იუპ ჰაინკესის ბოლო სეზონი

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" მომავალ სეზონშიც იუპ ჰაინკესი უთავკაცებს, მაგრამ 2013 წლის ბოლოს "დონ იუპს" კონტრაქტი უმთავრდება და საკითხავია, ვინ იქნება რეკორდმაისტერის დამრიგებელი 2013/14 წლების სეზონიდან? დღევანდელი გადასახედიდან საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები ახალ მწვრთნელს დანიშნავენ.

"ჯერ მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ მომავალ სეზონში "ბაიერნმა" წარმატებებს სწორედ ჰაინკესთან ერთად უნდა მიაღწიოს. თუ მაინცდამაინც კონკრეტული პასუხის მოსმენა გსურთ, შემიძლია გითხრათ, რომ გაისად ამ დროს, სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი გვეყოლება," - განუცხადა რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გაზეთ "ველტს".

არადა, რამდენიმე დღის წინ "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა
კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, გამორიცხული არაა, რომ იუპი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კიდევ დიდხანს დავტოვოთო.

ჰიონესის თქმით, ჰაინკესის ასაკი მასზე, სავარაუდოდ, უარის თქმასთან არაფერ შუაშია - ჩვენ მწვრთნელებს სხვა კრიტერიუმებით ვაფასებთო.

"ველტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ული იმასაც ამბობს, რომ მომავალი სეზონისთვის ჰაინკესს რამდენიმე კარგ ფეხბურთელს უყიდის, რათა მომავალ სეზონში მიუნხენური გრანდი უტიტულოდ აღარ დარჩეს.

ული საგანგაშოს ვერაფერს ხედავს
"გუნდის გაძლიერებას მიზანმიმართულად ვაპირებთ. წყალში გადასაყრელი ფული არ გვაქვს და არც ის გვინდა, რომ ზედმეტად ბევრი ახალი ფეხბურთელი შევიძინოთ," - აცხადებს ჰიონესი და შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერმა დანტეს, ჯერდან შაჩირის, ტომ შტარკეს და კლაუდიო პისაროს სახით, ოთხი ახალი ფეხბურთელი უკვე დაიბევა.

ამ დღეებში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ბავარიელები "მანჩესტერ სიტის" ბოსნიელ თავდამსხმელ ედინ ჯეკოსაც უმიზნებენ, რომელიც საფეხბურთო ევროპამ სწორედ ბუნდესლიგიდან (ვოლფსბურგში თამაშობდა) გაიცნო.

ჰიონესი მეტ მონდომებას "ბაიერნის" დღევანდელი შემადგენლობის წევრებისგანაც ითხოვს - თუ გვინდა, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" ზედიზედ მესამედაც არ წაგვართვას გერმანიის ჩემპიონობა, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება, ყველა ფეხბურთელი უკეთესად უნდა ათამაშდესო. მიუხედავად გასულ სეზონში უტიტულოდ დარჩენისა, ული "ბაიერნის" განვითარებას ჯამში ნეგატიურად მაინც არ აფასებს.

"რაც უნდა იყოს, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშეთ, ფინალისკენ მიმავალ გზაზე ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონები დავამარცხეთ, "ბაზელი" კი სულაც 7:0 გავანადგურეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის გუნდია, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯგუფში ჩატოვა," - ასეთია ჰიონესის არგუმენტები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული