იუპ ჰაინკესი: პეპ გვარდიოლას იდეალურ გუნდს ვუტოვებ!

AutoSharing Option
"ბაიერნმა" ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა ზღაპრული ფეხბურთით მოიგო და დიდი შანსია, რომ ჰეთ თრიკი შეასრულოს (1 ივნისს გერმანიის თასის ფინალში "შტუტგარტს" ხვდება).

ფაქტია, რომ რეკორდმაისტერი ამ სეზონში სრულყოფილი გუნდი იყო და არაერთხელ დაგვიწერია, რომ უცნაურია, ამ გუნდს მწვრთნელი რომ ეცვლება. "შტუტგარტთან" მატჩის შემდეგ იუპ ჰაინკესი რეკორდმაისტერს დაემშვიდობება, მერე კი მას ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის. და უკვე ორი აზრი არ არსებობს, რომ ესპანელისთვის ასეთი სრულყოფილი და წარმატებული "ბაიერნი" უმძიმესი მემკვიდრეობაა.

"პეპ გვარდიოლა იდეალურად ფუნქციონირებად გუნდს ჩაიბარებს!" - ასეთი ფორმულირება მისცა რეკორდმაისტერში სამწვრთნელო
გადაადგილებას თავად 68 წლის ჰაინკესმა.

სრულყოფილად ფუნქციონირებადი გუნდი?! დაახლოებით ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა იმხანად გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანც ბეკენბაუერმა მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ - ეს გუნდი წლების მანძილზე დაუმარცხებელი იქნებაო.

"ეს განცხადება მაშინ აბსოლუტურად სპონტანურად გავაკეთე, მაგრამ ვინც მსოფლიოს ჩემპიონატს ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ასეთი კომენტარის გაკეთების უფლება ნამდვილად აქვს. იუპმა ამ წინადადებით იმ წარმატებაზე მიუთითა, რასაც დიდი შრომით მიაღწია," - უთხრა ბეკენბაუერმა "ბილდს".

ცხადია, რომ გვარდიოლა, რომელმაც "ბარსელონაში" 4 წელიწადში 14 ტიტული მოიგო, უმძიმესი წნეხის ქვეშ მოექცევა. მისგანაც მოითხოვენ როგორც ბუნდესლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც და ნებისმიერ სხვა შედეგს წარუმატებლობაში ჩაუთვლიან. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ პეპი მართლაც იმდენად სრულყოფილ "ბაიერნს" ჩაიბარებს, რომ რეკორდმაისტერის ფანების მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანატოლი ტიმოშჩუკი: "რეალს" 99%-ით იუპ ჰაინკესი ჩაიბარებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული