ცნობები ბუნდესლიგიდან

AutoSharing Option

ზიანის ზიანი
"ვოლფსბურგის" გარემარბ ქარიმ ზიანის გუნდის ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: ალჟირელ ნახევარმცველს სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანაგუნდელებს მინიმუმ სამი თვის მანძილზე ვეღარ დაეხმარება. ეს ინფორმაცია გუშინ "ვოლფსბურგის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ზიანის ოპერაციას ამ დღეებში გაუკეთებენ.

აოგოს პაუზა გაუგრძელდა
"ჰამბურგის" მწვრთნელი არმინ ფეე, გუნდის ხელმძღვანელები და ფანები იმედოვნებდნენ, რომ მარცხენა მცველი დენის აოგო ოქტომბრისთვის გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ახალი დიაგნოზით, ახალგაზრდა უკანახაზელს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზეც იყო, მაგრამ გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებდნენ, კიდევ რამდენიმე კვირა დაისვენებს. 23 წლის
აოგო მუნდიალიდან ტრავმირებული დაბრუნდა, მაგრამ ერთი კვირის წინ ვარჯიში დაიწყო და წესით, მალე ჩრდილოგერმანული კლუბის განაცხადიც უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ტრავმა გაუმიზეზდა.

მაგათი ხუმრობს
მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგის პირველ ოთხ ტურში ოთხივე თამაში წააგო და ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურშიც მარცხი განიცადა, უმძიმესი წნეხის ქვეშ მოქცეული "შალკეს" მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს და გუშინ განაცხადა, საქმე იქამდე მიგვივიდა, რომ კრისტოფ მეტცელდერი ჩვენთვის ახლა იმედისმომცემი ფეხბურთელიაო. სხვა საქმეა, რამდენად გაეცინებოდა ამაზე თვითონ მეტცელდერს, ფაქტი კი ისაა, რომ გუშინ ამ განცხადებაზე მთელმა საფეხბურთო გერმანიამ იხალისა.

ბრუნდები, სიმონ?
დღეს "ლევერკუზენი" ბუნდესლიგის მეხუთე ტურში ფრანკფურტის "აინტრახტს" მასპინძლობს და დიდი შანსია, რომ საყრდენმა ნახევარმცველმა სიმონ როლფესმა "ფარმაცევტების" შემადგენლობაში რვათვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, პირველად ითამაშოს. მან ბოლო ოფიციალური თამაში 24 იანვარს ჩაატარა (ჰოფენჰაიმთან), სადაც მძიმე ტრავმა მიიღო და სწორედ ამის გამო ვერ იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე. სამაგიეროდ, "ლევერკუზენს" მიხაელ ბალაკისა და შტეფან კისლინგის სახით ორი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული