კიოლნი-ბორუსია - მატჩის წინ

AutoSharing Option

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რაოდენ დიდხანს ელოდებოდნენ დორტმუნდის "ბორუსიას" ქომაგები იმას, რისი შანსიც დღეს ვესტფალიურ კლუბს ეძლევა. ალბათ მიხვდით, რომ საქმე ბუნდესლიგაში გალიდერებას, პირველ ადგილზე აღზევებას ეხება. იმასაც მიხვდებოდით (თუკი არ იცოდით), დორტმუნდელები მერვე ტურის მატჩს დღეს, პარასკევს ატარებენ. და მერე რა, რომ ლიდერობა, შესაძლოა, დროებითი გამოდგეს - "მაინცი" ხომ ხვალ თამაშობს.

ფაქტია, რომ ამ შანსს BVB-ს თავკაცი იურგენ კლოპიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ელოდა. ერთი სიტყვით, თუკი "ბორუსია" დღეს კიოლნიდან (მატჩი ჩვენი დროით 22:30-ზე იწყება) სამ ქულას წაიღებს (ეს დორტმუნდელებისთვის ზედიზედ

მეშვიდე გამარჯვება იქნებოდა), 43 წლის კლოპი მწვრთნელის რანგში პირველად გალიდერდება. გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო და პროგრესულ სპეციალისტად მიჩნეულ იურგენს ბუნდესლიგის ლიდერობა აქამდე არასდროს ღირსებია - არც "ბორუსიაში" და არც მანამდე, "მაინცში".

დორტმუნდელები კი გერმანიის სატურნირო ცხრილს სათავეში ბოლოს სულაც 836 დღის წინ ედგნენ. მიუხედავად იმისა, რომ "შავ-ყვითლები" ძალიან კარგ ფორმაში არიან, კლოპი შეგირდებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს და თითოეულ ფეხბურთელს აფრთხილებს, რომ "კიოლნის" დამარცხება ძალიან რთულია - მიუხედავად იმისა, რომ "თხები" ნამდვილად არ არიან კარგ დღეში ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფებიან.

"კიოლნი" ახლა უმძიმესი წნეხის ქვეშაა და ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ სამი ქულა არ დაგვითმოს. თანაც, უნდა ვთქვა, რომ ეს გუნდი ბოლო დროს საკმაოდ კარგად თამაშობს და წესით, აქტივში უფრო მეტი ქულა უნდა ჰქონდეს. კარგ ფორმაშია ლუკას პოდოლსკიც, რაც მან გერმანიის ნაკრებშიც დაადასტურა, - აცხადებს "ბორუსიას" დამრიგებელი და იქვე დასძენს, - მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "კიოლნის" გვეშინია, ან უნდა გვეშინოდეს."

ცხადია, "კიოლნი" ამბიციური გუნდია, მაგრამ სერიოზული პრობლემები აქვს. მთავარი პრობლემა ფეხბურთელების ერთნაირობაა. გუნდში თამაშობენ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან მეკარე მონდრაგონი, მცველი მოჰამადი, ნახევარმცველი პეტიტი ან თავდამსხმელი პოდოლსკი, მაგრამ გუნდს ლიდერი არ ჰყავს - ყოველ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერცერთი მოთამაშე ვერ იღებს. მთავარი მწვრთნელი ზვონიმირ სოლდო ჩივის, ფეხბურთელები თვითკმაყოფილები არიანო. თუმცა "კიოლნი" საკუთარ მოედანზე ყოველთვის და ყველასათვის საშიში გუნდია.

სავარაუდო შემადგენლობები
კიოლნი (4-1-4-1): მონდრაგონი - ბრეჩკო, ჟერომელი, მოჰამადი, ერეთი - პეტიტი - კლემენსი, ლანიგი, მატუშიკი, ჟაჟალო - პოდოლსკი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, გროსკროიტცი - ბარიოსი.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. მაინცი 7 7 0 0 18-7 21
2. ბორუსია (დ) 7 6 0 1 18-5 18
3. ჰანოვერი 7 4 1 2 11-8 13
4. ლევერკუზენი 7 3 3 1 15-12 12
5. ფრაიბურგი 7 4 0 3 11-11 12
6. ჰოფენჰაიმი 7 3 2 2 13-10 11
7. ჰამბურგი 7 3 2 2 12-11 11
8. ვოლფსბურგი 7 3 1 3 12-11 10
9. ზტ. პაული 7 3 1 3 8-8 10
10. აინტრახტი 7 3 0 4 11-9 9
11. ნიურნბერგი 7 2 3 2 7-8 9
12. ბაიერნი 7 2 2 3 5-8 8
13. ვერდერი 7 2 2 3 11-16 8
14. კაიზერსლაუტ. 7 2 1 4 9-13 7
15. ბორუსია (მ) 7 1 3 3 11-20 6
16. კიოლნი 7 1 2 4 7-13 5
17. შალკე 7 1 1 5 8-14 4
18. შტუტგარტი 7 1 0 6 12-15 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული