იურგენ კლოპი გუნდის წინაშე დასახულ ამოცანებზე საუბრობს

AutoSharing Option
"დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდის წინაშე დასახულ ამოცანებზე ილაპარაკა.

- როგორ მიდის მზადება ახალი სეზონისთვის? ყველაფრით კმაყოფილი ხართ?
- აბსოლუტურად. ამ მომენტისთვის ყველა თავის საქმეს აკეთებს. ევრო 2012-ის მონაწილეები სამკვირიანი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ და სეზონის დაწყებამდე ფორმაში შესვლას მოასწრებენ.

- რა შეგიძლიათ თქვათ სასელექციო სამუშაოებზე?
- ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ამიტომ ახალწვეულებს არ უჭირთ ჩვენთან შეგუება. გუნდი ისეთი ფეხბურთელებით შევავსეთ, რომელთაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ასპარეზობა და ვინც ჩვენი გუნდის სულისკვეთებას იზიარებს.

-
კიდევ თუ გეყოლებათ ახალი ფეხბურთელები?
- არა, შემადგენლობა უკვე სრულად დაკომპლექტებულია.

- რა განწყობაა გუნდში?
- კარგი განწყობა ყოველთვის გარკვეულ როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ ყველანი მობილიზებულნი არიან, რადგან სხვა თუ არაფერი, სეზონს სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ.

- ბუნდესლიგის დაწყებამდე გერმანიის თასის პირველი ეტაპი გელით. რას ელით ამ ტურნირისგან?
- ვისაც ბედნიერება ხვდა წილად, რომ ბერლინის ფინალს დასწრებოდა, ყველამ იცის, თუ რა მნიშვნელოვანია ეს გათამაშება. ჩვენ შარშან გავიმარჯვეთ იქ და წელსაც გვინდა, რაც შეიძლება შორს მოვახერხოთ გასვლა. თუმცა შორეული გეგმებზე მსჯელობა არასწორია. იქამდე "ობერნოილანდი" გველის.

- ბუნდესლიგის გამარჯვებულებს წელს რა გეგმები აქვთ ჩემპიონატში?
- ძალიან მარტივია: გვინდა, რომ მინიმუმ ჩემპიონთა ლიგაში მოვხვდეთ.

- თქვენი აზრით, ჩემპიონატს ვინ მოიგებს?
- ამის შესანიშნავი შანსი აქვს "ბაიერნს", მას შემდეგ ვართ ჩვენ, "შალკე", "ლევერკუზენი" და "შტუტგარტი".

- იმის გათვალისწინებით, რომ შარშან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეოთხე ადგილზე გახვედით, წელს რას აპირებთ?
- ბუნებრივია, პლეი ოფში გასვლას ვგეგმავთ, რათა ზამთრისთვის მონაწილეთა შორის ჯერ კიდევ ვირიცხებოდეთ. ძალიან გვინდა, შარშან დაშვებული შეცომების გამოსწორება მოვახერხოთ.

- არის თუ არა რომელიმე გუნდი, ვისთანაც ამ ეტაპზე განსაკუთრებით გინდათ დაპირისპირება? მაგალითად,
"მანჩესტერ იუნაიტედი", სადაც შინჯი კაგავა გადავიდა...
- ჩვენ მეოთხე კალათაში მოვხვდით. ასე რომ, საჭიროა, რომ რთული მატჩებისთვის მოვემზადოთ. ისე, შინჯისთან დაპირისპირება ნამდვილად კარგი იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული