მიუნხენურმა გრანდმა წინა შაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო, დღეს მესამე ტიტულს, ანუ, ჰეთთრიკს უმიზნებს და, რა თქმა უნდა, ფავორიტადაც მიიჩნევა, მაგრამ "შტუტგარტი" რეკორდმაისტერს იოლად არაფერს დაუთმობს. აქვე შეგახსენებთ, რომ შვაბებმა სწორედ გერმანიის თასის ფინალში მოხვედრით გაინაღდეს ევროპალიგის საგზური.
ამ ფინალის წინ უფრო საინტერესო "შტუტგარტია", რადგან "ბაიერნზე" ბოლო დროს იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ რეკორდმაისტერზე ახალს ფაქტობრივად ვეღარაფერს
ფაქტია, რომ "შტუტგარტი" "ბაიერნს" ბრძოლას ჰპირდება და ემუქრება კიდეც - აგრესიული ფეხბურთით! მიუნხენელებს კი ამ მხრივ მართლაც უნდა ეშინოდეთ, რადგან "შტუტგარტი" გერმანიაში ყველაზე უხეში გუნდია! გერმანიის გასრულებულ ჩემპიონატში შვაბებმა არასპორტულ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავეს - მთელი სეზონის განმავლობაში მათ 7 გაძევება და 71 გაფრთხილება დაიმსახურეს. ახლა კი, გერმანიის ყველაზე არასპორტული გუნდი "ბაიერნსაც" ემუქრება.
"საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტექნიკური ფეხბურთელები ხშირად მიდიან დრიბლინგზე ამ დროს მათი შეჩერება უმეტესად მხოლოდ აგრესიულობითაა შესაძლებელი. ასე რომ, არავის გაუკვირდეს, რაღაც-რაღაცები თუ ეტკინებათ. "ბაიერნის" ფეხბურთელებს ფინალში არაერთი მძიმე ორთაბრძოლის გაძლება და გადატანა მოუწევთ. იმის თქმა მინდა, რომ თუ გერმანიის თასის მოგება უნდათ, ეს გზაც უნდა გაიარონ," - აცხადებს "შტუტგარტის" ავსტრიელი შემტევი ნახევარმცველი მარტინ ჰარნიკი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ თავად ჰარნიკი არასპორტული ფეხბურთელების რეიტინგში მეექვსე ადგილზეა - მარტინი ამ სეზონში 2-ჯერ გააძევეს და 5-ჯერ გააფრთხილეს. პირველადგილოსანი კი ამ საქმეში მისი თანაგუნდელი, 28 წლის თავდამსხმელი ვედად იბიშევიჩია (15 გოლი ამ სეზონში), რომელმაც წითელი ბარათი ერთხელ, ყვითელი კი ათჯერ დაიმსახურა. ამასთან, ვედომ 62-ჯერ დაარღვია თამაშის წესები. "შტუტგარტს" ერთი "ყასაბი" მცველიც ჰყავს - გეორგ ნიდერმაიერი, რომელიც გერანიაში მოთამაშე მცველებიდან ერთ-ერთი ყველაზე უხეშია.
"დორტმუნდის" ქომაგებს კარგად ეხსომებათ აპრილში გამართული მატჩი, რომელშიც 27 წლის ნიდერმაიერმა ჯერ კინაღამ სვენ ბენდერი დაასახიჩრა, მერე კი მარიო გიოტცესაც ეუხეშა და მოედნიდან გააძევეს. ამასთან, "შტუტგარტის" თავკაც ბრუნო ლაბადიას ნათქვამი აქვს, რა თქმა უნდა, აგრესიული ფეხბურთიც გამართლებულია, აბა, ისე ხომ არ მოვიქცევით, როგორც "ჰამბურგის" ფეხბურთელები იქცეოდნენ, როცა "ბაიერნთან" 2:9-ს აგებდნენო...
"ბაიერნი" ჰეთთრიკს უმიზნებს
"ბაიერნის" ფეხბურთელები, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის ზეიმით გადაღლილები იყვნენ, მოტივაცია კი ნაღდად არ აკლიათ, რადგან რეკორდმაისტერს ჰეთთრიკის შესრულების შანსი ეძლევა, ეს კი პატარა ამბავი არ არის.
"ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინალი. დაუშვებელია, რომ ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, "ბაიერნმა" გერმანიის თასი ვერ დაისაკუთროს. ზღაპრული სეზონი ზღაპრულად უნდა დავასრულოთ," - ეს მიუნხენური გრანდის სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის სიტყვებია.
რაც შეეხება საკადრო საკითხებს: წინასამატჩო ოქმშიც ნახავდით, რომ "შტუტგარტს" მხოლოდ ტრავმირებული დიდავი აკლია, რაც ბრუნო ლაბადიას გუნდისთვის სერიოზული დანაკლისი არ არის. ამ მხრივ, "ბაიერნი" უფრო რთულ სიტუაციაშია: დიდი ხნის ტრავმირებულებთან ერთად (ბადშტუბერი, კროოსი), იუპ ჰაინკესი ("დონ იუპისთვის" ეს ბოლო მატჩია "ბაიერნის" თავკაცის რანგში) ვერც ბრაზილიელებს, დანტესა და ლუის გუსტავოს გამოიყენებს. საქმე იმაშია, რომ 29 წლის მცველი და 25 წლის ნახევარმცველი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ არაფრისდიდებით არ დათმო.
"ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ ბრაზილიელებმა დანტესა და ლუის გუსტავოზე ფსიქოლოგიური ტერორი განახორციელეს. უთქვამთ, თუ ახლა არ ჩამოხვალთ, ნაკრებში აღარასოდეს გამოგიძახებთო. ეს საშინელებაა! ვფიქრობ, პრობლემას არ წარმოადგენდა ის, რომ ბიჭებს თასის ფინალი ეთამაშათ და ნაკრებში ამის შემდეგ გამგზავრებულიყვნენ," - განაცხადა "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
"სელესაოს" თავკაცმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ დანტე და ლუის გუსტავო კონფედერაციის თასისთვის (15-დან 30 ივნისამდე ჩატარდება) გამოიძახა, მანამდე კი მკაცრად თქვა, ვინც ნაკრებს 1 ივნისამდე არ შემოუერთდება, "სელესაოში" ვეღარასოდეს ითამაშებსო. აქვე გეტყვით, რომ კვირას (2 ივნისს) ბრაზილიის ნაკრებს ინგლისის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი აქვს...
ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი". 22:00
ბაიერნი-შტუტგარტი 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ვან ბუიტენი, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - მანჯუკიჩი.
შტუტგარტი (4-2-2-1-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - გენტნერი, ბოკა - ჰარნიკი, ტრაორე - მაქსიმი - იბიშევიჩი.
არბიტრი: მანუელ გრეფე (ბერლინი)
ვერ ითამაშებენ
ბაიერნი: ბადშტუბერი (ტრავმა), დანტე (ბრაზილიის ნაკრებშია), ჩანი (21-წლამდელთა ნაკრებშია), კროოსი (ტრავმა), ლუის გუსტავო (ბრაზილიის ნაკრებშია)
შტუტგარტი: დიდავი (ტრავმა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"