დონ იუპი "ბაიერნიდან" ამაყად მიდის!

AutoSharing Option
ცხადი იყო, რომ გერმანიის თასის ფინალი იუპ ჰაინკესის გასაცილებელ მატჩად გადაიქცეოდა და ფაქტობრივად, ასეც მოხდა.

საფინალო სასტვენის შემდეგ, რამაც ბერლინის "ოლიმპიაშტადიონის" პუბლიკას აუწყა, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის თასიც მოიგო და ჰეთ-თრიკიც შეასრულა, ყურადღების ცენტრში სწორედ 68 წლის ჰაინკესი მოექცა.

შეგირდებმა ჯერ ლუდის შხაპი მიაღებინეს, მერე აბურთავეს და პრესკონფერენციაზე, რა თქმა უნდა, დაგვიანებით გაუშვეს. პუბლიკა, ფეხბურთელები, ფუნქციონერები, ჟურნალისტები, ტელეკომენტატორები - ყველა "დონ იუპს" ეფერებოდა...

"ბაიერნის" ზღაპრული სეზონის მთავარი შემოქმედი სწორედ იუპ ჰაინკესია. ეს ფეხბურთელების რეაქციიდანაც ჩანს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იუპმა ეს ყველაფერი,
რა თქმა უნდა, მათიას ზამერთან ერთად შეძლო. თავიდან მათიასთან კომუნიკაციის პრობლემები შეექმნა - ერთს ერთი უნდოდა, მეორეს მეორე, მაგრამ ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ ზამერი და ჰაინკესი ყველაფერს დაალაგებდნენ და ასეც მოხდა," - ეს "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტის, გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, ფრანც ბეკენბაუერის სიტყვებია.

კაიზერ-ფრანცის მოსაზრება თავად "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმაც გაიზიარა: "იცით, რა მიხარია ყველაზე მეტად? ის, რომ იუპ ჰაინკესს ბოლოს და ბოლოს მართლა ყველა აღიარებს დიდ სპეციალისტად. ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მას ჯეროვნად არ აფასებდნენ. ახლა უკვე ნაღდად დააფასებენ და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა. მინდა ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში იუპისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე!" - აღნიშნა ზამერმა.

ჰაინკესი "ბაიერნიდან" მიდის, ეს მისი ბოლო მატჩი იყო რეკორდმაისტერის თავკაცის რანგში. ახლა კი ყველას ერთი კითხვა უტრიალებს თავში: სად მიდის "დონ იუპი", პენსიაზე თუ?..

ფაქტია, რომ ჰეთ-თრიკის შესრულებით, ჰაინკესი ისტორიაში შევიდა და ფეხბურთის ლეგენდარულ მსახურთა სიაში ჩაეწერა - მან ხომ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

ფეხბურთელის რანგში იუპი 1972 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 1974 წელს კი - მსოფლიოს ჩემპიონი. 1975 წელს მან უეფას თასი მოიგო, გერმანიის ჩემპიონატი კი ფეხბურთელის რანგში ოთხჯერ (1971, 1975, 1976 და 1977) აქვს მოგებული, გერმანიის თასი - ერთხელ (1973).

ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის - იუპი მწვრთნელის რანგშიც ძალიან წარმატებული გახლდათ, ამ სეზონმა კი ჰაინკესის გვარი გიგანტების გვერდით ჩაწერა. რაც ასევე ძალიან საინტერესოა, ოტმარ ჰიტცფელდის, ერნსტ ჰაპელისა და ჟოზე მოურინიოს შემდეგ ჰაინკესი მეოთხე სპეციალისტია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო (მადრიდის "რეალი" და მიუნხენის "ბაიერნი") და მეშვიდე მწვრთნელია, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა - იუპამდე ეს იოკ შტაინმა, გუუს ჰიდინკმა, რინუს მიხელსმა, ალექს ფერგიუსონმა, ხოსეპ გვარდიოლამ და ჟოზე მოურინიომ შეძლეს.

"გადავწყვიტე, სამშაბათს პრესკონფერენცია გავმართო, რომელზეც მიუნხენის "ბაიერნს" და აქაურ ჟურნალისტებს ოფიციალურად დავემშვიდობები. სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გავამხელ ჩემს გადაწყვეტილებას, რას ვაპირებ ახლო მომავალში," - აღნიშნა იუპმა და საფეხბურთო გერმანიაში (და, შესაძლოა, არა მხოლოდ იქ) ახლა ყველა სამშაბათს ელის.

ჰაინკესის მომავალთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ბეკენბაუერმაც გამოთქვა: "მე მას ვურჩევდი, რომ ასეთი გიგანტური სეზონის შემდეგ კლუბი აღარ გაწვრთნას. ამაზე მეტს ჰაინკესი საკლუბო დონეზე ვეღარაფერს მიაღწევს და თუ მუშაობის გაგრძელების სურვილი აქვს, უმჯობესია, რომელიმე ნაკრები გუნდი ჩაიბაროს ან მენეჯმენტში გადაინაცვლოს".

ჰაინკესს ნათქვამი აქვს, რომ ბუნდესლიგაში ნაღდად აღარ იმუშავებს. მართალია, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს ძალიან უნდათ, რომ იუპი პენსიაზე გავიდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, თავად 68 წლის სპეციალისტი ასე არ ფიქრობს. ამბობენ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მადრიდის "რეალს" ჩაიბარებსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი: ეს ტრიპლეტი უნიკალურია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული