დორტმუნდის "ბორუსიას" წარმატებები და აღმაფრენა თვალთახედვის არედან არც გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს გამორჩა. ბუნდესმწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოვებული მატჩებისთვის (თურქეთთან და ყაზახეთთან) "დორტმუნდიდან" ახალგაზრდა ნახევარმცველი კევინ გროსკროიტცი გამოიძახა. ამასთან, იოგიმ ბუნდესგუნდში "მანჩესტერ სიტის" მცველი ჟერომ ბოატენგიც დააბრუნა. სამაგიეროდ, ლიოვმა ყურადღება არ მიაქცია ბუნდესლიგის სენსაციურ ლიდერ "მაინცს". თომას ტუხელის გუნდიდან გერმანიის ნაკრებში გამოძახების კანდიდატები ლუის ჰოლტბი და ანდრე შიურლე იყვნენ.
გროსკროიტცს ბუნდესგუნდის მაისურით ერთი მატჩი უკვე ჩატარებული აქვს - გერმანიის ნაკრებში მისი დებიუტი მაისში, მალტასთან შეხვედრაში (3:0) შედგა.
გერმანიის ნაკრები თურქეთს 8 ოქტომბერს, ბერლინში უმასპინძლებს, ოთხი დღის შემდეგ კი, ასტანაში ყაზახეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები - რენე ადლერი (ლევერკუზენი), მანუელ ნოიერი (შალკე), ტიმ ვიზე (ვერდერი).
მცველები - ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), ჟერომ ბოატენგი (მანჩესტერ სიტი), მარსელ იანსენი (ჰამბურგი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), საშა რიტერი (ვოლფსბურგი), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).
ნახევარმცველები - კევინ გროსკროიტცი (ბორუსია დ), სამი ხედირა (რეალი), ტონი კროოსი (ბაიერნი), მარკო მარინი (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (რეალი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), კრისტიან ტრეში (შტუტგარტი).
თავდამსხმელები - კაკაუ (შტუტგარტი), მარიო გომესი (ბაიერნი), მიროსლავ კლოზე (ბაიერნი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"