"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. 26 წლის ნახევარმცველმა გუშინ ინდივიდუალურად ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებულია. ბასტიანმა ტრავმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩში მიიღო, რომელიც რეკორდმაისტერმა "ვესტფალენშტადიონზე" 0:2 წააგო.
მიუხედავად გუშინდელი სირბილისა, ჯერ მაინც უცნობია, იასპარეზებს თუ არა შვაინშტაიგერი ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ("ბაიერნი" შაბათს "ჰანოვერს" ხვდება). შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო შვაინი გერმანიის ნაკრებს გამოაკლდა - მან ვერც თურქეთთან (3:0 ბუნდესგუნდის სასარგებლოდ) ითამაშა და არც გუშინ (ყაზახეთთან) უასპარეზია.