შეძლებს დორტმუნდის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნის" ზედიზედ მეექვსედ დამარცხებას?

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" მიუნხენის "ბაიერნს" უკვე ზედიზედ ხუთჯერ მოუგო. გერმანიის სუპერთასის მატჩში იურგენ კლოპის შეგირდებს კვლავ სახელგანთქმული მეტოქის დამარცხება სურთ.

ჩვეულებრივ სიტუაციაში სუპერთასის გათამაშებას ამდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გერმანიაში გასული სეზონის შემდეგ სულ სხვა ვითარებაა. 12 აგვისტოს მიუნხენის "ალიანს არენაზე" ერთმანეთს დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი კი ბოლო დროს განსაკუთრებით პრინციპული გახდა.

დორტმუნდელებთან ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ "ბაიერნს" იურგენ კლოპის შეგირდების დამარცხება სწყურია. ეს ფაქტი და ტიტულის გარეშე ჩავლილი ორი სეზონი მიუნხენელთა ამბიციებს საკმაოდ ძლიერად "ურტყამს".

"ამ მატჩს შესაძლოა ჩვენი პირველი ნამდვილი გამოცდა ეწოდოს. დორტმუნდელებთან კიდევ ერთხელ არ უნდა დავმარცხდეთ. სუპერთასის მატჩში "დორტმუნდის" დამარცხებით ყველას უნდა შევახსენოთ, რადმენად ძლიერები ვართ", - აცხადებს "ბაიერნის" ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი.

"წარმომიდგენია რა სათაურები იქნება გერმანულ პრესაში, თუ ვერ მოვიგებთ", - ამბობს კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი და მისი გაგება იოლია.

დორტმუნდის "ბორუსია" კი თავისი მიუნხენელი მეტოქისათვის გერმანული ტახტის დათმობაზე სულაც არ ფიქრობს.

"თამაშისთვის ბოლომდე ვიქნებით განწყობილნი. ჩვენთვის მომგებიანი სერია იმდენად მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვება გვსურს", - ამბობს დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი. მას ასეთ მეტოქესთან შეხვედრაში თავისი გუნდის მოტივირება არც სჭირდება.

კლუბის პრეზიდენტ ჰანს იოახიმ ვატცკეს თქმით, ამ თამაშს უბრალოდ მოსამზადებელ შეხვედრას ვერ ვუწოდებთ.

"მსგავსი დაპირისპირებები ყოველთვის პრინციპულია. ამასთან, ტიტულზეა საუბარი", - აცხადებს ვატცკე.

"ბაიერნს" რამდენიმე სერიოზული სკადრო პრობლემა აქვს: მარიო გომესი საკმაოდ დიდი ხნით გამოაკლდა. დორტმუნდელებთან ბასტიან შვაინშტაიგერის თამაშიც საეჭვოა. ასევე მწყობრიდან გამოვიდნენ დიეგო კონტენტო და რაფინია, თუმცა ეს იუპ ჰაინკესის გუნდისთვის იმდენად მნიშვნელოვანი დანაკლისი არ არის.

"დორტმუნდს" სვენ ბენდერის გარეშე მოუწევს თამაში, რომელმაც 6 აგვისტოს ოპერაცია გაიკეთა. გუნდის სხვა ფეხბურთელებს ტრავმები არ აწუხებთ. საინტერესოა, როგორ ითამაშებს მარკო როისი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასული შინჯი კაგავას პოზიცია დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული