მიუნხენის "ბაიერნის" ძირითადი შემადგენლობა გამოიკვეთა

AutoSharing Option
"ბაიერნში" კონკურენცია უკიდურესად რომ გამძაფრდა, ამის შესახებ არაერთხელ ვწერდით. ახლა კი ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა თავიანთი დაკვირვებების შეჯამება გამოაქვეყნეს - გაზეთ "ბილდის" კორესპონდენტი ხოსეპ გვარდიოლას ვარჯიშებსა და ტესტ-მატჩებს გულმოდგინედ აკვირდებოდა, გააანალიზა და "ბაიერნის" სავარაუდო ძირითად შემადგენლობაზე წერს.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ რეკორდმაისტერის სათადარიგო ფეხბურთელებითაც ისეთი გუნდის დაკომპლექტება შეიძლება, რომელსაც ასევე ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.

დღეს "ბაიერნის" გულშემატკივრები ყველაზე მეტს სწორედ იმაზე ბჭობენ, თუ რომელ ფეხბურთელებს მოიაზრებს პეპ გვარდიოლა ძირითად შემადგენლობაში და რომელ მოთამაშეებს შეეხებათ როტაცია. "ბაიერნში" წინა სეზონშიც დიდი კონკურენცია იყო,
მაგრამ ახლა კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც მარიო გიოტცესა და ტიაგო ალკანტარას ტრანსფერების დამსახურებაა და რაც, პირველ რიგში, ნახევარდაცვას ეხება.

"ბაიერნი" ჯერ მხოლოდ მარიო გომესმა დატოვა (28 წლის თავდამსხმელი ფლორენციის "ფიორენტინაში" 20 მილიონ ევროდ გაიყიდა) და დიდი შანსია, რომ წავიდეს საყრდენი ნახევარმცველი ლუის გუსტავოც (მას "ვოლფსბურგში" ეპატიჟებიან), თუმცა მისი ტრანსფერი კონკურენციას მხოლოდ ოდნავ შეამცირებს.

განვიხილოთ "ბაიერნში" შექმნილი ვითარება პოზიციების მიხედვით. მეკარის პოზიციაზე კითხვის ნიშანი, რა თქმა უნდა, არ არსებობს - რეკორდმაისტერის პირველი ნომერი, ცხადია, მანუელ ნოიერია.

დაცვა: ბოატენგი სკამზე, მარტინესი დაცვაში
გვარდიოლა "ბაიერნს" 4-1-4-1 ტაქტიკურ სქემას აჩვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი კლასიკური ჩამშლელი ნახევარმცველით თამაშს აპირებს. ვარჯიშებიდან და ტესტ-მატჩებიდან ისე ჩანს, რომ ამ პოზიციაზე პეპი ბასტიან შვაინშტაიგერს მოიაზრებს. გვარდიოლამ ორი საყრდენითაც რომ ათამაშოს გუნდი, 28 წლის შვაინშტაიგერი მაინც ძირითად შემადგენლობაში იქნება.

დაცვაზე საუბარი ნახევარმცველით იმიტომ დავიწყეთ, რომ რაკი 4-1-4-1 სქემაში საყრდენის პოზიციაზე თამაში შვაინშტაიგერს აქვს გარანტირებული, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ნუთუ პეპი ხავი მარტინესს სკამზე დასვამს? შარშან "ბაიერნმა" ესპანელში ხომ 40 მილიონი გადაიხადა და თანაც, მარტინესმა წინა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა. საქმე ისაა, რომ ერთი საყრდენით თამაშის შემთხვევაში, გვარდიოლა მარტინესს დაცვის ცენტრში გაამწესებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დანტეს, ბოატენგსა და კირხჰოფს ახალი კონკურენტი გამოუჩნდათ და თან ჰოლგერ ბადშტუბერის ტრავმით გამოწვეული სიცარიელეც ივსება.

პროგნოზი: დაცვის ცენტრში მარტინესისა და დანტეს დუეტს ვიხილავთ, ბოატენგი კი სკამზე უნდა დაჯდეს. დაცვის მარჯვენა ფრთაზე ფილიპ ლამს, ხოლო მარცხნივ დავიდ ალაბას ადგილები გარანტირებული აქვთ.

ნახევარდაცვა: რა ეშველება კროოსს?
გვარდიოლამ არიენ რობენი გუნდში დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოლანდიელს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს. ეს ტესტ-მატჩებშიც დამტკიცდა და პეპის გამონათქვამებშიც. ამრიგად, მარცხენა და მარჯვენა გარემარბების პოზიციებზე ფრანკ რიბერისა და რობენის თამაშს წყალი არ გაუვა. ორივე სწრაფი დრიბლიორია და გოლების გატანაც ეხერხება - რიბერი და რობენი სწორედ ისეთი მოთამაშეები არიან, როგორებიც გვარდიოლას უყვარს.

ფაქტია ისიც, რომ პეპს ძალიან უყვარს ახალწვეული ტიაგო ალკანტარაც, რადგან ეს უკანასკნელი "ბაიერნში" სწორედ გვარდიოლას სურვილით გადავიდა. 4-1-4-1 სქემის შემთხვევაში, სასტარტო ნახევარდაცვაში ორი ადგილი რჩება და ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, ამ ორიდან ერთი აუცილებლად ტიაგო ალკანტარა იქნება, მეორე ადგილისთვის კი თომას მიულერმა, ტონი კროოსმა და მარიო გიოტცემ უნდა იბრძოლონ. დღევანდელი გადასახედიდან, ამ სამეულიდან საუკეთესო შანსი მიულერს აქვს. თანაც, გიოტცე შეიძლება სულ წინ, არაკლასიკური ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვიხილოთ.

პროგნოზი: კროოსს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდება.

თავდასხმა: გიოტცე თუ მანჯუკიჩი?
კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე თამაში გვარდიოლას მოგონილია. არაკლასიკური ცენტრფორვარდი იმას ნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე გამწესებული ფეხბურთელი სქემატურად ყველაზე წინ კი დგას, მაგრამ ძალიან ხშირად ჩამოდის უკან და ძირითადად, შემტევი ნახევარმცველის როლში გვევლინება. "ბარსელონაში" გვარდიოლა ასე ლეო მესის ათამაშებდა, "ბაიერნში" კი შეიძლება მარიო გიოტცე ათამაშოს. ყოველ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი არაკლასიკური ცენტრფორვარდის პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტია.

რაკი მოვლენების ამგვარად განვითარება რეალურია, ნომინალურ ცენტრალურ თავდამსხმელებს, მარიო მანჯუკიჩსა და კლაუდიო პისაროს ცხოვრება გაურთულდებათ.

პროგნოზი: მანჯუკიჩი წინა სეზონში "ბაიერნის" ერთ-ერთი გმირი იყო, ახლა კი სკამის ხეხვის საფრთხე ემუქრება. შესაბამისად, კლაუდიო პისარო ხორვატზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

დასკვნა
უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვარდიოლა "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობას თავისებურად დაალაგებს და რამდენიმე ვარსკვლავს ხშირად დასვამს ხოლმე სკამზე. სკამისთვის განწირული ვარსკვლავებისთვის კარგი განწყობის შენარჩუნებას კი პეპი როტაციით შეეცდება. მოკლედ, ეს დიდი გუნდი გვარდიოლასთვის დიდი გამოწვევაცაა.

ფაქტია ისიც, რომ "ბაიერნის" სათადარიგო ფეხბურთელებითაც ისეთი გუნდის დაკომპლექტება შეიძლება, რომელსაც ასევე ექნებოდა გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი.

აი, ეს გუნდიც (4-3-1-2): შტარკე - რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი, კონტენტო - შაჩირი, ლუის გუსტავო, ჰოიბერგი - კროოსი - მანჯუკიჩი, პისარო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბასტიან შვაინშტაიგერი: ტიაგო ალკანტარა ადაპტაციას მალე გაივლის
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედი მაქვს ბავარია ისევ მიაღწევს წარმატებას. საკმაოდ დიდი კონკურენციაა გუნდში, რაც ფეღბურთელებს არ მისცემს მოდუნების საშვალებას. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას,ბავარიას წარმატებას ვუსურვებ, საინტერესო იქნება მატი თამაშის ნახვა.
Lika
16:26 19-07-2013
0
წარმატებას ვუსურვებ ბავარიას. მოხარული ვარ რობენი რო გუნდსჰი დატოვა, გუნდსჰი დიდი კონკურენციაა რაც არცერთ ფეღბურთელს მოდუნების საშვალებას არ მისცემს.
lika
16:20 19-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული