გერმანია. ბუნდესლიგა. პარასკევის მატჩის წინ: ბუნდესლიგის კლასიკა მიუნხენში

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელი ტური 14 დეკემბერს ძალიან საინტერესო მატჩით დაიწყება: "ბაიერნისა" და "გლადბახის" დუელი ხომ ბუნდესლიგის კლასიკაა.

რატომ? იმიტომ, რომ 1963 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც ბუნდესლიგა დაარსდა, მიუნხენურ გრანდს ყველაზე მეტი ჩემპიონობა აქვს მოპოვებული (21), მეორე-მესამე ადგილებს კი ამ მხრივ სწორედ მიონხენგლადბახისა და დორტმუნდის "ბორუსიები" იყოფენ (5-5).

მიუხედავად იმისა, რომ წინ სეზონის მთელი მეორე ნახევარია, აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ "ბაიერნი" მორიგ ტიტულს მოიპოვებს, რადგან რეკორდმაისტერი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და მე-17 ტურის წინ მეორეადგილოსან "ლევერკუზენს"
უკვე 11 ქულით უსწრებს.

"ჩვენ არ მოვდუნდებით და ყველა შეხვედრაში მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიქნებით", - აცხადებს "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარასკევს საღამოს "გლადბახს" ურთულესი ბრძოლა ელის.

მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაინკესმა განსაკუთრებით თავისი გუნდის დაცვის ხაზი აქო, რაც ლოგიკურია, რადგან "ბაიერნს" 16 ტურში მხოლოდ ექვსი გოლი აქვს გაშვებული.

თუმცა ბოლო დროს "გლადბახიც" დასტაბილურდა და ექსპერტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ "ბორუსიას" მიუნხენში წარმატების მიღწევა შეუძლია - წარმატება კი ამ გუნდისთვის ფრეც იქნება.

ფაქტია, რომ "გლადბახს" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო დროს ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

"ამ სეზონში ჯერაც ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო თამაში. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც, იმედია, სწორედ მიუნხენში გამოვავლენთ", - ეს სიტყვები მიონხენგლადბახელთა თავდამსხმელ მაიკ ჰაინკე ეკუთვნის.

პრემია მორიგი რეკორდისთვის
"ბილდის" ინფორმაციით, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები ფეხბურთელებს განსაკუთრებულ პრემიას შეპირდნენ იმ შემთხვევაში, თუ "ბაიერნი" 2012 წლის დარჩენილ ორივე მატჩს (14 დეკემბერს "გლადბახთან", სამშაბათს გერმანიის თასზე "აუგსბურგთან") მოიგებს.

"გლადბახის" დამარცხებით რეკორდმაისტერს თავისივე რეკორდის (44 ქულა 2005/2006 წლების სეზონის პირველ წრეში - მაშინ "ბაიერნს" ფელიქს მაგათი წვრთნიდა) გამეორება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელებმა შემოდგომის ჩემპიონობა 14 ტურის შემდეგ გაინაღდეს, რაც ასევე რეკორდი გახლდათ და რეკორდია ისიც, რომ მიუნხენურმა გრანდმა პირველი წრის გასვლით მატჩებში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

ყოფილი გლადბახელი დღეს ბაიერნის დაცვის ბურჯია
გასულ შაბათს "ბაიერნმა" "აუგსბურგი" 2:0 დაამარცხა და ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მეთერთმეტედ შეინახა კარი მშრალად, რაც სხვებთან ერთად, ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, დანტეს დამსახურებაა, რომელიც მიუნხენურმა გრანდმა ზაფხულში სწორედ "გლადბახიდან" გადაიბირა და რომელიც ახლა ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ითამაშებს, რაც ამ მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს.

29 წლის ბრაზილიელი ყურადღების ცენტრში არა მარტო ამიტომ, არამედ იმიტომაც მოექცევა, რომ სეზონის წინ მას "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას ბევრი არ უწინასწარმეტყველებდა, ახლა კი რეკორდმაისტერის დაცვის ბურჯია.

"დანტე ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მათ შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია," - თანაგუნდელს აქებს "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი.

"დანტე თავის საქმეს ყველა შეხვედრაში ხუთიანზე აკეთებს. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია",
- ეს კი "ბაიერნის" კაპიტნის, ფილიპ ლამის სიტყვებია.

ბავარიელებმა "გლადბახს" დანტეში 4.7 მილიონი ევრო გადაუხადეს და მიუნხენში მას თავიდან ჰოლგერ ბადშტუბერის შემცვლელად მოიაზრებდნენ, ძირითადში კი ამ უკანასკნელთან ერთად ჟერომ ბოატენგს უნდა ეთამაშა. მაგრამ ბრაზილიელმა მიუნხენში ჩასვლისთანავე დაამტკიცა, რომ მეტს იმსახურებდა და ბოატენგი სასტარტოდან ამოაგდო.

"დანტეს პირველად რომ შევხვდი, ვუთხარი, ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მოგცემ-მეთქი, რაზეც თავი დამიქნია.

მაგრამ ვარჯიშებზე იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ შანსი მივეცი და როგორც ხედავთ, დღეს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

დანტე შემდგარი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელია - მშვიდია, გამოცდილი და გაწონასწორებული",
- ამბობს ჰაინკესი.

ბრაზილიელმა ბუნდესლიგის თექვსმეტივე მატჩში იასპარეზა. შედარებისთვის, ბოატენგმა 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ტრავმირებულმა ბადშტუბერმა სამში, ხოლო დანიელ ვან ბუიტენმა კი მხოლოდ ერთ შეხვედრაში იასპარეზა.

"დანტეს თამაშის წაკითხვა შეუძლია, ის ჩვენი უკანა ხაზის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა. ახლა უკვე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჯანმრთელი და კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი დანტე ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს",
- ასკვნის ჰაინკესი.

ცხადია, ითამაშებს 14 დეკემბერსაც და ყოფილ თანაგუნდელებთან დაპირისპირება ბრაზილიელისთვის განსაკუთრებული მოვლენაა - დანტემ მიონხენგლადბახელთა რიგებში სამწელიწადნახევარი გაატარა და ბუნდესლიგის 119 შესაძლო მატჩიდან 93-ში იასპარეზა.

წარმატების რეცეპტი? დანტე ამბობს: "ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტიურად ვფიქრობ".

მისივე თქმით, მიუნხენელებმა არ უნდა მიიჩნიონ, რომ უკვე ჩემპიონები არიან - ასეთ შემთხვევაში რეკორდმაისტერს უპირატესობის განიავების საფრთხე დაემუქრება. დანტეს პერსონალური მიზანი კი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობაა - მომდევნო მუნდიალი ხომ მის სამშობლოში, ბრაზილიაში ტარდება.

დანტეს "სელესაოში" ჯერ ერთხელაც არ უასპარეზია, მაგრამ ამბობს, რაკი "ბაიერნში" ვთამაშობ, უფრო მეტი შანსი მაქვს, რომ ნაკრებში გამომიძახონო.

ფაქტია, რომ თუ ასე გააგრძელა, ბრაზილიის ნაკრებში მისი დებიუტი მალე შედგება.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური
14 დეკემბერი
ბაიერნი-ბორუსია (მ) 23:30
დისკვალიფიკაცია: დემსი (ბორუსია /მ/)
ტრავმა: ბადშტუბერი, ჩანი, ლუის გუსტავო, რობენი - დემსი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 თამაში: +42=26-20, (169:110)

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ბრუვერსი, ვენდტი - ნორდტვეიტი, მარქსი - რუპი, არანგო - ჰერმანი, ჰანკე.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბაიერნი 16 13 2 1 43-6 41
2 ლევერკუზენი 16 9 3 4 30-22 30
3 ბორუსია (დ) 16 7 6 3 32-19 27
4 აინტრახტი 16 8 3 5 31-27 27
5 შალკე 16 7 4 5 26-22 25
6 შტუტგარტი 16 7 4 5 20-25 25
7 ჰამბურგი 16 7 3 6 18-18 24
8 ბორუსია (მ) 16 6 6 4 24-25 24
9 ფრაიბურგი 16 6 5 5 21-17 23
10 ჰანოვერი 16 7 2 7 31-29 23
11 მაინცი 16 7 2 7 21-20 23
12 ვერდერი 16 6 3 7 27-28 21
13 ნიურნბერგი 16 5 4 7 16-21 19
14 ვოლფსბურგი 16 5 4 7 17-25 19
15 ფორტუნა 16 4 6 6 18-21 18
16 ჰოფენჰაიმი 16 3 3 10 22-38 12
17 აუგსბურგი 16 1 5 10 11-28 8
18 ფიურტი 16 1 5 10 10-27 8

ბომბარდირები: 10 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი); 9 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი), თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 7 - დოსტი (ვოლფსბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერ­მა­ნია. ბუნ­დეს­ლი­გა. XVI ტუ­რის შე­ჯა­მე­ბა და სიმბოლური ნაკრები
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური: დორტმუნდის "ბორუსიას" სკანდალური მარცხი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული