მიუნხენის "ბაიერნში" ყველა უსმენს და უჯერებს პეპ გვარდიოლას!

AutoSharing Option
სუფთა სპორტული თვალსაზრისით, ხოსეპ გვარდიოლას ერა "ბაიერნში" სამშაბათს, ნაშუადღევს, "ალიანს არენაზე" გამართული პირველი ვარჯიშით დაიწყო. მიუნხენელები პეპის პირველ ვარჯიშზე მინიმუმ 25 000 მაყურებელს ელოდებოდნენ, მაგრამ ბილეთი მხოლოდ 8 000-მა ფანმა შეიძინა, თუმცა ამის გამო არც პეპს წაუხდა ხასიათი და არც "ბაიერნის" ფეხბურთელებს.

ვარჯიში აბსოლუტურად ჩვეულებრივი გახლდათ და კონკრეტულად არ ვისაუბრებთ - გეტყვით მხოლოდ იმას, რომ გვარდიოლა ფეხბურთელების მოქმედებებში ხშირად ერეოდა და ახალ შეგირდებს რჩევებს აძლევდა. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" ახალი სეზონისთვის მზადება არასრულყოფილი შემადგენლობით დაიწყო. პეპმა პირველ ვარჯიშზე პირველი გუნდიდან მხოლოდ
16 ფეხბურთელი შეკრიბა და მათ მეორე გუნდიდან შვიდი მოთამაშე დაუმატა. ვარსკვლავებიდან იყვნენ კაპიტანი ფილიპ ლამი, თომას მიულერი, მანუელ ნოიერი და ფრანკ რიბერი.

ახალწვეულთაგან პირველ ვარჯიშში მხოლოდ "მაინციდან" შეძენილი იან კირხჰოფი მონაწილეობდა. რაც შეეხება მთავარ შენაძენს, დორტმუნდის "ბორუსიადან" 37 მილიონ ევროდ ნაყიდ მარიო გიოტცეს: ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ტრავმირებულია. სამაგიეროდ, გუნდთან ერთად ივარჯიშეს ტონი კროოსმა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და მარიო გომესმა, რომლის იტალიაში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

ბრაზილიელი ფეხბურთელები დანტე და ლუის გუსტავო, ასევე, ესპანელი ხავი მარტინესი, რომლებიც კონფედერაციათა თასზე ასპარეზობენ, "ბაიერნს" მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებში შეუერთდებიან. გვარდიოლა შედარებით ადრე ელოდება იმ მოთამაშეებს, რომლებმაც ივნისის დასაწყისში თავიანთ ნაკრებ გუნდებთან ერთად ითამაშეს და შვებულება სწორედ ამის გამო გაუხანგრძლივდათ - ესენი არიან: დავიდ ალაბა, არიენ რობენი, დანიელ ვან ბუიტენი, ჯერდან შაჩირი და მარიო მანჯუკიჩი.

"გვარდიოლას გაცნობა ყველას ძალიან გვინდოდა და მასთან პირველი შეხვედრით აღფრთოვანებულები ვართ. პეპი განმარტებების 80 პროცენტს გერმანულ ენაზე იძლეოდა," - განაცხადა ვარჯიშის შემდეგ მიულერმა.

"ვარჯიშზე ისეთი არაფერი ყოფილა, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია. ვფიქრობ, გვარდიოლა ფანტასტიკური მწვრთნელია. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ პეპი გერმანულად გველაპარაკება," - ეს ტონი კროოსის სიტყვებია.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გვარდიოლამ თავის ახალ შეგირდებს პირველად ასე მიმართა: "გილოცავთ ჰეთ-თრიკის შესრულებას. ჩემთვის თქვენი მწვრთნელობა დიდი პატივია! აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენზე და თქვენთან ერთად, "ბაიერნზე" ვიზრუნო. შევეცდები, დაგეხმაროთ იმაში, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეთ," - უთქვამს 42 წლის ესპანელს "ბაიერნის" ფეხბურთელებისთვის.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატი 9 აგვისტოს, სწორედ "ბაიერნისა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მატჩით იწყება, პირველი ტიტულის მოგების შესაძლებლობა კი პეპს 27 ივლისს მიეცემა - მართალია, გერმანიის სუპერთასი არც ისე სერიოზული თასია, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ თასისთვის რეკორდმაისტერი დორტმუნდის "ბორუსიას" ხვდება, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ძალიან საინტერესო მატჩი გველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრანკ რიბერი: გვარდიოლა კლასიკური "ათიანის" პოზიციაზე მხედავს
მკითხველის კომენტარები / 1 /
პეპი ჭკვიანი მწვრთნელია , მაგრამ მეეჭვება ბაიერნმა გაისათაც მიახწიოს იგივე წარმატებას,ვულოცავ ყველა ბაიერნის გულშმატკივარს ჩემპინთა ლიგის მოგებას, ბაიერნი იმსახურებდა ამ ტიტულს,
ბარსა
12:05 28-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული