გერმანიის თასი. I ეტაპი: "ბაიერნმა" გაისეირნა, "შალკემ" იწვალა

AutoSharing Option
ორშაბათს გერმანიის თასზე სენსაცია აღარ მომხდარა: "ბაიერნმა" და "შალკემ" პირველი ეტაპი უპრობლემოდ გადალახეს.

მიუნხენელებმა "რედენი" 5:0 გაანადგურეს, გელზენკირხენელებს კი "ნიოტინგენის" გატეხვა, მართალია, გაუჭირდათ, მაგრამ ეს მაინც მოახერხეს (0:2). ამრიგად, თასის პირველ ეტაპს საბოლოო ჯამში ოთხი პირველბუნდესლიგელი შეეწირა: "ვერდერი", "გლადბახი", "ნიურნბერგი" და "ბრაუნშვაიგი".

პეპის მცირე როტაცია
როგორც მოსალოდნელი იყო, ხოსეპ გვარდიოლამ "რედენთან" როტაციას მიმართა: ძირითად შემადგენლობაში არც ფილიპ ლამი გაამწესა, არც ტიაგო ალკანტარა, არც ხავი მარტინესი და არც ფრანკ რიბერი.

ცხადია, მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, პეპს სასტარტო შემადგენლობის ყველა მოთამაშის დასვენებაც შეეძლო,
მაგრამ, ალბათ უფრო უკეთესად შეთამაშების მიზნით, დანარჩენები ათამაშა და ანგარიშიც აბსოლუტურად ლოგიკურია - 0:5 ბავარიელთა სასარგებლოდ. ცნობისათვის: რედენი სოფელია, რომელიც ბრემენთან ახლოს მდებარეობს და სადაც 1 850 ადამიანი ცხოვრობს...

რეკორდმაისტერიდან საუკეთესო თომას მიულერი გახლდათ, რომელიც გვარდიოლამ ამჯერად არა ცენტრფორვარდის, არამედ შემტევი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა - მიუხედავად ამისა, მიულერმა ჰეთთრიკი შეასრულა, ცენტრფორვარდად გამწესებულმა მარიო მანჯუკიჩმა კი, რომელმაც მინდორზე 90 წუთი დაჰყო, მოედანი უგოლოდ (!) დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატი ამ კვირაში იწყება: ბუნდესლიგა პარასკევს საღამოს სწორედ "ბაიერნის" მატჩით გაიხსნება - მიუნხენელები მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უმასპინძლებენ.

ჰუნტელაარმა დაიწყო...
მომდევნო ეტაპზე გავიდა "შალკეც", თუმცა გელზენკირხენელებს "ნიოტინგენის" ბარიერის გადალახვა მოსალოდნელზე მეტად გაუჭირდათ- არადა, ეს გუნდი გერმანიის რიგით მეხუთე (!) ლიგაში თამაშობს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნიოტინგენელებს პირველივე წუთებში ორი იდეალური მომენტი შეექმნათ და ბურთი ორჯერვე "შალკეს" კარის ძელს მოარტყეს. შეძლებდა თუ არა "შალკე" ორბურთიანი ჩამორჩენის ამოქაჩვას, ეს, ჯერ კიდევ საკითხავია...

მერე კი, გელზენკირხენელები, რომლებიც საჩემპიონთალიგო, მწვანე ფორმებით თამაშობდნენ, კლაას იან ჰუნტელაარმა დააწინაურა, ხოლო მეორე გოლი კი ახალგაზრდა ახალწვეულმა ლეონ გორეტცკამ მხოლოდ 94-ე წუთზეღა შეაგდო. მანამდე "შალკეს" გაუმართლა, მსაჯმა გაბრაზებული იულიან დრაქსლერი მოედნიდან რომ არ გააძევა - ამ უკანასკნელმა "ნიოტინგენის" ფეხბურთელს მძლავრად ჰკრა ხელი...

რედენი-ბაიერნი 0:5
გოლები: 0:1 შაჩირი (18), 0:2 თ. მიულერი (45), 0:3 თ. მიულერი (59-პენ), 0:4 თ. მიულერი (64), 0:5 რობენი (88)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, დანტე (68. ბოატენგი), ალაბა - შვაინშტაიგერი (61. კირხჰოფი) - რობენი, თ. მიულერი, კროოსი (81. ხავი მარტინესი), შაჩირი - მანჯუკიჩი.
მაყურებელი: 16 600

ნიოტინგენი-შალკე 0:2
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (30), 0:2 გორეტცკა (94)
შალკე (4-2-2-2): ჰილდებრანდი - ჰიოგერი (63. უჩიდა), მატიპი, ჰიოვედესი, ფუხსი - ნოიშტედტერი, ჯონსი - კლემენსი, დრაქსლერი (84. გორეტცკა) - ჰუნტელაარი, სალაი (65. ბარნეტა).
მაყურებელი: 12 470

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის თასი. პირველი ეტაპი: მსხვერპლი მაინც არის!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული