ვინ შეცვლის მარიო გიოტცეს "დორტმუნდში"?

AutoSharing Option
მარიო გიოტცე მიუნხენის "ბაიერნში" ჯერ არ გადასულა, მაგრამ რაკი ტრანსფერი გადაწყვეტილია, დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელმა და ხელმძღვანელებმა მის შემცვლელზე ფიქრი დაიწყეს. ამ დღეებში "დორტმუნდთან" მიმართებაში არაერთი შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის გვარები გაჟღერდა და თითოეული ვერსიის შესახებ უახლეს ცნობებს გაგაცნობთ.

10 მილიონი სონის სანაცვლოდ?
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "დორტმუნდში" გადაბარგების ნომერ პირველი კანდიდატი "ჰამბურგის" 20 წლის კორეელი შემტევი ჰეონ-მინ სონია. "ბილდის" ინფორმაციით, "ჰამბურგს" "რომადან" "მილანში" განათხოვრებული ექსბარსელონელი ბოიან კრკიჩი (22 წლის) სწორედ იმიტომ აინტერესებს, რომ ჩრდილოგერმანულ კლუბში სონის შენარჩუნებისა აღარ სჯერათ.

სონის
გადაბირებით ინგლისური კლუბები, "ტოტენჰემი" და "ლივერპულიც" არიან დაინტერესებულები, მაგრამ ამ დღეებში "დორტმუნდის" ინტერესი იმდენად დაკონკრეტდა, რომ დიდი შანსია, ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც ცენტრფორვარდობაც შეუძლია, სწორედ "ბორუსიაში" გადავიდეს.

"ბილდის" ინფორმაციით, "დორტმუნდი" უკვე ოფიციალურად იბრძვის სონისთვის, რომელმაც ამ სეზონში 11 გოლის გატანა მოახერხა და აქედან მარტო 4 გოლი სწორედ "დორტმუნდს" გაუტანა.

მიმომხილველთა ცნობით, დორტმუნდელთა თავკაც იურგენ კლოპს, პირველ რიგში, სწორედ სონის გადაბირება უნდა, რადგან ეს უკანასკნელი მრავალმხრივი ფეხბურთელია და 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, რომელსაც იურგენი იყენებს ხოლმე, წინა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ეს კი ახლა "დორტმუნდისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან გიოტცეს 37-მილიონიანი ტრანსფერის შემდეგ დიდი შანსია, რომ "ბორუსია" მთავარმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმაც (24) დატოვოს.

გარდა ამისა, სონი სწრაფია, კარგი დარტყმა აქვს და რაც მთავარია, ძალიან ბეჯითი ფეხბურთელია, რითაც არა მარტო კლოპის სქემაში, არამედ მის საფეხბურთო ფილოსოფიაშიც იდეალურად ჯდება.

"ჰამბურგმა" სონს ახალი კონტრაქტი და წელიწადში 2.6 მილიონი ევრო შესთავაზა - აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელები მას ამაზე მნიშვნელოვნად მეტს ვერ შეჰპირდებიან. "ბილდის" ინფორმაციით, "ჰამბურგი" სონის სანაცვლოდ მინიმუმ 10 მილიონ ევროს ითხოვს.

ერიკსენი: დორტმუნდი მაგარი გუნდია!
ამსტერდამის "აიაქსის" 21 წლის დანიელი შემტევი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი "დორტმუნდთან" მიმართებაში იმ დღიდან მოიხსენიება, რაც გიოტცეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის ახალგამომცხვარი ჩემპიონის ლიდერს უფრო დიდი გრანდები, "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ეპატიჟებიან, მაგრამ თავად ერიკსენს, როგორც ჩანს, "დორტმუნდში" გადასვლა ურჩევნია, რადგან ხვდება, რომ "რეალში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" სასტარტოში არავინ ათამაშებს.

"ამ სეზონში "დორტმუნდს" ორჯერ შევხვდით და ორჯერვე დავმარცხდით. მე სწორედ მაშინ ვთქვი, ეგენი ფინალში გავლენ-მეთქი. ფაქტია, რომ "ბორუსია" ძალიან მაგარი გუნდია, რომელში გადასვლაზეც უარს არ ვიტყოდი. თუმცა "დორტმუნდიდან" ჯერ არავის მოუმართავს და არც ჩემი აგენტისგან მსმენია რამე," - უთხრა ერიკსენმა ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებს.

კრისტიან ერიკსენი დანიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა, "აიაქსს" კი ამ სეზონში 10 გოლითა და 17 საგოლე გადაცემით შეეწია, რითაც ამსტერდამელთა ჩემპიონობაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი ითამაშა. ნახევარდაცვაში მას წინა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და კლოპი ამიტომაც მიიჩნევს გიოტცეს პოტენციურ შემცვლელად.

ერიკსენს "აიაქსთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და ამსტერდამელები მას 16 მილიონ ევროდ აფასებენ. ამ თანხის გადახდა "დორტმუნდისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს.

ბარსას ფანები ჰუმელსს ითხოვენ
პოტენციური ახალწვეულები კარგია, მაგრამ "დორტმუნდს" უკვე დაკარგული გიოტცესა და შესაძლო დანაკარგ ლევანდოვსკისთან ერთად, დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსის დაკარგვის საფრთხეც ემუქრება. 24 წლის მცველს "ბარსელონამ" დაადგა თვალი.

გაირკვა, რომ კატალონიური გრანდის ფანები ამ იდეით აღფრთოვანებულები არიან - გაზეთ "მარკას" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, 76 პროცენტის აზრით, ჰუმელსი "ბარსას" დაცვისთვის იდეალური გამოსავალია.

ჰუმელსის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ სპეკულაციები ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ატყდა და მაშინ მატსმა საინტერესო კომენტარიც გააკეთა - "ბარსელონა" იმ 3-გუნდიან სიაშია, რომლებში ტრანსფერზე სიამოვნებით დავფიქრდებოდიო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფანებმა გიოტცეს მშობლების სახლზე შეურაცხმყოფელი სიტყვები დაწერეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული