დაწყევლილი შვაბები

AutoSharing Option

ერთი წლის წინ "შტუტგარტი" დაახლოებით ისეთივე შავ დღეში იყო, როგორშიც დღესაა - სეზონი ცუდად დაიწყო და კრიზისი ნელ-ნელა გაურღმავდა, რის გამოც, 2009 წლის მიწურულს, შვაბური კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი მარკუს ბაბელი (დღეს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული ბერლინის "ჰერტას" თავკაცია) გაათავისუფლეს და მოგვიანებით მის ნაცვლად შვეიცარიელი სპეციალისტი კრისტიან გროსი დანიშნეს. ეს 6 დეკემბერს მოხდა, რის შემდეგაც "შტუტგარტმა" გასული სეზონის მეორე წრეში ბრწყინვალედ იასპარეზა - როცა გროსმა გუნდი ჩაიბარა, შვაბები ბოლო ადგილზე იყვნენ და მეორე წრეში ნაჩვენები საუკეთესო შედეგების გამო, საბოლოოდ ევროპის ლიგის

საგზური მოიპოვა.

დაიწყო ახალი სეზონი და "შტუტგარტელები" ფანებისთვის ისევ იმედების გაცრუებას შეუდგნენ. ახალ სეზონში შვიდი ტურია ჩატარებული და გუნდი მხოლოდ სამი ქულით ბოლო ადგილზეა. შესაბამისად, ხელმძღვანელების მიერ გუშინ გადადგმული ნაბიჯიც ლოგიკურია: შვაბებმა კრისტიან გროსი გაათავისუფლეს! ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ გუნდი თავის დროზე მარკუს ბაბელმაც მეორე წრეში (ოღონდ, 2008/2009 წლების სეზონში) ჩაიბარა და ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია, ოღონდ მომდევნო სეზონი დაიწყო ამაზრზენად, რასაც მოჰყვა კიდეც მისი გათავისუფლება, რაზეც ზემოთაც ვწერდით. მოკლედ, ასე და ამგვარად, "შტუტგარტში" ისტორია კიდევ ერთხელ (უკვე მესამედ) ზედმიწევნით ზუსტად განმეორდა.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა გზა არ ჰქონდა და გროსი საშინელი, ყველასათვის მიუღებელი შედეგების გამოა გათავისუფლებული. არადა, VFB-ს ამ უქმეებზე უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის კრიზისში მყოფ კიდევ ერთ კლუბთან, "შალკესთან". ცნობილია, რომ ამ შეხვედრაში "შტუტგარტს" დროებითი მწვრთნელი, გროსის ყოფილი ასისტენტი იენს კელერი უთავკაცებს, მერე კი შვაბები ახალ მთავარ მწვრთნელს იპოვნიან.

"მხოლოდ სამი ქულა შვიდი ტურის შემდეგ - "შტუტგარტი" ასეთ მძიმე ვითარებაში აქამდე არასდროს ყოფილა. შესაბამისად, გადადგმული ნაბიჯი ლოგიკურია," - ეს სიტყვები კლუბის პრეზიდენტ ერვინ შტაუდტს ეკუთვნის. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ტრაგი-კომედია?

სასაცილოა ისიც, რომ შვაბები ევროპის ლიგაზე საკმაოდ კარგად ასპარეზობენ, ორი კვირის წინ "ოდენსე" 2:1 დაამარცხეს და თავიანთ ჯგუფში ფავორიტის სტატუსს ამართლებენ, ბუნდესლიგაში კი აუტსაიდერები არიან. ჩვენი გერმანელი კოლეგები საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ გროსმაც ბაბელის ბედი გაიზიარა - მას ფეხბურთელების გარკვეული ჯგუფი აუმხედრდა და გუნდში დღესაც არაჯანსაღი ვითარებაა.

რაც შეეხება დროებით თავკაც იენს კელერს - ეს პიროვნება ბუნდესლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში ყველასათვის უცნობია. ისე კი, კელერი ჯერ 1990-დან 1992 წამდე, მერე კი 1998-დან 2000 წლამდე "შტუტგარტის" ფეხბურთელი იყო და გარდა შვაბური გუნდისა, "მიუნხენ 1860-ში", "ვოლფსბურგში", "კიოლნსა" და ფრანკფურტის "აინტრახტში" უთამაშია. პირველ ბუნდესლიგაში 142 მატჩში 2 გოლი აქვს გატანლი, მეორე ბუნდესლიგაში კი, 115 შეხვედრაში 6 გოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული