

აღსანიშნავია, რომ თავად პისარო უპირატესობას "ბაიერნს" ანიჭებს და მეტიც: ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ პერუელის მიუნხენში დაბრუნება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

სიტიმ ბაიერნს ჯეკო შესთავაზა
პისარო გომესის შემცვლელად გამოდგება, მის კონკურენტად კი - არა! ანუ კლაუდიოს "ბაიერნში" ისეთივე როლი ელის, რაც ოლიჩს ჰქონდა. სწორედ ამიტომ ჩვენი გერმანელი კოლეგები არ გამორიცხავენ, რომ მიუნხენელებმა კიდევ ერთი ახალი სუპერფორვარდი შეიძინონ.

"ზუდდოიჩე ცაითუნგის" ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელებმა "ბაიერნს" ედინ ჯეკო შესთავაზეს.

26 წლის ბოსნიელი თავდამსხმელი ინგლისის ჩემპიონში იშვიათად თამაშობდა და როგორც ირკვევა, "სიტის" მისი თავიდან მოშორება უნდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, რობერტო მანჩინიმ თვალი რობინ ვან პერსის დაადგა, ჯეკოს კი დღესვე სიამოვნებით გაყიდდაო.

ხსენებული გაზეთი წერს, რომ "სიტის" ხელმძღვანელები მიუნხენელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და ჯეკო შესთავაზეს, რაც ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რადგან ორი წლის წინ "ბაიერნს" ბოსნიელი გოლეადორის გადაბირება ძალიან უნდოდა.

"ზუდდოიჩეს" ინფორმაციით, "სიტიმ" ჯეკო დორტმუნდის "ბორუსიასაც" შესთავაზა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანიის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ედინის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს - ერთ ფეხბურთელში ამდენი ფულის გადახდა "ბორუსიას" პოლიტიკას და კონცეფციას ხომ სასტიკად ეწინააღმდეგება. "ბაიერნის" ბოსები კი ჯეკოზე სერიოზულად დაფიქრებულან.

ფიქრები ხავი მარტინესზე
უახლესი ინფორმაციით, "ბაიერნის" ხელმძღვანელები სერიოზულად დაფიქრდნენ ბილბაოს "ატლეტიკის" ლიდერ ხავი მარტინესზე, რომელიც სიმაღლეში 1.90 მეტრია და არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

23 წლის მარტინესი ნომინალურად საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ ძალიან კარგად გამოიყურება დაცვის ცენტრშიც და ამავდროულად, ეხერხება გოლების გატანაც. ყველა ეს ფაქტორი და ახალგაზრდული ასაკი "ბილბაოს" ფეხბურთელს ერთ-ერთ უძვირფასეს მოთამაშედ აქცევს - ბასკები მას 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან.

"კიკერის" ცნობით, "ბაიერნის" სკაუტები ხავი მარტინესს (შვიდი მატჩი ესპანეთის ნაკრებში) არაერთხელ დააკვირდნენ და მისი თამაშით აღფრთოვანებულები არიან.

პრიმერადივიზიონში მას 201 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი, გასულ სეზონში კი 31 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. "ბილბაომ" მარტინესი 2006 წელს "ოსასუნადან" 6 მილიონ ევროდ იყიდა - მაშინ ხავი 18 წლის იყო და მას მერე "ატლეტიკის" ძირითადი შემადგენლობის წევრია.

ახალი შეტევა ჰიოვედესზე
ჰიონესი და ვიცე-პრეზიდენტი რუმენიგე ხვდებიან, რომ გაძლიერება დაცვის ხაზსაც სჭირდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჰოლგერ ბადშტუბერი დისკვალიფიცირებული იყო, დანიელ ვან ბუიტენი კი ტრავმირებული და რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი იძულებული გახდა, დაცვის ცენტრში ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი გაემწესებინა.

"ბილდის" ინფორმაციით, ბავარიელები ზაფხულში კიდევ ერთხელ შეეცდებიან "შალკეს" უკანახაზელის, ბენედიქტ ჰიოვედესის (24 წლის, კონტრაქტი 2014 წლამდე) გადაბირებას.

"ბილდი" წერს, "ბაიერნი" მზადაა, "შალკეს" 5 მილიონი ევრო გადაუხადოს და თან მარჯვენა მცველი რაფინია დაუთმოსო. ფაქტია, რომ მიუნხენურ გრანდს ბრაზილიელი არ გამოადგა - "ბაიერნმა" რაფინია შარშან "ჯენოადან" 5.3 მილიონად იყიდა.

"ბილდის" ცნობით, "შალკეს" ხელმძღვანელები ამ ვარიანტზე ფიქრობენ, მაგრამ მენეჯერ ჰორსტ ჰელდტს ექს-შალკელი რაფინია არ მოსწონს. ცნობილია, რომ "ბაიერნს" ჰიოვედესის გადაბირება შარშან და შარშანწინაც სურდა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენურმა კლუბმა მომავალი სეზონისთვის უკვე დაიბევა შემდეგი ფეხბურთელები: ნახევარმცველი ჯერდან შაჩირი (20 წლის, ბაზელიდან), მცველი დანტე (28/გლადბახიდან) და მეკარე ტომ შტარკე (31/ჰოფენჰაიმიდან).

ბრენო, პრანიჩი და უსამიც წავიდნენ
გუშინ, ჰოლანდიის ნაკრებთან ტესტ-მატჩის შემდეგ, რეკორდმაისტერი ექვს ფეხბურთელს დაემშვიდობა.

როუვენ ზატელმაიერის, ჰანს იორგ ბუტის (კარიერა დაამთავრეს) და ოლიჩის (ვოლფსბურგში მიდის) წასვლა ადრევე გადაწყდა, გუშინ კი საბოლოოდ დადასტურდა, რომ "ბაიერნიდან" ბრენო, დანიელ პრანიჩი და ტაკაში უსამიც მიდიან.

ბრენოს და პრანიჩს კონტრაქტები დაუმთავრდათ და მათი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, უსამის კი გაანათხოვრებენ.

ბრენოს წასვლით "ბაიერნში" "დიდი გაუგებრობა" მთავრდება - როგორც იცით, რეკორდმაისტერმა დღესდღეობით 22 წლის ბრაზილიელ მცველში თავის დროზე 12 მილიონი ევრო გადაიხადა და ბრენოს მიუნხენში ამ თანხიდან ერთი ცენტის საქმეც არ გაუკეთებია.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბრენო საკუთარი ვილის გადაწვაშია ბრალდებული და გამორიცხული არაა, რომ მალე თავი ციხეში ამოჰყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული