მარიო გომესი "ნაპოლიში"?

AutoSharing Option
მარიო გომესის მრჩეველმა ული ფებერმა არ დაადასტურა გაზეთ "ბილდის" მიერ 3 ივნისს, ნაშუადღევს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, თითქოს "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის მიუნხენიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყდა.

"ბილდი" იმასაც წერდა, რომ მარიო თითქმის შეუთანხმდა იტალიურ "ნაპოლის", მაგრამ ფებერმა ეს ინფორმაციაც უარყო.

"ნაპოლისთან" არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მარიო "ბაიერნში" თავს მშვენივრად გრძნობს", - უთხრა ფეხბურთელის აგენტმა საინფორმაციო სააგენტო SID-ს.

შესაძლოა, "ნაპოლისთან" მოლაპარაკებები მართლაც ჭორი იყოს, მაგრამ გომესი რეკორდმაისტერში ბედნიერი რომ აღარაა, ამას წყალი არ გაუვა. ამ სეზონში მარიო მანჯუკიჩმა ის საბოლოოდ
ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან და დიდი შანსია, რომ არც მიუნხენური გრანდის მომავალ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას სჭირდებოდეს.

ამას ის ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ მიუნხენელები "დორტმუნდის" გოლეადორის, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებაზე ზრუნავენ.

მარიო გომესი "ბაიერნში" 2009 წელს, "შტუტგარტიდან" გადავიდა და მაშინ ბავარიელებს ეს ტრანსფერი იმ დროისთვის ბუნდესლიგის სარეკორდო ფასად, 30 მილიონ ევროდ დაუჯდათ. გომესს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული.

ნეაპოლელებს გომესი ურუგვაელი ედინსონ კავანის შემცვლელად ჰყავთ შეგულებული - ეს უკანასკნელი "ნაპოლიდან" ჯერ არ აბარგებულა, მაგრამ ამბობენ, ნეაპოლში ახლა მაინც აღარ გააჩერებენო...

გიოტცეს ტრავმა სერიოზულია
"დორტმუნდიდან" "ბაიერნში" 37 მილიონ ევროდ გაყიდული მარიო გიოტცეს ტრავმა, რომლის გამოც მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მომავალი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშა, მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა.

3 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 21 წლის გიოტცე გვარდიოლას პირველ ვარჯიშებს გამოტოვებს და დიდი შანსია, რომ ივლისის შუა რიცხვებამდე ვერ გამოჯანმრთელდეს.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა "ბაიერნში" პირველ ვარჯიშს 26 ივნისს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული