ფილიპ ლამი: ქაღალდზე ყველაფერი იდეაულურადაა

AutoSharing Option
"ბაიერნის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა და ვიცე-კაპიტანმა ბასტიან შვაინშტაიგერმა მომზადება მიუნხენში გაიარეს ინდივიდუალური პროგრამით. ისინი გუნდს აზიურ შეკრებაზე არ გაჰყოლიან.

პირველი ინტერვიუ ფეხბურთელმა რეკორდმაისტერის ოფიციალურ ვებგვერდს მისცა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

- ფილიპ, როგორც ჩანს, მიუნხენში თქვენ მხოლოდ ვარჯიშებით არ იყავით დაკავებული. ორშაბათს კლუბის შეფმზარეულის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასაც დაესწარით.
- დიახ, მხიარული შეხვედრა გახლდათ. ხანდახან მომწონს კიდევაც ასეთი საღამოები. ისე ძირითადად შინ, მეუღლესთან ერთად ვსადილობ ხოლმე.

- სადილების მზადება გიყვართ?
- სიმართლე თუ გინდათ, ძალიან იშვიათად ვამზადებ რამეს. ძირითადად მეუღლეს ვეხმარები
სამზარეულოში. ამ მხრივ ის მე ბევრით მჯობია.

- შვებულების დროს რითი იყავით დაკავებული?
- დასვენება ზაფხულზე სულ რამდენიმე კვირა გვიწევს ხოლმე, ზამთარში კიდევ უფრო ცოტა, ასე რომ, მაქსიმალურად ვცდილობ ამ დღეების გამოყენებას. საბედნიეროდ ძალების ბოლომდე აღდგენა მოვასწარი.

- ბოლომდე მოახერხეთ განტვირთვა თუ მაინც გაგყვათ რამეზე დარდი?
- რაღაცნაირად ვახერხებ ხოლმე, რომ არაფერზე ვიფიქრო, მაგრამ მხოლოდ 1 კვირა, მაქსიმუმ 10 დღე. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღკვეთო ნებისმიერი ფიქრი სპორტულ თემატიკაზე. შემდეგ "შიმშილი" ისევ იწყება და მოედანზე დაბრუნებას სულმოუთქმელად ელი.

- ჩოგბურთის თამაში გიყვართ, ასეა არა?
- ამ ზაფხულს კორტზე გასვლა 7-ჯერ მოვახერხე და იქ მინიმუმ 2 საათს ვატარებდი. ეს მხოლოდ განტვირთვა არ არის. თამაშის დროს მოკლე გარბენები ხშირად გიწევს, რაც ძალიან ჰგავს საფეხბურთოს. ასე რომ, გარკვეულწილად ჩემთვის მომზადებაც არის.

- გუნდთან ერთად ჩინეთში არ ყოფილხართ...
- ამ თემაზე მწვრთნელთან ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე ვილაპარაკე. რამდენიმე წელიწადია, პრაქტიკულად, პაუზის გარეშე ვთამაშობ, სწორედ ამიტომ ჩემთვის უკეთესი იყო, რომ ეს შეკრება გამომეტოვებინა.

- მიუნხენში მზადების პირველმა კვირამ როგორ ჩაიარა?
- ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, თანაც დღეში ორჯერ, ოღონდ ოთხშაბათს ვისვენებდი. აქცენტი უფრო ამტანობაზე გავაკეთე. ოთხშაბათობით დუბლიორებთან ერთად ბურთით ვემზადებოდი.

- თასის პირველ ეტაპზე
"რეგენსბურგთან" მატჩამდე (20 აგვისტო. რედ.) ცოტა დრო დარჩა. გეყოფათ ფორმაში შესასვლელად?
- არ იქნება პრობლემა, რადგან კარგა ხანია, რაც ასეთი გრძელი მოსამზადებელი პერიოდი არ მქონია. სხვა საქმეა, რამდენად იქნებიან ფორმაში ნაკრების სხვა წევრები. ჩინეთში მოგზაურობა საკმაოდ დამღლელი იქნებოდა. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სიტუაცია ბევრად უფრო რთული იყო.

- რას ფიქრობთ სპორთულ დირექტორად მათიას ზამერის დანიშვნაზე?
- მას ჯერ კიდევ "შტუტგარტში" თამაშის პერიოდიდან ვიცნობ. ის ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო. ჩვენი გზები ნაკრებშიც იკვეთებოდა. ერთმანეთთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება გვქონდა და ახლაც ასეა.

- გაგიკვირდათ ეს გადაწყვეტილება?
- დიხ, ისევე როგორც სხვებს. ეს ამბავი იმ დღესვე გავიგე, როცა კრისტიან ნერლინგერი გაათავისუფლეს.

- არ გაკვირვებთ ის მომეტებული ინტერესი, რასაც მედია იჩენს საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით?
- არა, რადგან "ბაიერნისთვის" ეს ჩვეული მოვლენაა. ახალი ფეხბურთელი მოვა ჩვენთან თუ ფუნქციონერი, ეს განსჯის საგანი ყოველთვის ხდება ხოლმე და სულაც არ არის ცუდი, რადგან კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ გერმანიაში სწორედ "ბაიერნი" აწესებს სტანდარტებს.

- რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვიდა. რას ფიქრობთ სატრანსფერო გადაწყვეტილებებზე?
- ცხადია, რომ ახლა უკეთ ვართ დაკომპლექტებული, ვიდრე წინა სეზონში.

- პისაროსა და სხვების შეძენა
"ბაიერნის" თამაშს უფრო ძნელად განსაჭვრეტს გახდის?
- მინიმუმ იმის საშუალებას მაინც მოგვცემს, რომ ორი სქემა გამოვიყენოთ. პისას უკვე დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ კარგი ცენტრფორვარდია. ისიც და მანჯუკიჩიც თავით ძალიან კარგად თამაშობენ.

შაჩირის წყალობით ნახევარდაცვაშიც მეტი არჩევანი გვაქვს. დაცვაში დანტეს მოსვლის შემდეგ კონკურენცია გაიზარდა. ვაიზერს თითქმის ყველგან შეუძლია თამაში, შტარკე კი ნოიერს მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას.

ქაღალდზე ყველაფერი იდეალურად გამოიყურება, ახლა მთავარია, ეს ყველაფერი მოედანზე დავამტკიცოთ. ეს მხოლოდ ახალწვეულებს კი არა შარშანდელი შემადგენლობის ხალხსაც ეხება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული