კარლ-ჰაინც რუმენიგე: იცით, რატომ ვამჯობინეთ მარიო გიოტცე ნეიმარს?

AutoSharing Option
"ბაიერნმა" პირველი შეკრება უკვე დაასრულა, "დორტმუნდიდან" 37 მილიონ ევროდ შეძენილ მარიო გიოტცეს კი ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჯერ ერთი ვარჯიშიც არ ჩაუტარებია - "გიოტცინიო" ჯერაც ტრავმირებულია.

ამასობაში რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჟურნალ "შპორტ ბილდს" საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელშიც "ბაიერნის" ფანებს და ზოგადად, საფეხბურთო საზოგადოებას აუხსნა, რატომ ამჯობინა მიუნხენურმა გრანდმა ნეიმარს ("ბარსელონაში" გადავიდა) გიოტცე.

"ჩვენ ზუსტად ვიცოდით, როგორი ფეხბურთელი გვჭირდებოდა და პეპ გვარდიოლასთან საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსიაც გავმართეთ. პრინციპში, მხოლოდ ორი უმაღლესი კლასის ახალგაზრდა ფეხბურთელზე ვფიქრობდით და ცხადია, ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა
გვეყიდა. ერთი ნეიმარი იყო, მეორე კი მარიო გიოტცე და ჩვენ ისიც ზუსტად ვიცოდით, რომ ორივე მათგანის ტრანსფერი შესაძლებელი იყო.

გიოტცეს შესახებ ყველაფერი ვიცოდით, ნეიმარზე კი ცნობები ჩვენი წყაროების მეშვეობით შევაგროვეთ და გვარდიოლას გავუზიარეთ,
- იხსენებს რუმენიგე...

...და დასძენს: "ერთი სიტყვით, ნეიმარსა და გიოტცეს შორის არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ უფრო გიოტცეს ტრანსფერს ვემხრობოდით, გვარდიოლა კი მაინც ორჭოფობდა და არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ნეიმარის ყიდვას მარიოს ყიდვა სჯობდა.

ძალიან კარგად მახსოვს ის სიტუაცია, როცა პეპი გიოტცეს უპირატესობაში დავარწმუნე. ეს ციურიხში შეხვედრის დროს მოხდა. ერთად ვისხედით, გარეთ კი საშინელი, ამაზრზენი ამინდი იყო. პეპს ვუთხარი, ფანჯარაში გაიხედე-მეთქი. რატომო - მკითხა. მე კი ვუპასუხე: წარმოიდგინე, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი სამშობლოდან, ანუ 30-გრადუსიანი სიცხიდან გერმანიაში ჩამოიყვანო, სადაც მინუს ექვსი გრადუსია და გაითვალისწინე, რომ მან არც ენა იცის და მისთვის გერმანული
კულტურა და მენტალიტეტი ძალიან უცხოა - ფაქტია, რომ გერმანიაში სამხრეთული სითბო (სითბო ყველა გაგებით) არ ელოდება. როცა საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეხება, ასეთ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს-მეთქი.

პეპი მაშინვე მიხვდა, რისი თქმაც მსურდა და დამეთანხმა".


უპირატესობა გერმანელს ენიჭება
რუმენიგეს თქმით, არჩევანის გაკეთებისას ფულს მნიშვნელობა არ ჰქონდა. კალეს აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა და ახალმა მწვრთნელმა კონსენსუსს ერთად მიაღწიეს. "საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ის, რომ როცა არჩევანი ორ ფეხბურთელს შორის კეთდება, რომელთაგან ერთი გერმანელია და ის მეორეს არაფრით ჩამოუვარდება, უპირატესობა გერმანელ ფეხბურთელს უნდა მიენიჭოს და ამაში გვარდიოლაც გვეთანხმება," - ამბობს რუმენიგე "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი ოდნავადაც არ ნანობს იმას, რომ რეკორდმაისტერმა გიოტცეში მართლაც ძალიან დიდი ფული, 37 მილიონი ევრო გადაიხადა: "მარიო შესანიშნავი მოთამაშეა, მე კი დარწმუნებული ვარ იმაში, რომ "ბაიერნში" უდიდეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდება. მისით პეპიც აღფრთოვანებულია - ამბობს, გიოტცეს უმთავრესი პლუსი ის არის, რომ წინა ხაზის 5 პოზიციაზე შეუძლია თამაშიო. ერთი სიტყვით, მარიო ისეთი ფეხბურთელია, რომლითაც გვარდიოლას მეტოქეების გაოცება შეეძლება".

შეგახსენებთ, რომ 21 წლის მარიო გიოტცეს გერმანიის ნაკრებში უკვე 22 მატჩი აქვს ჩატარებული, ბუნდესლიგის გასულ სეზონში კი 28 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

3:0 "ბრეშასთან"! გვარდიოლა: დრო გვჭირდება
რაც შეეხება "ბაიერნის" პირველ სერიოზულ ტესტ-მატჩს: რეკორდმაისტერმა იტალიური "ბრეშა" 3:0 დაამარცხა. მიუნხენელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, მაგრამ რამდენიმე ხეირიანი მომენტი ვერ გამოიყენეს. ამ შეხვედრაში ბასტიან შვაინშტაიგერისა და მარიო გიოტცეს გარდა, არც არიენ რობენს უთამაშია. ჰოლანდიელი, რომელიც გუნდს შაბათს შეუერთდა, მატჩის დროს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

გვარდიოლამ "ბაიერნს" თამაში ისევ 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით დააწყებინა. მანუელ ნოიერის წინ, დაცვის ხაზში ლამი, ვან ბუიტენი, ბოატენგი და ალაბა ირჯებოდნენ. პეპმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე კვლავ ახალგაზრდა ჰოიბერგი გაამწესა, მის წინ კი შაჩირი, მიულერი, კროოსი და რიბერი მოქმედებდნენ. ერთადერთი ცენტრფორვარდი კი, მოლოდინისამებრ, მანჯუკიჩი გახლდათ.

პირველი გოლი თომას მიულერმა მანჯუკიჩის პასით გაიტანა, მერე კი თავად გაატანინა ტონი კროოსს. მესამე გოლი ახალწვეული კირხჰოფის ანგარიშზეა, რომელმაც კუთხურის დროს მეკარის შეცდომით ისარგებლა და ზუსტი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ბრეშა" ჩვენთვის პირველი სერიოზული მეტოქე იყო და ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. ვიცი, რომ ბევრი მეტს ელოდა, მაგრამ დასაწყისი ყოველთვის რთულია. დრო გვჭირდება და თანაც, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ გვყავს. ტაქტიკურ სქემას ამ ეტაპზე დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ,"
- განაცხადა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლას მეგობრული პანღური არიენ რობენს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული