კლოზე ბაიერნიდან მიდის?

AutoSharing Option

გერმანიის ნაკრებისა და "ბაიერნის" თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ მიუნხენიდან აბარგებაზე ჩამოაგდო სიტყვა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს მას რეკორდმაისტერთან კონტრაქტი უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნის" დატოვება უფასოდ შეეძლება. საინტერესო ისაა, რომ მიროსთვის ახალი კონტრაქტი მიუნხენში ჯერ არავის შეუთავაზებია. შესაბამისად, 32 წლის ფორვარდი "ბაიერნის" რომელიმე კონკურენტში გადასვლასაც აღარ გამორიცხავს.

სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს და ისევ ისე გვაკვირვებს, როგორც ბოლო წლებში: კლოზემ ბუნდესლიგაში, "ბაიერნის" მაისურით ათ ოფიციალურ მატჩში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა, გერმანიის ნაკრებში კი, სამ შეხვედრაში ხუთჯერ შეძლო თავის გამოჩენა. ამ ყველაფრიდან

გამომდინარე კი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სანამ მირო ბუნდესგუნდში თამაშობს, მის იმიჯს საფრთხე არ ემუქრება, რადგან გერმანიის ნაკრების ფორმით (104 მატჩი ბუნდესგუნდში) გატანილი გოლები, მის "ბაიერნულ" უიღბლობას აბათილებენ.

"ჰო, ფაქტია, რომ "ბაიერნში" ნაკლებად მიმართლებს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს უთამაშებლობის ბრალია. აი, გერმანიის ნაკრებში ყოველთვის ვთამაშობ და ხომ ხედავთ, გოლებიც უხვად გამაქვს," - ამბობს კლოზე.

ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვის აზრით, გერმანიის ნაკრების თამაში და ტაქტიკა პირდაპირ კლოზესკენაა მიმართული, თუკი ცენტრფორვარდად მირო თამაშობს, "ბაიერნს" სხვანაირი ტაქტიკა აქვს - ისეთი, სადაც ტიპურ ცენტრფორვარდებს არასდროს უმართლებთ.

"მიროს გერმანიის ნაკრებში მეტი თავისუფლება აქვს, "ბაიერნში" კი უმეტესად შეზღუდულია ხოლმე," - ასკვნის ლიოვი.
სწორედ ამიტომ ალაპარაკდა მირო "ბაიერნიდან" წასვლაზე. "ყველაფრისთვის მზად ვარ. არც იმაზე ვიტყვი უარს, რომ რეკორდმაისტერთან კონტრაქტი კიდევ ერთხელ გავაგრძელო და არც იმის წინააღმდეგი ვარ, რომ მიუნხენიდან წავიდე. ნამდვილად არ იქნება ურიგო, რომ ბუნდესლიგის რომელიმე სხვა კლუბში გადავიდე," - ამბობს კლოზე და იქვე დასძენს, რომ მისთვის პრიორიტეტული ისევ და ისევ გერმანიის ნაკრებია - მთავარია, ბუნდესგუნდში მუდმივად ვითამაშო და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ვიასპარეზოო.

შეგახსენებთ, რომ მიროს გერმანიის ნაკრებში 57 გოლი აქვს გატანილი და აბსოლუტურ რეკორდამდე, რომელიც გერდ მიულერს ეკუთვნის, 11 გოლი აკლია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული