ფრანკ რიბერი: "ბაიერნში" კონტრაქტიც კი არ მჭირდება!

AutoSharing Option
ფრანკ რიბერი არა მარტო ბუნდესლიგის 50-ე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, არამედ მთლიანად საფეხბურთო 2012/13 წლების ერთ-ერთი უმთავრესი გმირია და ექსპერტები თამამად ფიქრობენ, რომ 30 წლის ფრანგი გარემარბი "ოქროს ბურთის" მოპოვების ფავორიტი იქნება.

გარდა იმისა, რომ რიბერიმ ეს სეზონი მართლაც გრანდიოზულად ჩაატარა, "ბაიერნთან" ერთად ყველა ტიტული (!) მოიგო - გახდა გერმანიის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და აიღო გერმანიის თასიც. ეს ყველაფერი კი უკვე საკმარისზე მეტი მიზეზია იმისათვის, რომ გაინტერესებდეთ რიბერის ინტერვიუ, რომელიც "ბილდში" გამოქვეყნდა.

- ფრანკ რიბერი, "ბაიერნის" ფანები მოუთმენლად ელიან
იმ დღეს, როცა რეკორდმაისტერთან ახალ კონტრაქტს გააფორმებთ. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა კიდევ ორი წლით აქვს და კლუბის ხელმძღვანელები 2017 წლამდე გახანგრძლივებას გთავაზობენ. როდის მოხდება ეს?

- რა მნიშვნელობა აქვს ზუსტ თარიღს? ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით, მე თანახმა ვარ და წესით, უკვე ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩემი "ჰო" მართლა "ჰოს" ნიშნავს. მეტიც: "ბაიერნში" ისეთი სიტუაციაა და ისე ვგრძნობ თავს, რომ პირადად მე ეს ქაღალდებიც არ მჭირდება. თუმცა მესმის, რომ იურიდიული საკითხი მნიშვნელოვანია ყოველი შემთხვევისთვის და კონტრაქტს ხელის მოწერა სჭირდება. ეს მალე მოხდება, საჩქარო ნამდვილად არაფერია.

- ახალი ხელშეკრულების გაფორმება ტრიუმფალური სეზონის ლოგიკური და სრულყოფილი დასასრულია?
- რა თქმა უნდა! ასეთი ბედნიერი აქამდე არასდროს ვყოფილვარ და კლუბის შეცვლაზე რატომ უნდა ვფიქრობდე? როცა კარიერას დავამთავრებ, მინდა, რომ ფეხბურთიდან გასაცილებელი მატჩი სწორედ "ბაიერნის" ფორმით ჩავატარო. დაახლოებით ისეთი გასაცილებელი შეხვედრის გამართვა მინდა, როგორიც მეჰმეთ შოლს ჰქონდა.

- ისევე, როგორც შოლმა, თქვენც მოიგეთ ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასი - განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თქვენ ეს ერთ სეზონში მოახერხეთ...
- გერმანიის ჩემპიონობა და თასი ამ სეზონამდეც მქონდა მოგებული და თანაც ორ-ორჯერ. შესაბამისად, ახლა ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდოდა და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნებაც ავისრულე. ფინალამდე ერიკ აბიდალს ვესაუბრე - მან ჩემპიონთა ლიგა 2009 და 2011 წლებში მოიგო. აბიდალმა მითხრა, ეგ თასი შენია და აუცილებლად აიღებო!

ფინალის შემდეგ კი ზინედინ ზიდანმა დამირეკა და მომილოცა. ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა განუმეორებელი განცდაა და ამიტომაცაა, რომ ყველა ფეხბურთელი ამაზე ოცნებობს.

- მაინც რას გრძნობდით საფინალო სასტვენის შემდეგ?
- ყველაფერს ერთად! სიცილიც მინდოდა და ტირილიც - გრძნობები და განცდები ერთმანეთში აირია. ჩემი ცხოვრებისა და კარიერის კადრები თვალწინ ფილმივით მიტრიალებდა. დავინახე საკუთარი თავი იმ დროს, როცა საფრანგეთის მესამე ლიგაში ვთამაშობდი; დავინახე ჩემი თავი პატარაობისას, როცა მამას ქუჩის მშენებლობაზე მუშაობაში ვეხმარებოდი... ჩემს ოჯახს ბევრი ფული არასდროს ჰქონია - პატარა აპარტამენტში ვცხოვრობდით, ერთ ოთახში სამ ადამიანს გვეძინა. მამაჩემი მოყვარული ფეხბურთელი იყო და ძლივს გვარჩენდა... ლონდონში, ჩემპიონთა ლიგის თასი რომ დავაკავებინე, ორივემ ვიტირეთ...

- იმ ღამეს ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად გეძინათ. თქვენს მეუღლეს მოეწონა?
- თავიდან ამ იდეით მოხიბლული არ იყო, ხომ არ გაგიჟდიო, მაგრამ მერე გახალისდა და თასთან ერთად ფოტოები გადავიღეთ. ამ ფოტოებს, რა თქმა უნდა, ვერავის ვაჩვენებთ, ფოტოსესიის შემდეგ კი თასი საწოლის წინ დავდგით. ამ თასის დასაკუთრება შესანიშნავი, განუმეორებელი განცდაა. ჩემპიონთა ლიგის თასი იმის დასტურია, რომ მართლა დიდი ფეხბურთელი ვარ და დიდ გუნდში ვთამაშობ. იცით, რით ვამაყობ ყველაზე მეტად?

- გვითხარით...
- ამ სეზონში სამჯერ ვიყავი "ბაიერნის" კაპიტანი, რამაც მოტივაცია გამიორმაგა. იუპ ჰაინკესმა ბარსელონაში შვაინშტაიგერი და ლამი რომ შეცვალა, ფილიპი ეგრევე ჩემთან მოვიდა და კაპიტნის სამკლავური გამიკეთა. ვითომ ხომ პატარა ჟესტია, მაგრამ ამას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს ლამს ვუთხარი კიდეც.

- შარშან, "რეალთან" ნახევარფინალური მატჩის დროს რობენს წაეჩხუბეთ, ახლა კი, "უემბლიზე" არიენს ორი უმნიშვნელოვანესი პასი მიეცით - ერთმანეთს რომ ვერ იტანდეთ, "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას, ალბათ, ვერ მოიგებდა... როგორი ურთიერთობა გაქვთ რობენთან?
- ფინალამდე ბევრი ვისაუბრეთ. არიენს ვუთხარი, მნიშვნელობა არა აქვს, გოლს ვინ გაიტანს, ეს რობენისა და რიბერის დაპირისპირება კი არა, "ბაიერნის" თამაშია-მეთქი. ზოგადად, ამ სეზონში "ბაიერნის" უმთავრესი კოზირი ამაღლებული გუნდური სულისკვეთება იყო. სხვათა შორის, არიენმაც შეიცვალა თამაშის სტილი - ახლა გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს.

- ფინალში დაცვას თქვენც აქტიურად ეხმარებოდით, შავი სამუშაოს შესრულება არ ითაკილეთ და მიუხედავად ამისა, შეტევაში მაინც შეუდარებელი იყავით. ფრანკ რიბერიმ ეს სეზონი ზღაპრულად ჩაატარა და საინტერესოა, წარმატებებს რაიმე საიდუმლო ხომ არა აქვს?
- არავითარი საიდუმლო არ არსებობს. ისევე, როგორც ყველა ბაიერნელი, შარშანდელი წარუმატებლობის შემდეგ მეც უფრო მეტად მოტივირებული ვიყავი და ტიტულების მოსაგებად უფრო დიდი მონდომებით ვიშრომე. მეც ვფიქრობ, რომ ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონი იყო და ახლაც ისეთ კარგ ფორმაში ვარ, როგორშიც მანამდე არასდროს ვყოფილვარ.

ცხადია, ეს ყველაფერი იუპ ჰაინკესის ვარჯიშების დამსახურებაცაა, მაგრამ მე ხშირად თავისუფალ დღეებშიც ვვარჯიშობდი - ბაზაზე მარტო დავრბოდი და მერე საუნაშიც მარტო შევდიოდი. სხვათა შორის, ნაშუადღევს ხშირად ვიძინებდი ხოლმე და ესეც დამეხმარა.

- მათიას ზამერთან შეთანხმდით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში მასთან აზიდვების დუელს გამართავდით. როდის შედგება ეს დაპირისპირება?
- (იცინის) თარიღი თვითონ უნდა თქვას, მე ყოველთვის მზად ვარ და არც "ბაიერნიდან" მივდივარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრანკ რიბერი: ჰო, წუხელ ცოლთან და ჩემპიონთა თასთან ერთად ვიწექი
მკითხველის კომენტარები / 2 /
თავი მოიკალი რა
giorgi-ს
23:27 06-06-2013
0
საცოდაობა იქნება, ბაიერნის ერთი აყვავების გამო, რიბერიმ მიიღოს ოქროს ბურთი, და ხავის და ინიესტას კი არ ქონდეს...
Georgi
11:29 06-06-2013
0

სიახლეები პოპულარული