გერმანიის სუპერთასი "დორტმუნდს" დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნი" უძლეველ გუნდს ჰგავდა - ბავარიელებს ყველა ტესტ-მატჩი მოგებული ჰქონდათ, 61 გატანილი და მხოლოდ 3 მიღებული ბურთით, რის გამოც მთელ საფეხბურთო გერმანიას შიშის ზარს სცემდნენ.

შაბათამდე სწორედ ასე იყო, ხოლო შაბათს "ბაიერნი" გერმანიის სუპერთასისთვის ბრძოლაში უმთავრეს კონკურენტ დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვდა და ამ მატჩმა ბევრი მითი დაამსხვრია - იურგენ კლოპის გუნდმა რეკორდმაისტერი 4:2 დაამარცხა, პეპ გვარდიოლას პირველივე ტიტული დააკარგვინა და ახალი რეალობა დაგვანახვა: მიუნხენური გრანდის ესპანელ დამრიგებელს საკმაოდ ბევრი საქმე აქვს.

გვარდიოლა: გამოსასწორებელი კიდევ ბევრია
"დორტმუნდმა" მოგვიგო, მაგრამ არ
ვფიქრობ, რომ "ბორუსიამ" მაგრად გვაჯობა. სიმართლე გითხრათ, ჩემი ბიჭების თამაშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ ნორმალურად ითამაშეს. თუმცა ცხადია, რომ ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ. ბუნდესლიგის სტარტამდე ორი კვირაზე ცოტა ნაკლებია დარჩენილი და ეს საკმარისი დროა იმისათვის, რომ გერმანიის ჩემპიონატის პირველ ტურსი 100-პროცენტიან მზადყოფნაში შევხვდეთ,"
- აღნიშნა მატჩის შემდეგ გვარდიოლამ დამტვრეული გერმანულით.

დორტმუნდელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გაცილებით ენერგიული გახლდათ:

"კლასიანი ფეხბურთი ვითამაშეთ და მაგრად მიხარია, რომ ეს თასი მოვიგეთ. ზოგადად, სუპერთასი იმიტომაა კარგი, რომ წაგებული დიდად არ ბრაზდება, მოგებულს კი ძალიან უხარია. როცა "ბაიერნს" ვეთამაშებით, მოედანზე ყოველთვის მხოლოდ მოსაგებად გავდივართ ხოლმე, მაგრამ "ბაიერნი" არ არის ჩვენი უმთავრესი კონკურენტი. წინა სეზონში, ბუნდესლიგაში "ბაიერნთან" არ წავაგეთ, მაგრამ მიუნხენელებმა ჯამში მაინც 25 ქულით გაგვასწრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონცენტრაცია დანარჩენ 16 გუნდზე უნდა მივმართოთ, თორემ "ბაიერნის" დამარცხება რომ ყოველთვის შეგვიძლია, ამაში ეჭვი არც არასდროს შემპარვია," - თქვა კლოპმა.

ზოგადად, გერმანიის სუპერთასი ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის თამაშდება ხოლმე, მაგრამ რაკი "ბაიერნი" გასულ სეზონშიც ჩემპიონიც გახდა და გერმანიის თასიც აიღო, სუპერთასზე მეტოქედ ვიცე-ჩემპიონი "ბორუსია" ჰყავდა. მატჩმა იმედები ასი პროცენტით გაამართლა - დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკი", რა თქმა უნდა, გაივსო, ტელევიზორში ამ მატჩის რეპორტაჟი 195 ქვეყანაში გადაიცემოდა და მილიონობით მაყურებელმა ნახა.

მატჩის დაწყებამდე კლოპი და გვარდიოლა ერთმანეთს თბილად მიესალმენ - იურგენი და პეპი პირველად წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. "ბაიერნს" ტრავმების რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა: არ თამაშობდნენ მანუელ ნოიერი, ფრანკ რიბერი, ხავი მარტინესი და მარიო გიოტცე. პეპმა დაცვის ცენტრში ვან ბუიტენისა და ბოატენგის ტანდემი გაამწესა, დანტე სათადარიგოთა სკამზე დასვა, ფილიპ ლამი კი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დააბრუნა. 4-1-4-1 ტაქტიკურ სქემაში რეკორდმაისტერის ერთადერთი კლასიკური საყრდენი ნახევარმცველი ისევ ტიაგო ალკანტარა გახლდათ.

ერთი საყრდენი და ისიც ალკანტარა?
ალკანტარას დორტმუნდელი ვიზავების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან უჭირდა. მის დახმარებას ტონი კროოსი და თომას მიულერი ცდილობდნენ, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ მარტინესის შეცვლა შეუძლებელია. ამასთან, ბავარიელებს მოკლე და სწრაფი პასებით თამაში ისე კარგად აღარ გამოსდიოდათ, როგორც ტესტ-მატჩებში. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ანგარიში სწორედ დორტმუნდელებმა გახსნეს: მე-6 წუთზე ლევანდოვსკის ჩაწოდებას ბენდერი დაუხვდა და თავით ბურთი შტარკეს კარისკენ გაგზავნა, "ბაიერნის" სათადარიგო მეკარე კი გამოსვლაზე შეცდა (მისი შეცდომა ვან ბუიტენის ბრალიცაა), რითაც მარკო როისმა ისარგებლა და ბურთი კარში თავით გადაგზავნა. ორ წუთში დორტმუნდელებმა მეორეც გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ლევანდოვსკიზე ერთობ საკამათო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკი, რომელსაც "ბაიერნში" გადასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს, რეკორდმაისტერის წინააღმდეგ უდიდესი მონდომებით იბრძოდა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა.

მეორე ტაიმი ცხრა წუთის დაწყებული იყო, რობენმა ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში რომ გაათანაბრა, მაგრამ ზუსტად ორ წუთში "ბორუსია" მეორედ დაწინაურდა: გიუნდოგანის ჩაწოდების შემდეგ ვან ბუიტენმა ბურთი თავით საკუთარ კარში გადაგზავნა. კლოპი ამბობს, ვან ბუიტენს მაგრად არ გაუმართლა, მაგრამ ბურთს რომ არ შეხებოდა, ლევანდოვსკი მაინც გაიტანდაო.

ბელგიელის ავტოგოლიდან ერთ წუთში გიუნდოგანმა სოლორეიდი ბრწყინვალე გოლით დააგვირგვინა და "დორტმუნდი" უკვე ორი ბურთით დაწინაურდა. "გოლები ყველაზე ცუდ დროს მივიღეთ!" - წუხდა მატჩის შემდეგ ბავარიელთა კაპიტანი ფილიპ ლამი.

ბრწყინვალე რობენი
64-ე წუთზე რობენმა დუბლი გაიფორმა: ჰოლანდიელმა ლამისგან დროული პასი მიიღო, შემოტრიალდა და ვაიდენფელერს აუღებელი დაურტყა, რითაც მატჩი კიდევ ერთხელ დაძაბა. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელებიდან საუკეთესო სწორედ რობენი იყო - როგორც ჩანს, გვარდიოლას ხელში არიენი თავს მართლაც იდეალურად გრძნობს.

მე-80 წუთზე მიუნხენელებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ ალკანტარას მშვენიერი პასის შემდეგ, მიულერმა ბურთი ვაიდენფელერის კარის ძელს მოარტყა. ექვს წუთში კი ლევანდოვსკიმ ბურთი მოხდენილად გაატანა შეცვლაზე შესულ ობამეიანს, რომელმაც როისი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი შტარკეს შანსი არ დაუტოვა, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

"ბაიერნს" აშკარად დაეტყო იმ ხუთი ფეხბურთელის არყოფნა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს. ბიჭები ჯერ არ ჩანან იმ დონეზე მზად, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ," - ეს რეკორდმაისტერის ყოფილი, წინა სეზონის ტრიუმფატორი დამრიგებლის, იუპ ჰაინკესის სიტყვებია.

დორტმუნდი-ბაიერნი 4:2
გოლები: 1:0 როისი (6), 1:1 რობენი (54), 2:1 ვან ბუიტენი (56-საკ. კარში), 3:1 გიუნდოგანი (57), 3:2 რობენი (64), 4:2 როისი (86)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ნ. შაჰინი, ს. ბენდერი (46. კელი) - ბლაშჩიკოვსკი (72. ობამეიანი), გიუნდოგანი (88. სოკრატისი), როისი - ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-1-2-2-1): შტარკე - ლამი, ვან ბუიტენი, ბოატენგი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა - თ. მიულერი, კროოსი (86. დანტე) - რობენი, შაჩირი (67. შვაინშტაიგერი) - მანჯუკიჩი (75. პისარო).
გაფრთხილება: ბოატენგი
მაყურებელი: 80 645

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge





ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლამ ტიაგო ალკანტარას სახეში სილა გააწნა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული