"ბაიერნი": იუპი მიდის, კითხვის ნიშანი რჩება

AutoSharing Option
პრესკონფერენციას, რომელიც იუპ ჰაინკესმა გამართა, მთელი საფეხბურთო გერმანია მოუთმენლად ელოდა.

"დონ იუპის" პრესკონფერენციის მთავარი მიზეზი მიუნხენელ ჟურნალისტებთან და ზოგადად, "ბაიერნთან" გამომშვიდობება გახლდათ, მაგრამ პირველ რიგში, ყველას ის აინტერესებდა, თუ რა გადაწყვიტა 68 წლის სპეციალისტმა - პენსიაზე გასვლა თუ დიდ ფეხბურთში დარჩენა.

"ბაიერნის" მწვრთნელის რანგში ჟურნალისტებთან უკანასკნელმა შეხვედრამ ემოციურად ჩაიარა - ჰაინკესს კიდევ ერთხელ, ამ სეზონში უკვე მეოთხედ წამოუვიდა ცრემლები. 

"ისეთი პერფექციონისტისთვის, როგორიც მე ვარ, ბოლო წლები ძალიან დამღლელი იყო. რაც შეეხება ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას - სიტყვა "საბოლოო" არ მიყვარს და
მოდი, ასე ვიტყვი: ამ ეტაპზე არც პენსიაზე გავდივარ და არც სხვა გუნდში გადავდივარ. ახლა შვებულებაში მივდივარ, რათა კარგად დავისვენო. მომავალ სეზონს ნამდვილად უმუშევარი შევხვდები, მერე კი ვნახოთ,"
- განაცხადა "დონ იუპმა".

ჰაინკესმა პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბოლო დღეებში ძალიან ბევრი გუნდიდან დაუკავშირდნენ და უამრავი წინადადება მიიღო. მისი თქმით, მათ შორის სუპერგრანდებიც ეპატიჟებოდნენ - მართალია, იუპს არაფერი დაუკონკრეტებია, მაგრამ თქვა, რომ მსურველთა შორის ისეთი კლუბებიც იყვნენ, რომლებისთვისაც ფულს მნიშვნელობა არა აქვს და რომლებიც სტატუსით "ბაიერნს" არ ჩამოუვარდებიან.

შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჰაინკესმა მადრიდის "რეალიც" იგულისხმა.

ერთი სიტყვით, იუპი ფეხბურთიდან არ მიდის, მაგრამ არც "რეალში" მიდის - გასრულებული სეზონის ტრიუმფატორი სპეციალისტი (მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასი), ალბათ, მომავალ ზაფხულამდე დაისვენებს, გაისად კი ან სადმე დაინიშნება, ანაც პენსიაზე გავა.

შეგახსენებთ, რომ ჰაინკესს "ბაიერნში" ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის, რომელმაც ასევე ერთი წელი დაისვენა...

შვაინშტაიგერს ოპერაცია გაუკეთეს
ჰეთ თრიკის აღსანიშნავი საზეიმო დღეების შემდეგ "ბაიერნის" ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა კოჭის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა შვაინი რეკორდმაისტერს დიდხანს არ დააკლდება. "ბაიერნის" პრესმდივან მარკუს ჰიორვიკის თქმით, ბასტიანი 26 ივნისამდე მწყობრში იქნება და ახალი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას პირველივე ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი მადრიდის "რეალში" არ მიდის: მომავალ სეზონში დავისვენებ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული