პეპისთვის ახლა ყველაზე მთავარი კომუნიკაცია, ახალი იდეები და ექსპერიმენტებია.
თავის მეორე პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ ცოტათი დააგვიანა და ბოდიშის მოხდის დროს ისეთი არგუმენტი მოიყვანა, რომ ამ დაგვიანების გამო ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა პეპი ოდნავადაც ვეღარ გააკრიტიკეს - იტალიაში ვართ, აქ დაგვიანება არათუ დანაშაული არ არის, არამედ აუცილებელიცააო.
"ბაიერნი" ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობს და მიუნხენელები სწორედ ამიტომ იკრიბებიან
შპრეხენ ზი დოიჩ?
10 დღეზე მეტია, რაც პეპი "ბაიერნში" მუშაობს და ამ 10 დღეში გერმანული ენა კიდევ უფრო უკეთ დაუმუღამებია - არადა, მას მერე, რაც მიუნხენში ჩავიდა და მუშაობას შეუდგა, გაკვეთილებს აღარ უტარებენ. გვარდიოლა ამბობს, რომ მისი მასწავლებლები ახლა "ბაიერნის" ფეხბურთელები არიან. თუმცა პეპი აღიარებს, რომ ენობრივი ბარიერი ჯერ კიდევ არსებობს და განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა კონკრეტული სპორტული ტერმინებით ცდილობს რაღაცის ახსნას.
ჩვენი გერმანელი კოლეგები კი წერენ, უშუალოდ პრესკონფერენციაზეც ეტყობა, რომ ბევრი რამის თქმა უნდა, მაგრამ ამას ენის ბარიერის გამო ვერ ახერხებს და თან არც იხტიბარს იტეხსო.
ალბათ ამიტომაც გაიმეორა გვარდიოლამ რამდენიმე წინადადება პირველი პრესკონფერენციიდან: მიყვარს, როცა ჩემი გუნდი უტევს და არ მიყვარს, როცა ბურთს მეტოქე ფლობსო.
ჯერ გაცნობა
ყველამ ვიცით, როგორ თამაშობდა და როგორ უტევდა გვარდიოლას ფორმაციის "ბარსელონა", მაგრამ ახლა უკვე ისიც ვიცით, რომ პეპის მიზანი ის კი არ არის, რომ მიუნხენში ახალი "ბარსა" შექმნას, არამედ მას თავად სურს "ბაიერნზე" მორგება. ესპანელმა სპეციალისტმა გერმანელ ჟურნალისტებს გულახდილად უთხრა, რომ მასაც ძალიან ბევრი რამ აქვს სასწავლი:
"ბიჭებს ხშირად ვეკითხები რჩევას. აქ მარტო იმიტომ კი არ ჩამოვედი, რომ სხვებს ვასწავლო რაღაცები, არამედ მე თვითონაც უნდა ვისწავლო ბევრი რამ!"
ამ ეტაპზე პეპისთვის ყველაზე მთავარი ახალ შეგირდებთან კომუნიკაცია და მათი გაცნობაა. გვარდიოლას უნდა, რომ ბიჭები პირადად, მოედანს მიღმაც გაიცნოს. "ტაქტიკასა და ფიზიკურ მომზადებაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვიმუშავებთ," - დასძენს პეპი.
ფეხბურთელები ახალ პოზიციებზე
გვარდიოლას ამოცანა მიუნხენში უმაღლესი დონის წლების მანძილზე შენარჩუნებაა. მას უნდა, რომ წინა სეზონის ტრიუმფატორ გუნდს მიღებული რენომე შეუნარჩუნოს და "ბაიერნში" დიდი ერა შექმნას. შესაბამისად, გავრდიოლამ განსაკუთრებული სერიოზულობით სწორედ ეს წინადადება თქვა:
"ფეხბურთელებისგანაც უდიდეს მონდომებას მოველი. ბიჭებიც მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ ბევრი რამ ისწავლონ. ადამიანმა არასდროს არ უნდა მიიჩნიოს, რომ ყველაფერი იცის - სწავლა ყოველთვის აუცილებელია!"
პირველ ტესტ-მატჩებში პეპმა ფრანკ რიბერი ძირითადად მისთვის უჩვეულო, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშა, რასაც გერმანულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ბარსელონაში" პეპი ფაქტობრივად ასე ათამაშებდა ლიონელ მესისაც და გერმანელმა ექსპერტებმაც მიიჩნიეს, რომ რიბერისაც მესის იდენტური პოზიციისთვის ამზადებს.
"ბავშმაც კი იცის, რომ რიბერი გარემარბია და თავს ყველაზე კარგად ფლანგზე გრძნობს. მე უბრალოდ მინდა გავიგო, კიდევ რომელ პოზიციაზე შეუძლიათ თამაში ბიჭებს, მათ შორის, რიბერისაც," - აღნიშნა გვარდიოლამ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე დეტალურად საუბარი არ სურდა, ჟურნალისტებმა გვარდიოლას ტაქტიკაზე მაინც ჩამოუგდეს სიტყვა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა სამი ცენტრალური მცველით თამაშს, პეპმა უპასუხა, ესეც შეიძლებაო.
კლასიკური ცენტრფორვარდით თამაშს გეგმავს თუ "ცხრიანის" გარეშე (როგორც "ბარსელონაში")? პეპის პასუხი: "ორივე შესაძლებელია!" გვარდიოლამ ისიც თქვა, რომ ფეხბურთელებს ახალ პოზიციებზე ან ახალ ტაქტიკაში შეცდომების დაშვების უფლება აქვთ, რადგან ადამიანი სწორედ შეცდომებზე სწავლობს.
ახალი იდეები და გზები
უახლოეს დღეებს გვარდიოლა თავის ახალ შეგირდებზე ამომწურავი ინფორმაციის შესაგროვებლადაც გამოიყენებს. პეპის თქმით, მან სწორედ ამიტომ წაიყვანა იტალიაში 30 ფეხბურთელი და გუნდს ახლა ახლა არიენ რობენიც შეუერთდება.
ჰოლანდიელ გარემარბს პეპი "საჩუქარს" უწოდებს - ასეთი ფეხბურთელი ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი საჩუქარიაო. ტრავმირებული ფეხბურთელების, ბასტიან შვაინშტაიგერის, მარიო გიოტცეს და ჰოლგერ ბადშტუბერის გუნდთან ერთად ყოფნა კი მათი უკეთ გაცნობის მიზანს ემსახურება.
"მოგვიანებით ჩვენი ვარჯიშები დახურული იქნება, რადგან სიმშივიდე მჭირდება. ძალიან ბევრი იდეა მაქვს და არ მინდა, რომ თითოეულ ექსპერიმენტზე ბევრი ითქვას და დაიწეროს", - აღნიშნა გვარდიოლამ.
პეპს უნდა, რომ "ბაიერნის" თამაში ისე განვითარდეს, რომ რეკორდმაისტერმა სტილი არ შეიცვალოს, ფეხბურთელებმა კი უბრალოდ ყველა ტაქტიკურ-სტრატეგიული ვარიანტი უნდა იცოდნენ, თითოეული ახალი იდეა გათავისებული უნდა ჰქონდეთ, რადგან პეპს უშუალოდ თამაშის დროს ბევრი რამის შეცვლა უყვარს. სწორედ ამიტომ, "ბაიერნის" ამ და მომავალი შეკრების უმთავრესი დევიზია სწავლა, სწავლა და სწავლა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: ერთმანეთის კარგად გასაცნობად დრო გვჭირდება
მიუნხენის "ბაიერნის" სამზადისი: ხოსეპ გვარდიოლა პატარებს აკვირდება
"ბაიერნი": ხოსეპ გვარდიოლა ახალ ველოსიპედს იგონებს?