ილქაი გიუნდოგანს მსურველთა დიდი რიგი უდგას

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ", შესაძლოა, ილქაი გიუნდოგანი დაკარგოს. ამის შესახებ 24 ივლისს ყოველკვირეული გერმანული ჟურნალი "შპორტ ბილდი" ახალ ნომერში წერდა.

22 წლის ნახევარმცველმა, რომელიც წარმოშობით თურქია, მაგრამ გერმანიის ნაკრებში თამაშობს, წინა სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, რის გამოც მთხოვნელების რიგი დაუდგა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მას მთელი ევროპული ელიტა ეპატიჟება. შესაბამისად, გიუნდოგანი "დორტმუნდთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

გიუნდოგანმა ჯერ კიდევ აპრილში თქვა, "ბორუსიასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებო. მას მერე თითქმის ოთხი თვე გავიდა, ხელშეკრულება კი არ გაგრძელებულა, ხოლო მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წლის
ზაფხულამდე აქვს. გერმანული მედია წერს, რომ გიუნდოგანს ისეთი სუპერგრანდები უმიზნებენ, როგორებიც "რეალი" და "ბარსელონა" არიან. ესპანური გრანდების ხელმძღვანელებმა ილქაის გადაბირების სურვილი უკვე ღიად დააფიქსირეს, ფეხბურთელი კი ფიქრობს. "შპორტ ბილდის" ცნობით, მას "დორტმუნდიც" არ ეთმობა, რადგან "რეალში" ან "ბარსელონაში" მუდმივად თამაშის გარანტიას ვერავინ მისცემს.

მოკლედ რომ ვთქვათ, გიუნდოგანი ნური შაჰინის შეცდომას ითვალისწინებს - ეს უკანასკნელი "რეალში" სწორედ "დორტმუნდიდან", შესანიშნავი სეზონის შემდეგ გადავიდა, მაგრამ "სამეფო გუნდში" ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ისევ "ბორუსიაში" დაბრუნდა. ამასობაში, ინგლისური მედია იუწყება, რომ ილქაიზე ლონდონის "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელებიც ფიქრობენ.

"ბორუსიას" სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკისთვის ლოგიკური მოვლენაა ის, რომ გიუნდოგანს რიგი დაუდგა, მაგრამ ცორკი ილქაის ამ ზაფხულში გაყიდვას კატეგორიულად გამორიცხავს. "დორტმუნდის" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კი დაადასტურა, რომ გიუნდოგანის მრჩეველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და რომ მის შენარჩუნებას ყველანაირად ეცდება.

წინა სეზონში ილქაი გიუნდოგანმა ბუნდესლიგის 28 შეხვედრაში 3 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა, ჩემპიონთა ლიგის 12 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი პასი იყო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "დორტმუნდის" თავკაცი იურგენ კლოპი მას საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა, ეს ცუდი შედეგი არაა. ისე კი, ილქაი სხვა მხრივ იყო შეუდარებელი - "ბორუსიას" თითქმის ყველა შეტევას ხელმძღვანელობდა და შესანიშნავი პასები არიგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული