მიუნხენის "ბაიერნის" 319-მილიონიანი ნახევარდაცვა

AutoSharing Option
მაშ ასე: "ბაიერნმა" კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი სრულყო. პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა რეკორდმაისტერის ახალ თავკაც ხოსეპ გვარდიოლას მისთვის სასურველი ტიაგო ალკანტარაც მიჰგვარეს.

ჩვენი გერმანელი კოლეგები იუწყებიან, "ბაიერნს" 22 წლის ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდაო. ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რას უპირებს გვარდიოლა საკმაოდ გადატვირთულ ნახევარდაცვას. ფაქტია, რომ პეპს უკვე უდიდესი არჩევანი აქვს.

"ბაიერნს" ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩი 9 აგვისტოს, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" უწევს და გვარდიოლას მანამდე საკმარისი დრო აქვს იმისათვის, რომ
ბევრი იფიქროს და მოიფიქროს, რომელ ნახევარმცველებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა თუნდაც "გლადბახთან" და ზოგადად, არა მარტო "გლადბახთან" შეხვედრაში.

საყრდენი და შემტევი ნახევარმცველების პოზიციებისთვის გვარდიოლას განკარგულებაში 10 მაღალი კლასის ფეხბურთელია: ფრანკ რიბერი, თომას მიულერი, არიენ რობენი, ტონი კროოსი, მარიო გიოტცე, ბასტიან შვაინშტაიგერი, ხავი მარტინესი, ლუის გუსტავო, ტიაგო ალკანტარა და ჯერდან შაჩირი. ეს 10 ვარსკვლავი ძირითადი შემადგენლობის 5 ადგილისთვის იბრძვის.

საერთო ჯამში, რეკორდმაისტერის ნახევარდაცვის ფასი დაახლოებით 319 მილიონ ევროს შეადგენს. შედარებისთვის, "ბაიერნის" ნახევარდაცვა იმაზე მეტი ღირს, ვიდრე მთელი გუნდი "ბრაუნშვაიგში", "აუგსბურგში", "მაინცში", "ჰერტაში", "ნიურნბერგში", "ფრაიბურგსა" და "ჰოფენჰაიმში" (დაახლოებით 308 მილიონი).

ამთავითვე ცხადია, რომ გვარდიოლა როტაციას მიმართავს, მაგრამ გამოუვა კი ეს ისე კარგად და უმტკივნეულოდ, როგორც იუპ ჰაინკესს გამოსდიოდა? გასულ შაბათ-კვირას ჩატარებულ ტესტ-მატჩებში "ზონენჰოფ გროსაპახთან" (6:0) და როსტოკის "ჰანზასთან" (4:0) გვარდიოლამ მისთვის უკვე ჩვეულებად ქცეულ 4-1-4-1 ტაქტიკურ სქემაში ერთადერთ კლასიკურ საყრდენად ტონი კროოსი გაამწესა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უფრო იმით გახლდათ განპირობებული, რომ "დორტმუნდიდან" 37 მილიონ ევროდ შეძენილი მარიო გიოტცე, ბასტიან შვაინშტაიგერი (ორივე ჯერ კიდევ ტრავმირებულია), ხავი მარტინესი, ლუის გუსტავო (შვებულებაში არიან) და ტიაგო ალკანტარა გვარდიოლას განკარგულებაში არ იყვნენ.

მნიშვნელობა არა აქვს, პეპი ერთი საყრდენით ითამაშებს თუ ორით - კონკურენცია უდიდესია, რადგან ამ პოზიციისთვის მას გუსტავო, მარტინესი და შვაინშტაიგერი ჰყავს. "ექვსიანების" პოზიციაზე თამაში კროოსს და ალკანტარასაც შეუძლიათ. სერიოზული კონკურენციაა ფლანგებზეც, სადაც ორი ადგილი და 6 ფეხბურთელია: რობენი, რიბერი, მიულერი, გიოტცე, შაჩირი და იგივე ალკანტარა. ამათგან, მიულერსა და გიოტცეს ცენტრფორვარდის უკანაც შეუძლიათ თამაში და შესაბამისად, კროოსის კონკურენტები ან ალტერნატივები არიან. პეპი ალბათ ამიტომაც ფიქრობს მარტინესის უკან დახევასა და დაცვის ცენტრში გამწესებაზე.

პირველი შეკრების შეჯამება
რაკი "ბაიერნმა" პირველი შეკრება უკვე დაასრულა, გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შესაძლებელია. 42 წლის ესპანელმა სპეციალისტმა თავისი ახალი შეგირდები მეტ-ნაკლებად გაიცნო. გაზეთ "ბილდის" ექსპერტების შეფასებით, ტრენტინოს შეკრებაზე რამდენიმე ფეხბურთელი წინა პლანზე წამოიწია.

"ბილდმა" პირველი შეკრების მოგებულები და წაგებულები დაასახელა.

მოგებულები
დანიელ ვან ბუიტენი (35 წლის): ჩვენს გერმანელ კოლეგებს თვალში მოხვდათ ის, რომ გვარდიოლა პირველივე დღიდან ყველაზე ხშირად და ყველაზე დიდხანს ბელგიელ მცველს ესაუბრებოდა. ვეტერან მცველს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი ახლახან სწორედ გვარდიოლასთან საუბრის შემდეგ გაუგრძელეს. როგორც ჩანს, პეპი ვან ბუიტენს ჟერომ ბოატენგსა (24) და იან კირხჰოფზე (22) წინ აყენებს.

პიერ-ემილ ჰოიბერგი (17 წლის): მან შვაინშტაიგერის, მარტინესისა და ლუის გუსტავოს არყოფნით ისარგებლა, შანსი გამოიყენა და ყურადღების ცენტრში მოექცა. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვარდიოლა ტესტ-მატჩებში უმეტესად 4-1-4-1 ტაქტიკურ სქემას იყენებს და "ბრეშასთან" ამასწინანდელ შეხვედრაში, რომელიც ბავარიელებმა 3:0 მოიგეს, პეპმა ერთადერთ საყრდენად სწორედ ჰოიბერგი გაამწესა.

"პიერ-ემილი ძალიან სწრაფად და შესანიშნავად ვითარდება. უკვე თამამად ვიტყვი, რომ ჰოიბერგი ბავშვი აღარ არის, ის უკვე კაცია," - ეს "ბაიერნის" სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის სიტყვებია.

წაგებულები
მარიო გომესი (28 წლის): გომესი "ბაიერნის" ფეხბურთელი აღარ არის, მაგრამ რაკი შეკრებაზე იყო, ამ სიაში მაინც მოხვდა. რაკი მიუნხენიდან წასვლა უნდოდა, მარიო, ფაქტობრივად, როლის გარეშე დარჩა და მის შეკრებაზე წაყვანას აზრი ფაქტობრივად არც ჰქონია. "ფიორენტინაში" ტრანსფერი კი უსაშველოდ გაიწელა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ გომესმა ვერაფერი მოიგო.

საერთოდაც, გომესი გვარდიოლას ხელში ნომერ პირველი წაგებულია, რადგან იმ დროს, როცა მისი ყოფილი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის წოდების შენარჩუნებას ეცდებიან, თავად 28 წლის თავდამსხმელმა ფლორენციულ კლუბთან ერთად ევროპალიგაში უნდა ითამაშოს.

"ბაიერნის" ფანები: უკმაყოფილოები დარჩნენ რეკორდმაისტერის გულშემატკივრებიც, რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა შეკრებაზე "ბაიერნის" ვარჯიშები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. იმედგაცრუებული ფანები კი სტადიონს მიღმა იდგნენ.

"იტალიაში გავლილი შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი. ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ვაპირებთ და ვფიქრობ, რომ ახალი სეზონის სტარტს იდეალურ მზადყოფნაში შევხვდებით," - ეს "ბაიერნის" კაპიტან ფილიპ ლამის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რას უპირებს ხოსეპ გვარდიოლა ტიაგო ალკანტარას?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული