რაფაელ ვან დერ ვაარტი: დიეგო მარადონასთან ერთად სიამოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში!

AutoSharing Option
რაფაელ ვან დერ ვაარტის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს არავის შეჰპარვია. 30 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველის პრობლემა ისაა, რომ თვითონ არ არის ყოველთვის თავდაჯერებული.

ვან დერ ვაარტს დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა და გარკვეულწილად ითამაშა კიდეც - მას ყველა იცნობს და ყველა აფასებს. მაგრამ რაფაელი იმედებს ყოველთვის ისე ვერ ამართლებდა, როგორც მისგან ელოდნენ, რაც არა მარტო მისი, არამედ ბევრი ჰოლანდიელი ფეხბურთელის სენია. ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ვან დერ ვაარტი "ჰამბურგში" დაბრუნდა და ამ ერთმა წელმა მისთვის ძალიან უღიმღამოდ ჩაიარა.

მიუხედავად ამისა, ვან
დერ ვაარტი "ჰამბურგის" ფანებისთვის ნატვრის თვალია - ბუნდესლიგის უკანასკნელი დინოს ქომაგები კიდევ ერთ სეზონს ხვდებიან იმ იმედით, რომ მათი სათაყვანებელი გუნდი რაღაცას მიაღწევს და ერთი რამ ცხადია: "ჰამბურგმა" თუ რამეს მიაღწია, ეს ვან დერ ვაარტის გარეშე არ მოხდება. ჰოლანდიელ გამთამაშებელს "ბილდის" კორესპონდენტი გაესაუბრა.

- ბუნდესლიგა 50 წლის გახდა, პირადად თქვენთვის კი "ჰამბურგში" რიგით მეხუთე სეზონი იწყება. რას ნიშნავს ეს რაფაელ ვან დერ ვაარტისთვის?
- პირველ რიგში ეს იმას ნიშნავს, რომ მე ბუნდესლიგის ნაწილი ვარ, რაც უდავოდ დიდი პატივია. შესაძლოა, საფეხბურთო მსოფლიოს საუკეთესო ლიგად ინგლისის პრემიერლიგა მიაჩნია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ბუნდესლიგაა.

- 26 წელია, "ჰამბურგის" გულშემატკივრები ამაოდ ელოდებიან იმას, რომ გუნდი რომელიმე ტიტულს მოიგებს. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს მოლოდინი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს?
- ჰამბურგის მუზეუმში უამრავი ბრწყინვალე თასი დევს და ის კარადა ძალიან დიდი ხანია, აღარ განახლებულა. ვერ გეტყვით, რა კონკრეტულმა ნაბიჯებმა უნდა მიიყვანოს ჩვენი გუნდი მორიგ წარმატებამდე - ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ზოგადად, "ჰამბურგი" ისეთი გუნდია, რომ ამ მოლოდინს ადრე თუ გვიან, აუცილებად ბოლო მოეღება. მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება.

- მაგალითად, ამ სეზონში?
- გერმანიის ჩემპიონები ალბათ ისევ ვერ გავხდებით, აი, გერმანიის თასის მოგება კი შეიძლება. თუ "შტუტგარტმა" შეძლო თასის ფინალში გასვლა, ჩვენ რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ?

- თქვენც იმ აზრზე ხართ, რომ "ბაიერნის" ჩემპიონობას წყალი არ გაუვა?
- "ბაიერნს" განუმეორებელი, გალაქტიკური შემადგენლობა ჰყავს. ჩემი აზრით, რეკორდმაისტერის სათადარიგო შემადგენლობაც კი გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. მიუხედავად ამისა, "ბაიერნთან" ბრძოლა მაინც შეიძლება და ამის საუკეთესო შანსი, რა თქმა უნდა, დორტმუნდის "ბორუსიას" აქვს.

- "ჰამბურგის" წარმატება დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული. როგორ ფორმაში ხართ?
- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მიმაჩნია, რომ ახლა უფრო უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე წინა სეზონში ვიყავი. შარშან "ჰამბურგში" გვიან გადმოვედი და მოსამზადებელი შეკრება გუნდთან ერთად არ გამივლია. ახლა კი, თავიდანვე გუნდთან ერთად ვიყავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- როგორც ვიცით, შვებულებიდან ჭარბი წონით დაბრუნდით...
- ჰო, მართალია: რამდენიმე კილოგრამით მეტს ვიწონიდი, მაგრამ პირველივე ვარჯიშებზე დავიკელი და ამ წუთას ჭარბი წონის პრობლემა არ მაქვს.

- თქვენს განწყობასა და შესაბამისად თამაშზე სილვისთან დაშორებამაც დიდად იმოქმედა...
- ჰო, ეს მართლაც ძალიან მძიმე და ნერვების მომშლელი ფაზა იყო, მაგრამ მე მგონი, ოფიციალურ მატჩებში პირადი პრობლემების დავიწყებას ვახერხებდი და ეს ჩემს თამაშზე არ ასახულა. აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩემთვის ძალიან მძიმე პერიოდში მთელი კლუბი მხარში ამომიდგა - თანაგუნდელებისგან, მწვრთნელისგან, ხელმძღვანელებისგან და ფანებისგან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი, რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ.

- 24 საათით თავისუფლების აღკვეთა რომ მოგისაჯონ, ვისთან ერთად ისურვებდით ციხის საკანში ერთი დღე-ღამის გატარებას?
- დიეგო მარადონასთან! მას იმდენი რამ ექნება მოსაყოლი და მეც იმდენი რამ მაინტერესებს მარადონაზე, რომ დარწმუნებული ვარ, ეს 24 საათი ისე გავიდოდა, ვერც კი შევამჩნევდი.

- ცოტა ხნის წინ, გერმანელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ბასტიან შვაინშტაიგერი აღიარეს. თქვენთვის ვინ იყო ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე?
- შვაინშტაიგერი უდავოდ დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მე ყველაზე მეტად მარკო როისი და ფრანკ რიბერი მომეწონა.

- 30 წლის ხართ, რაც ფეხბურთელის კარიერაში შემოდგომის დადგომას ნიშნავს. კიდევ რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?
- ფეხბურთელობა ყველა დროის ყველაზე მაგარი პროფესიაა. შესაბამისად, ფეხბურთს იქამდე ვითამაშებ, სანამ ფეხები ამის საშუალებას მომცემენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფეხბურთელების ყველაზე სექსუალური მეგობარი გოგონები და ცოლები 2012 წელს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული