"შალკემ" ვუნდერკინდი დაითანხმა!

AutoSharing Option
"შალკემ" სატრანსფერო სენსაცია მოახდინა!

"ბილდის" ექსკლუზიური ინფორმაციით, უნიჭიერესი გერმანელი ნახევარმცველი, 18 წლის ლეონ გორეტცკა კარიერას გელზენკირხენულ კლუბში გააგრძელებს. "ბილდის" ცნობით, ვუნდერკინდი, რომელიც ამ სეზონში მეორებუნდესლიგურ "ბოხუმში" ალექსანდრე იაშვილისა და ნიკოლოზ გელაშვილის თანაგუნდელი გახლდათ, "შალკეს" 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ "ბოხუმი" გორეტცკას სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს.

"შალკეს" მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა დაადასტურა, რომ ელზენკირხენელები გორეტცკას შეუთანხმდნენ და რომ ლეონს სწორედ "შალკეში" გადასვლა უნდა. ჰელდტის თქმით, "შალკე" "ბოხუმს" ამ დღეებში დაელაპარაკება, თუმცა "ბილდი" ირწმუნება, რომ ამ ტრანსფერს წინ ვეღარაფერი
დაუდგება.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის გორეტცკა დღეს გერმანიაში ისეთივე ტალანტად მიიჩნევა და ისეთი სტატუსი აქვს, როგორიც ორი წლის წინ მარიო გიოტცეს ჰქონდა - ფეხბურთელს, რომელიც "ბაიერნმა" "დორტმუნდიდან" 37 მილიონ ევროდ იყიდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, გორეტცკას გადაბირებით მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "არსენალი" იყვნენ დაინტერესებულები. ლეონის გადაბირებაზე გერმანული გრანდები, "დორტმუნდი" და "ბაიერნიც" ფიქრობდნენ, მაგრამ გრანდებში სათადარიგოთა სკამის ხეხვას ახალგაზრდა და პერსპექტიულმა ნახევარმცველმა "შალკეში" გადასვლა ამჯობინა, სადაც, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ათამაშებენ.

გელზენკირხენელები კი უკვე ოცნებობენ იმაზე, რომ 19 წლის იულიან დრაქსლერისა და გორეტცკას დუეტი "შალკეში" ახალი საოცნებო წყვილი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული