ხოსეპ გვარდიოლას მეგობრული პანღური არიენ რობენს [VIDEO]

AutoSharing Option
არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნს" ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე შაბათს შეუერთდა, კვირას კი, შვებულების შემდეგ, გუნდთან ერთად და ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა.

ჰოლანდიელი ვარსკვლავი სეზონისწინა შეკრებაზე ყოველთვის ისე იქცეოდა ხოლმე, როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეშვენის, ახლა კი აღიარებს, რომ ხეირიანად დასვენება ვერ მოასწრო.

"შვებულება მართლა ძალიან ხანმოკლე გამოვიდა. წამოსვლამდე, ცოლს რომ ვემშვიდობებოდი, არ მჯეროდა, რომ ფეხბურთის თამაში ასე მალე უნდა დამეწყო. დასვენება ნამდვილად არ მეყო, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთი ასეთია, კალენდარი კი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო იტვირთება," - უთხრა
29 წლის რობენმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

რობენი შვებულებაში მართლაც გვიან, მხოლოდ 12 ივნისს გავიდა, რადგან "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის ფინალების მოგების შემდეგ ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ინდონეზიასა და ჩინეთში წაიყვანეს. ახლა კი ისევ "ბაიერნში" დაბრუნდა და იცის, რომ "რეკორდმაისტერისთვის" ყველაფერი თავიდან იწყება". სამი ტიტული, მისი გადამწყვეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ტრიუმფალური სეზონის ზეიმი - ეს ყველაფერი უკვე ისტორიის საკუთრებაა.

"თითქოს ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, მაგრამ მაინც რაღაცნაირი, განსაკუთრებული სიტუაცია დამხვდა. სამი უმთავრესი ტიტულის მოგების შემდეგ უფლება გვაქვს, რომ განტვირთულები ვიყოთ. დაძაბულობა მართლაც აღარ იგრძნობა და ჩანს, რომ წნეხის ქვეშ აღარ ვართ, მაგრამ დამერწმუნეთ, "ბაიერნი" ჯერ კიდევ არ დანაყრებულა! ტიტულების მოგება ზუსტად ისე გვინდა, როგორც შარშან გვინდოდა. ან უფრო მეტადაც კი!" - ამბობს რობენი.

ასეთი სიტყვები რობენისგან გერმანიაში არასდროს სმენიათ. არიენი ყოველთვის დაძაბული და დამუხტული იყო ხოლმე, რადგან უმეტესად არ უმართლებდა. ხშირი ტრავმიანობის გამო მას მიუნხენში ჰოლანდიელი პაციენტი შეარქვეს და ტრავმებს ისიც დაემატა, რომ გადამწყვეტ მატჩებში უპატიებელ შეცდომებს უშვებდა.

ახლა კი, რაკი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გმირი გახდა, რობენი უკვე სულ სხვა რობენია: "ასე მშვიდად დიდი ხანია არ ვყოფილვარ. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს წარმატების მთავარი გასაღები. უკვე ვხვდები, რომ რაც უფრო დაძაბული ხარ, მით უფრო გიჭირს წარმატების მიღწევა".

არიენი უცნაურ ტრავმებს განსაკუთრებით სეზონის პირველ ნახევარში იღებდა ხოლმე. "მზადებას ყოველთვის ჩვეულებრივად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვიწყებდი ხოლმე, მაგრამ მერე მუდმივად რაღაც მემართებოდა," - იხსენებს რობენი და იმედოვნებს, რომ მომდევნო სეზონში უცნაური ტრავმები აღარ გატანჯავს.

პეპს რობენი ისეთი მოსწონს, როგორიც არის
რაც შეეხება გვარდიოლას, რომელმაც ჰოლანდიელ გარემარბს "ტოპ-ფეხბურთელი" და "ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი საჩუქარი" უწოდა, არიენი ესპანელით კმაყოფილია, მაგრამ მწვრთნელს უკვე აფრთხილებს:

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"უკვე ვხვდები, რომ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო სეზონი მელის. არა მგონია, რომ პეპმა ჩემი თამაშის სტილში რამე შეცვალოს. იმედი მაქვს, რომ მან ჩემი შესაძლებლობები დეტალურად იცის. რა თქმა უნდა, გვარდიოლას ახალი იდეები ექნება, მაგრამ, იმედია, დრიბლინგს არ ამიკრძალავს და არ მეტყვის, მარტო პასები არიგეო. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, მოედნიდან გამიყვანოს!" - თუმცა ცხადია, რომ გვარდიოლა ასეთ რამეს არ ეტყვის, რადგან თავად პეპმა თქვა, რობენის უდიდესი პლუსი სწორედ მისი ინდივიდუალური ოსტატობააო.

რაც შეეხება ფოტოს: ეს ფოტომონტაჟი არ გეგონოთ, გვარდიოლამ რობენს პანღური მართლაც უთავაზა - თუკი შეიძლება, რომ ამას პანღური ეწოდოს. ეს რობენის პირველსავე ვარჯიშზე მოხდა და ჰოლანდიელი ფეხბურთელი ახალი მწვრთნელის ასეთ საქციელს ღიმილით შეხვდა.

"ეს მეგობრული საქციელი იყო. გვარდიოლასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება," - უთხრა ჰოლანდიელმა "ბილდს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არიენ რობენი: მიუნხენის "ბაიერნში" "ოქროს ბურთის" ღირსი არავინაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული