10 რამ, რაც ხოსეპ გვარდიოლამ "ბაიერნში" უკვე შეცვალა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" წინა სეზონში ყველა ტურნირი მოიგო, მაგრამ ეჭვი მაინც არავის ეპარებოდა იმაში, რომ ახალი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენურ გრანდში ბევრ რამეს შეცვლიდა.

42 წლის პეპსაც ყველა ტურნირის მოგება უნდა, მაგრამ არა იმ გზით, რომლითაც ეს მისმა წინამორბედმა იუპ ჰაინკესმა მოახერხა. პაულანერის თასი, ტელეკომის თასი და ული ჰიონესის თასი ამხანაგური ტურნირებია და მათი მოგება, რა თქმა უნდა, არ ითვლება - "ბაიერნის" გულშემატკივრები ითხოვენ, რომ რეკორდმაისტერმა მომავალი სეზონის ბოლოს ისევ ნაღდი ჰეთთრიკი შეასრულოს: მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი.

გვარდიოლას ცვლილებებს
ბევრი ოპტიმისტურად უყურებს, ბევრიც - პესიმისტურად. მოდით, ერთად გადავხედოთ ყველა იმ ძირითად ცვლილებას, რაც პეპმა რეკორდმაისტერში განახორციელა.

1. აკრძალა ზედმეტი ფინტები
პეპის საფეხბურთო ფილოსოფიის უმთავრესი ასპექტები სწრაფი და მოკლე პასებით თამაში, ბურთის ფლობაზე ორიენტირებული ფეხბურთია. იმისათვის, რომ ამ ლაიტმოტივებზე დამყარებული სტრატეგია უნაკლოდ განხორციელდეს, გვარდიოლამ "ბაიერნის" ფეხბურთელებს ზედმეტი ფინტები აუკრძალა. ეს განსაკუთრებით ფრანკ რიბერის და არიენ რობენს ეხება.

2. ფეხბურთელებს შეუძლიათ, სახლში დაიძინონ
ული ჰიონესის თასის წინ გვარდიოლამ ფეხბურთელებს ღამის სახლში გატარების ნება დართო. ცნობილია, რომ "ბაიერნში" ეს წესი დამკვიდრდება და მოთამაშეები თამაშების წინა ღამეს სახლში გაატარებენ. ცნობისათვის, გვარდიოლას "ბარსელონაშიც" ასეთი წესი ჰქონდა. შედარებისთვის, იუპ ჰაინკესის დროს "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის წინა ღამეს აუცილებლად სასტუმროში ატარებდნენ.

3. ვიდეო-ანალიზი ვარჯიშის წინ
გვარდიოლას აბსოლუტურად ყველა ვარჯიში იწერება, შემდეგ კი დეტალური ანალიზი კეთდება. პეპი ფეხბურთელებს ანალიზებს ხშირად ვარჯიშის წინ აყურებინებს და ეკრანზე უხსნის, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

4. შეკრება ერთი საათით ადრე
"ბაიერნის" ფეხბურთელები ბაზაზე ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე უნდა მივიდნენ. შედარებისთვის, იუპ ჰაინკესის დროს მოთამაშეებს ბაზაზე მისვლა ნახევარი საათით ადრე ევალებოდათ.

5. საუზმე აუცილებელია
გვარდიოლამ კიდევ ერთი ახალი კანონი შემოიღო: დილის ვარჯიშის წინ ფეხბურთელებმა "ზებენერშტრასეზე" აუცილებლად ერთად უნდა ისაუზმონ.

6. კვება მნიშვნელოვანია
პეპ გვარდიოლა კვებას და კერძოდ რაციონს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ ამიტომ მოითხოვა მან სპორტსმენების კვების ექსპერტი და "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის თანამშრომელი მონა ნემერი მიუყვანეს. პეპი ცნობილ შეფ-პოვარ ალფონს შუბეკსაც შეხვდა და მისგან რჩევები მიიღო.

7. ინდივიდუალური ურთიერთობა ყველა ფეხბურთელთან
გვარდიოლა ემოციური მწვრთნელია, ვარჯიშებისა და თამაშების დროს ფეხბურთელებს ხშირად ესაუბრება. პეპი თითოეულ შეგირდს პირისპირ ელაპარაკება ხოლმე.

"ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ თანაბარ მდგომარეობაში ვართ. მე არავისზე მეტი არ ვარ და შეგვიძლია, ყველაფერზე ვისაუბროთ. ამასთან, ფეხბურთელს სათქმელს ყოველთვის პირდაპირ და გულახდილად ვეუბნები," - ამბობს პეპი.

8. საკუთარი კაბინეტი "ალიანს არენაზე"
გვარდიოლამ "ალიანს არენაზე" საკუთარი კაბინეტი მოითხოვა და მიიღო კიდეც. პეპს უნდა, რომ თამაშების წინ, თამაშების დროს ან მატჩების შემდეგ გასახდელში გუნდის ცალკე დატოვება შეეძლოს და სამწვრთნელო შტაბისთვის კაბინეტი ამიტომაც მოითხოვა.

"პეპისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ხანდახან ფეხბურთელებს გასახდელში მარტო დარჩენა შეეძლოთ," - ეს "ბაიერნის" პრესმდივან მარკუს ჰიორვიკის სიტყვებია. ჰაინკესს ასეთიო კაბინეტი არ ჰქონია.

9. პეპი თვითონაც ვარჯიშობს
ძალიანაც რომ მოენდომებინა, ჰაინკესი გუნდთან ერთად სრულფასოვნად მხოლოდ ასაკის გამო ვერ ივარჯიშებდა, მაგრამ "დონ იუპი" ამას არც ახალგაზრდობაში აკეთებდა, გვარდიოლა კი ბიჭებთან ერთად საკმაოდ ხშირად ვარჯიშობს. პეპი თამაშების დროსაც ჰაინკესზე გაცილებით აქტიური და ემოციურია - მატჩის დროს სკამზე მხოლოდ 5-10 წუთს თუ ატარებს.

10. ახალი ტაქტიკა
ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში გამოიკვეთა და ფაქტობრივად წყალი არ გაუვა იმას, რომ გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნი" 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით ითამაშებს. ბურთის ფლობის დროს ეს სქემა 3-4-3-ად გადაიქცევა - ამ დროს გარემარბები ფლანგის თავდამსხმელებად გვევლინებიან. თუმცა პეპი ამბობს:

"ჩემს ტაქტიკას სქემატურად დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩემს სტრატეგიაში ყველაზე მთავარი ის არის, თუ როგორ მოძრაობენ ფეხბურთელები."

სხვათა შორის, გვარდიოლას და ჰაინკესს ერთი საერთოც აქვთ: ჯარიმების კატალოგი არცერთ მათგანს არ შეუდგენია. პეპი ამბობს, პოლიციელი არ ვარო და სხვათა შორის, "დონ იუპიც" ამას ამბობდა. ვნახოთ, ექნებათ თუ არა გვარდიოლას და ჰაინკესს სეზონის ბოლოს უფრო მეტი საერთო - ცხადია, ტიტულებს ვგულისხმობთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლას დაპირება: ყველაფერი კარგად იქნება!
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართვრლოშიც ასე არაააა?
nanuli
13:01 01-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული