"ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში კელი დარწმუნებით აცხადებს, რომ მიუხედავად მარიო გიოტცეს დაკარგვისა, "ბორუსია" მაინც ძლიერი გუნდი იქნება და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.
- ჰერ კელ, "დორტმუნდი" მზადებას ოთხშაბათს შეუდგება. ფეხბურთის თამაში უკვე მოგენატრათ?
- ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ მართლაც ხანგრძლივი შვებულება მჭირდებოდა. ამ ხნის განმავლობაში შევეცადე, "ბაიერნთან" წაგება დამევიწყებინა – ცხადია, ვერ დავივიწყე,
- როგორ ფიქრობთ, რის მიღწევა შეუძლია "დორტმუნდს" მომდევნო სეზონში?
- ბოლო წლებში "ბორუსია" სტაბილურად ძლიერ კლუბად ჩამოყალიბდა. საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს და ნამდვილად არ დავსუსტდებით. პირიქით: მე მგონია, რომ მომავალ სეზონში უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება.
- გვარდიოლას "ბაიერნს" კონკურენციას გაუწევთ?
- ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ "ბაიერნისთვის" სერიოზული კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. მიუნხენელებმა ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა დამსახურებულად მოიგეს და მომდევნო სეზონშიც ფავორიტები იქნებიან, მაგრამ ჩვენც მაქსინალურად შევებრძოლებით.
- "დორტმუნდმა" ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფეხბურთელი შეიძინა – მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი. ფაქტია, რომ გუნდს გაძლიერება კიდევ სჭირდება...
- ამაზე არ ვნერვიულობ. კარგი ფეხბურთელების გადმობირება ადვილი ნაღდად არ არის, ჩვენ კი მხოლოდ კარგები გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ იურგენ კლოპი, მიხაელ ცორკი და ჰანს-იოახიმ ვატცკე დანაპირებს შეასრულებენ და 2-3 მართლა მაგარ ფეხბურთელს დაგვიმატებენ.
- რობერტ ლევანდოვსკიც რჩება...
- ეს ძალიან მიხარია! რობერტი ჩვენი გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რაც გასულ სეზონში ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა. მისი დაკარგვა ახლა ნამდვილად არ შეიძლებოდა.
- არ გეშინიათ, რომ ლევანდოვსკი აღარ მოინდომებს ისე, როგორც აქამდე ინდომებდა? მას ხომ "ბაიერნში" გადასვლა უნდოდა...
- არა მგონია, რომ მოტივაცია დააკლდეს. რობერტი ნამდვილი პროფესიონალია და ესეც არაერთხელ დაუმტკიცებია. ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება იმაში, რომ ლევანდოვსკი "დორტმუნდისთვის" მაქსიმალურად დაიხარჯება.
- მატს ჰუმელსმა ვერ დამალა გაბრაზება იმის გამო, რომ მარიო გიოტცე "ბაიერნში" გადავიდა და "გიოტცინიო" მწარედ გააკრიტიკა. თქვენ რას ფიქრობთ?
- მარიომ, რა თქმა უნდა, ყველას გული დაგვწყვიტა. როცა გავიგე, რომ "ბაიერნში" გადადიოდა, გაკვირვებისგან მეც პირი დავაღე. თუმცა ამ ამბავსაც პოზიტიური კუთხით უნდა შევხედოთ: სამაგიეროდ, გიოტცეს ტრანსფერმა საკმაოდ ბევრი ფული მოგვიტანა და საშუალებას გვაძლევს, გუნდი გავაძლიეროთ. მის სანაცვლოდ აღებული თანხა ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ. თავიდან მეც ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ახლა კი გაბრაზებამ გადამიარა და უბრალოდ ნაწყენი ვარ. ჩვენ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ, მარიოს კი ღმერთმა ხელი მოუმართოს...
- ჰუმელსმა თქვა, გიოტცეს სპორტული თვალსაზრისით არანაირი მიზეზი არ ჰქონდა საიმისოდ, რომ "ბაიერნში" გადასულიყოო. ეთანხმებით?
- საბოლოო ჯამში ასეთი გადაწყვეტილებები ინდივიდუალურია. ჩემი აზრით, ბოლო წლებში "დორტმუნდი" პრესტიჟულობის მხრივ "ბაიერნს" მნიშვნელოვნად მიუახლოვდა – "ბორუსიაზე" უკეთესი ატმოსფერო კი, არა მგონია, სადმე იყოს. ვფიქრობ, რომ გიოტცე "დორტმუნდში" კიდევ 1-2 წელი მაინც უნდა დარჩენილიყო.
- მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ითამაშეთ, "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე მესამე კალათაში იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ სიკვდილის ჯგუფში მოხვედრა გემუქრებათ...
- ჰო, ალბათ ისევ ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდებით, მაგრამ ეს არ გვაშინებს. დიდი სახელი ავტომატურად წარმატებას არ ნიშნავს და წარმატების მიღწევა ქვედა კალათებიდანაც შესაძლებელია – ამაში გასულმა სეზონმა დაგვარწმუნა.
- "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2014 წლამდე გაკავშირებთ. ეს თქვენი უკანასკნელი სეზონი იქნება "ბორუსიაში"?
- ჯერ არ ვიცი. ზამთარში ან ახალი წლის დასაწყისში ალბათ ხელმძღვანელებს დაველაპარაკები. შესაძლოა, მწვრთნელის ლიცენზია ავიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სებასტიან კელი: დარწმუნებულები ვართ, მადრიდის "რეალს" ვაჯობებთ