გერმანიის თასის ფინალი: არის ჰეთ თრიკი!

AutoSharing Option
მაშ ასე: მიუნხენის "ბაიერნმა" ჰეთ თრიკი შეასრულა - ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მერე რეკორდმაისტერმა გერმანიის თასიც მოიგო და გახდა პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც ჰეთ თრიკის შესრულება მოახერხა.

მიუნხენელებმა ბერლინში გამართულ ფინალში "შტუტგარტი" 3:2 დაამარცხეს და ბოლო წუთებში საკმაოდ ინერვიულეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც უნდოდათ - "ბაიერნი" იუპ ჰაინკესს ერთ სეზონში მოგებული სამი დიდი ტიტულით აცილებს.

აღსანიშნავია, რომ ბავარიულ გრანდს გერმანიის თასის ფინალის მოგება მოსალოდნელზე მეტად გაუჭირდა: მართალია, მიუნხენელები თომას მიულერის პენალტისა და მარიო გომესის დუბლის წყალობით 3:0-ს იგებდნენ,
მაგრამ შტუტგარტელებმა ბრძოლა არ შეწყვიტეს და მატჩის დასკვნით ფაზაში, როცა ბავარიელებს თამაში მოგებული ეგონათ, მარტინ ჰარნიკის დუბლით დაბრუნდნენ! 3:2-ზე შტუტგარტს ანგარიშის გათანაბრების შანსიც მიეცა, მაგრამ იმ მომენტში მანუელ ნოიერმა ივარგა...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჰაინკესი სამშაბათს იტყვის...
ამრიგად, "ბაიერნის" მწვრთნელის რანგში 68 წლის იუპ ჰაინკესის უკანასკნელ მატჩში რეკორდმაისტერმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და "დონ იუპს" ზღაპრულად აცილებს! მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჰაინკესმა თქვა, რომ "ბაიერნთან" გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას სამშაბათს გამართავს და სწორედ ამ პრესკონფერენციაზე იტყვის, რას აპირებს მომავალში.

ამ დროს მისი შეგირდები ჯერ კიდევ "ოლიმპიაშტადიონზე" ზეიმობდნენ - ცხადია, ლუდით წუწაობდნენ. ლუდის შხაპი, რა თქმა უნდა, ჰაინკესმაც მიიღო.

ზეიმი "ოლიმპიაშტადიონზე" დაიწყო და ღამის ბერლინში გაგრძელდა - "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ოფიციალური ბანკეტის შემდეგ სხვადასხვა ღამის კლუბში გადაინაცვლეს. ბანკეტზე კი სამივე ჯილდო (გერმანიის ჩემპიონობისთვის განკუთვნილი "ვერცხლის სინი", ჩემპიონთა ლიგის თასი და გერმანიის თასი) ჰქონდათ გამოფენილი - ტრიპლეტთან ფოტო უკლებლივ ყველამ გადაიღო.

მიუნხენელებმა ბანკეტზე საპატიო სტუმრებიც დაპატიჟეს - მათ შორის უკვე ლეგენდად ქცეული მოკრივე ვლადიმირ კლიჩკოც გახლდათ.

"მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ამ შრომამ საუკეთესო შედეგი გამოიღო, ახლა კი თამამად უნდა ვიზეიმოთ და ორთქლი გამოვუშვათ," - ასეთი სიტყვა წარმოთქვა "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ბანკეტზე, რომელიც ოფიციალურად ღამის ორის ნახევარზე დამთავრდა, რის შემდეგაც ფეხბურთელებმა ბერლინის საუკეთესო ღამის კლუბებს მიაშურეს და დილამდე გაერთნენ.

ფინალი

ბაიერნი-შტუტგარტი 3:2

გოლები: 1:0 თ. მიულერი (37-პენ), 2:0 გომესი (48), 3:0 გომესი (61), 3:1 ჰარნიკი (71), 3:2 ჰარნიკი (80)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, ბოატენგი, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი (83. ტიმოშჩუკი), თ. მიულერი, რიბერი (91. შაჩირი) - გომესი (62. მანჯუკიჩი).
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - რიუდიგერი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო (67. გ. საკაი) - გენტნერი, ბოკა - ჰარნიკი, მაქსიმი (61. ოკაზაკი), ტრაორე (75. კაკაუ) - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: შვაინშტაიგერი, მანჯუკიჩი - ტრაორე, იბიშევიჩი
მაყურებელი: 75 420

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის თასის ფინალის წინ: "შტუტგარტი" "ბაიერნს" ემუქრება: გატკენთ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული