ბასტიან შვაინშტაიგერი: უფრო მეტი ტიტული მომინდა!

AutoSharing Option
გერმანული ტაბლოიდი "ბილდი" აგრძელებს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებთან საინტერესო ინტერვიუების გამოქვეყნებას და შესაბამისად, ჩვენც გთავაზობთ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი გმირების ინტერვიუებს. 9 ივნისს ბასტიან შვაინშტაიგერის ჯერი დადგა და აი, მისი ინტერვიუც. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა 28 წლის ნახევარმცველს 13-ივე მოგებული თასი ცხვირწინ დაუდეს.

- ჰერ შვაინშტაიგერ, რას ფიქრობთ, როცა თქვენ მიერ მოგებულ 13 ტროფეის უყურებთ?
- შესანიშნავი სანახაობაა. სხვათა შორის, ყველა თასი ერთად აქამდე არც მინახავს და უნდა ვთქვა, რომ ეს სიტუაცია მადას აღმიძრავს. ამ სეზონში ჰეთ თრიკი შევასრულეთ და წესით, დანაყრებული უნდა
ვიყო, მაგრამ არა - ახლა კიდევ უფრო დამშეული ვარ და უფრო მეტი ტიტულის მოგება მინდა.

- "ბაიერნის" მუზეუმში კიდევ ბევრი თასი დაეტევა...
- ...და მეც მხოლოდ 28 წლის ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისი დრო მაქვს იმისათვის, რომ პირადი მუზეუმიც კიდევ უფრო გავამდიდრო. ეს ასაკი ფეხბურთელისთვის იდეალურია. უკვე ვგრძნობ, რომ მომდევნო სეზონს მოუთმენლად ველოდები. ვფიქრობ, კიდევ არაერთ ტიტულს მოვიგებ.

- ოპერაცია ახლახან გაიკეთეთ და საბედნიეროდ, ლაზარეთში ყოფნა დიდხანს არ მოგიწევთ...
- ფეხი თებერვლის შემდეგ მაწუხებდა, მაგრამ თამაში შეიძლებოდა და ოპერაციის გაკეთება სეზონის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე. პრობლემამ პირველად "მაინცთან" მატჩის (3:0 "ბაიერნის" სასარგებლოდ) დროს იჩინა თავი და თუ გახსოვთ, მაშინ გერმანიის ნაკრებსაც (საფრანგეთთან) ვერ დავეხმარე. კარგია, რომ ოპერაცია სეზონის დასრულების შემდეგ გავიკეთე და ახალი სეზონის სტარტისთვის ჯანმრთელი ვიქნები.

- ამდენ ხანს როგორ მოითმინეთ?
- "ბაიერნს" ბრწყინვალე ექიმები ჰყავს - ნემსებითა და აბებით გამაძლებინეს. მარტში უკვე ვიცოდი, რომ ოპერაცია მჭირდებოდა და ჩემს ადგილზე ბევრს, შესაძლოა, ოპერაცია შუა სეზონში გაეკეთებინა, მე კი ასე, რა თქმა უნდა, არ მოვიქეცი.

- ერთ სეზონში სამი ტიტულის მოგება ისტორიული მიღწევაა. ასეთი რამ თვით ბეკენბაუერ-მიულერ-მაიერის თაობამაც კი ვერ შეძლო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ "ბაიერნში" ახალი "ოქროს ერა" დაიწყო?
- არ ვიცი. თქვენ მიერ ჩამოთვლილმა გიგანტებმა მაშინ უდიდესი ერა შექმნეს. მართალია, ჰეთ თრიკი ვერ შეასრულეს, მაგრამ ევროპაში დიდხანს იყვნენ საუკეთესოები.

- ახლა კი თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ხართ საუკეთესოები და წესით, ზენიტში დიდხანს უნდა დარჩეთ...
- მე ასეთი მოსაზრების გამოთქმისგან თავს შევიკავებდი. ჩემი აზრით, ევროპაში ნომერ პირველი გუნდი ჯერ კიდევ "ბარსელონაა".

- რატომ?
- იმიტომ, რომ "ბარსამ" წლების მანძილზე ითამაშა უმაღლეს დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთ სეზონში სამი ტიტულის მოგება გრანდიოზული მიღწევაა, ჯერ კიდევ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ავდგეთ და ვთქვათ, რომ ევროპაში პირველები ვართ.

- "ბარსელონა" "ბაიერნისთვის" ჯერ კიდევ მისაბაძი მაგალითია?
- ჰო, ოღონდ სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშით. სხვა მხრივ, "ბაიერნს" თავისი სტილი აქვს. ჩვენ ჩვენი გზით უნდა ვიაროთ, "ბარსა" თავისი გზით ივლის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენსა და კატალონიურ გრანდს შორის მომავალში დიდი დუელები გველის.

- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონა" მიწასთან გაასწორეთ - მიუნხენში 4:0 გაანადგურეთ, "ნოუ კამპზე" კი - 3:0. განა ეს სრულყოფილი ფეხბურთი არ იყო?
- თითქმის... ვგულისხმობ იმას, რომ მიუნხენში მოგებული მატჩი ტაქტიკის მხრივ იყო სრულყოფილი. ფაქტია, რომ "ბაიერნმა" ამ სეზონში უდიდესი პროგრესი განიცადა და იდეალურობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

- რა როლი ითამაშა ამაში იუპ ჰაინკესმა?
- გადამწყვეტი! ჰაინკესმა შეძლო და "ბაიერნი" ნამდვილ გუნდად აქცია. დააკვირდით, ამ სეზონში არცერთი ფეხბურთელი არაფერს თაკილობდა, ყველა ყველას ეხმარებოდა. წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისიც იყო, რომ შემტევი ფეხბურთელები დაცვას აქტიურად ეხმარებოდნენ. მე კი მუდმივად საკუთარი თავისა და თანაგუნდელების დამატებით მოტივირებას ვცდილობდი.

- რა ფორმით?
- მაგალითად, ფრანკ რიბერის და არიენ რობენს ხშირად ვეუბნებოდი, ბურთისთვის ბოლომდე თუ იბრძოლებთ და დაცვის ხაზისთვის მიხმარებას არ ითაკილებთ, მაყურებლები უფრო მეტ ტაშს დაგიკრავენ-მეთქი. ასეც იყო! ფილიპ ლამს ამისთვის ტაშს არავინ უკრავს, რადგან ამას მისგან ისედაც ელიან ხოლმე.

- ნახევარდაცვის შეფი თქვენ ხართ, თუმცა შეფობის თქვენეულ სტილს ხშირად აკრიტიკებენ...
- მწვრთნელს ან თანაგუნდელს, ამ მხრივ, არასდროს გავუკრიტიკებივარ. მეც ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ გუნდში ლიდერებისა და ლიდერობის კარგად გამოკვეთილი იერარქია უნდა იყოს, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ ლამი და მე ლიდერობის თანამედროვე მაგალითები ვართ. ჩვენი მართვის სტილი ბევრს უჩვეულოდ ეჩვენება, რადგან სხვანაირ ლიდერებს არიან მიჩვეულები. თუმცა ასეთი კრიტიკა გულთან ახლოს არასდროს მიმიტანია. ვცდილობ, მხოლოდ იმაზე ვიყო კონცენტრირებული, თუ რა უნდა მოვიმოქმედო იმისათვის, რომ გუნდმა კარგად ითამაშოს და ტიტულები მოიგოს.

- ბოლოს და ბოლოს, ტიტულებიც წამოვიდა...
- უკვე დრო იყო, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო. კიდევ ერთი ფინალის წაგება ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა. მიმაჩნია, რომ "ბაიერნმა" ეს ნამდვილად დაიმსახურა - არა მარტო იმის გამო, რომ ამ სეზონში მართლა სრულყოფილი ფეხბურთი ვითამაშეთ, არამედ ზოგადად, ჩვენი, თუნდაც მხოლოდ უახლესი ისტორიის გამო. ამ სეზონში სერიოზულად მხოლოდ ერთხელ ვინერვიულე...

- როდის?
- "არსენალთან" საპასუხო შეხვედრის ბოლო ხუთ წუთში, მას მერე, რაც 0:2-ს ვაგებდით. შემეშინდა, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდოდით და ოცნებას ისევ ვერ ავიხდენდით. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ამ სეზონში.

- წესით, "დორტმუნდთან" ფინალის პირველ ნახევარ საათშიც უნდა გენერვიულათ...
- არა! მიუხედავად იმისა, რომ პირველ 30 წუთში "ბორუსიამ" მართლა ძალიან კარგად ითამაშა, ფაქტია, არ მინერვიულია. ჩვენ ვიცოდით, რომ დორტმუნდელები პირველივე წუთებიდან შემოგვიტევდნენ, აქტიურ პრესინგს შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ "ბაიერნი" აშკარად "ბორუსიაზე" ძლიერი გუნდია.

- "ბაიერნი" შარშანაც "ჩელსიზე" ძლიერი ჩანდა, მაგრამ...
- კარგად მახსოვს ბიჭების სახეები "ჩელსისთან" წაგების შემდეგ. საკუთარ კედლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგება ისე გვეტკინა, რომ ამ სეზონს უკვე მაქსიმალურად მოტივირებულები და კონცენტრირებულები შევხვდით.

- "ჩელსისთან" ბოლო პენალტი დაარტყით და ბურთი ძელს მოხვდა...
- გასახდელში, ბიჭებს რომ ვუყურებდი, საკუთარ თავს ვუთხარი, ამ ტიტულს აუცილებლად მოვიგებ-მეთქი. იგივე გავიფიქრე მანამდეც, როცა ტრიბუნაზე ვერცხლის მედლების ასაღებად ავედი და დავინახე განადგურებული, შეურაცხყოფილი ული ჰიონესი. "უემბლის" ფინალში ეს კადრები სულ თვალწინ მედგა.

- ამიტომაც მიაწოდეთ ჩემპიონთა ლიგის თასი ჰიონესს?
- ჰო! მინდოდა, რომ ეს თასი მასაც აეწია და ამ ჟესტს არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმ პრობლემებთან, რაც ულის საგადასახადო სისტემასთან შეექმნა. ჰიონესი ბრწყინვალე ადამიანი, მენეჯერი და პრეზიდენტია, რომელმაც "ბაიერნისთვის" ძალიან ბევრი გააკეთა.

- დაჯილდოებისას ანგელა მერკელი ძალიან თბილად გადაკოცნეთ, კანცლერმა გულში ჩაგიკრათ...
- ამიერიდან სულ ასე იქნება (იცინის). ვფიქრობ, ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდა, მე კი მისი ნახვა გამიხარდა ძალიან. ფაქტია, რომ ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მოლოცვა და ჩახუტება.

- რაზე ესაუბრებოდით მერკელს იმ მომენტში?
- როცა ადამიანი მენდობა, მასთან საუბრის შინაარსს არასდროს არავის ვეუბნები. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საუბარში მოსალოცი სიტყვები ერია.

- ყველაზე მეტად ვისმა მოლოცვამ გაგაოცათ?
- გერმანიის ჩემპიონები რომ გავხდით, ტექსტური შეტყობინება თვით უსაინ ბოლტმაც გამომიგზავნა... ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ფრენკ ლემპარდმა მომილოცა და მითხრა, ეგ ტრიუმფი ნაღდად დაიმსახურეო. ორივემ ძალიან, მართლა ძალიან გამახარა და თან გამაკვირვა. სხვათა შორის, შარშანდელი ფინალის შემდეგ მეც მივულოცე ლემპარდს. ეს მაშინ ძალიან გამიჭირდა, მაგრამ გავაკეთე და როგორც ჩანს, სწორედ ეს ახსოვდა.

- ჩემპიონთა ლიგის მოგება, ალბათ, თავდაჯერებას შეგმატებთ...
- ჰო, თავდაჯერებისთვის ეს მართლაც ძალიან კარგია - ახლა ახალ სეზონს ამაყად ველოდებით. თანაც, მომავალ სეზონს დიდი სიახლით ვხვდებით: ერთი მსოფლიო დონის მწვრთნელი გავაცილეთ და მეორეს ველოდებით. დარწმუნებული ვარ, რომ პეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნიც" წარმატებული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბასტიან შვაინშტაიგერი: მაგარ ზეიმს მოვაწყობთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული