გერმანია. ბუნდესლიგა. II ტური: მსაჯი და იღბალიც "ბაიერნისაა"! [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მეორე ტურმა ისევ შესანიშნავი მატჩებითა და ორი ხმაურიანი სენსაციით გაგვანებივრა: "ჰამბურგი" შინ "ჰოფენჰაიმთან" შერცხვა, "შალკე" კი ვოლფსბურგში განადგურდა.

"ბაიერნს" ფრანკფურტიდან სამი ქულის წაღებაში მსაჯი დაეხმარა (1:0) და დორტმუნდის "ბორუსიამაც" მინიმალური სხვაობით (2:1 ბრაუნშვაიგთან) მოიგო.

ორი ტურის შემდეგ ბუნდესლიგას ხუთი 6-ქულიანი ლიდერი ჰყავს.

ბაიერნს კიდევ მსაჯის დახმარება უნდა?!
"ბაიერნმა" მეორე თამაშიც მოიგო, მაგრამ ეს გამარჯვება (1:0 ფრანკფურტში), მარიო მანჯუკიჩთან ერთად (გოლი სწორედ მის ანგარიშზეა), მსაჯ პეტერ გაგელმანის დამსახურებაა, რომელიც რეკორდმაისტერის სასარგებლოდ ორჯერ შეცდა: ჯერ ალექს მაიერს არ ჩაუთვალა გოლი (გამეორებაზე
გამოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი თამაშგარე მდგომარეობაში არ იყო), მერე კი, მატჩის მიწურულს მიუნხენური გრანდის კარში ნაღდი პენალტი არ დანიშნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ბავარიელებს სხვა მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ 18 აგვისტოს მთელი საფეხბურთო გერმანია იმაზე ლაპარაკობდა, რომ ყველა სიკეთესთან (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ერთად, მსაჯობა და იღბალიც "ბაიერნისკენ იყო".

"მაიერის გოლი უნდა ჩათვლილიყო და ვფიქრობ, ამაში ყველა დამეთანხმება. ბოლოს გაგელმანმა პენალტიც არ დაგვინიშნა. მსაჯი შეცდომას რომ უშვებს, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ორმაგად ცუდია მაშინ, როცა არბიტრი აშკარა ფავორიტის სასარგებლოდ ცდება", - დიპლომატიურად წუხდა მატჩის შემდეგ "აინტრახტის" თავკაცი არმინ ფეე.

ხოსეპ გვარდიოლასთვის კი მსაჯის შეცდომები, რა თქმა უნდა, სულერთია - პეპი ბედნიერი იყო:

"თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და მეტოქემ მხოლოდ რამდენიმე კონტრშეტევაზე გამოგვიჭირა. სანაკრებო თამაშებიდან სამ დღეში მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება ყოველთვის ძნელია. ჩემი გუნდის თამაშითა და შედეგით 100 პროცენტით კმაყოფილი ვარ", - აღნიშნა პეპმა.

ბაიერიც ექვსიანია, ლაბადიას თავზე მოიღრუბლა
შაბათის ყველაზე საინტერესო მატჩი "შტუტგარტისა" და "ლევერკუზენის" დაპირისპირება გახლდათ, რომელიც "ბაიერმა" მინიმალური ანგარიშით მოიგო და ამბიციური "შტუტგარტი" ორი ტურის მერე უქულოდ დატოვა. შესაბამისად, ლოგიკურია ის, რომ სადღაც მე-80 წუთიდან "მერსედეს-ბენც-არენაზე" შვაბთა თავკაც ბრუნო ლაბადიასთვის ავისმომასწავებელი შეძახილები - Bruno Raus ("ბრუნო, წადი!") გაისმა.

"შტუტგარტის" გულშემატკივრებმა "ლევერკუზენის" მეკარე ბერნდ ლენოსაც აგინეს - ამ უკანასკნელმა მატჩის მიწურულს დროის გაყვანის მცდელობის გამო გაფრთხილება მიიღო და ტრიბუნებიდან არაერთი სალანძღავი ეპითეტის მოსმენა მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ ლენო ყოფილი შტუტგარტელია და ალბათ, ამიტომაც გაუწყრნენ განსაკუთრებით. ახალგაზრდა მეკარეც განრისხდა და ფანებს პროვოკაციული ჟესტებით პასუხობდა, რის გამოც კაკაუმ და გენტნერმა შეუტიეს. მატჩის შემდეგ "შტუტგარტის" სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა თქვა, იმედია, ბერნდი მალე გაიზრდება და მიხვდება, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყოო.

თუმცა ლენოსთვის ეს ყველაფერი, ალბათ, მაინც სულერთია - მთავარი ისაა, რომ მისი "ლევერკუზენი" ორი ტურის შემდეგ 6 ქულით იწონებს თავს და ბურთების შეფარდებაც ზუსტად "ბაიერნის" დარი აქვს (4:1).

მაინციც ლიდერებშია, ფრაიბურგი აღარ ვარგა
ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა აქვს "მაინცსაც"! თომას ტუხელის გუნდმა ფრაიბურგში 2:1 მოიგო და "ფრაის" ორივე გოლი მეორე ტაიმში გაუტანა - იმ დროს, როცა მაინცელები დაღმართში უტევდნენ! როგორ თუ დაღმართში? საქმე იმაშია, რომ წყლების ქვედა დინებების გამო ერთი კარის სიმაღლე მეორისაგან მთელი 98 სანტიმეტრით (!) განსხვავდება.

დაღმართი პირველ ტაიმში "ფრაიბურგს" დაემთხვა და ბრაისგაუელებმა ამ მცირე უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს, მეორე ნახევარში კი "მაინცმა" ორი გაიტანა, "ფრაიმ" კი მხოლოდ ერთი. მაინცელთა გოლეადორ ნიკოლაი მიულერს კი ორი ტურის შემდეგ უკვე სამი გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება "ფრაიბურგს": მარტო მოედანი კი არა, თავად გუნდიც აღარ ვარგა და თუკი ბრაისგაუელებმა წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლეს, ახლა მათი უმთავრესი ამოცანა, ალბათ, გადარჩენა იქნება.

სეზონი ექვსი ქულით დაიწყო ბრემენის "ვერდერმაც" და ბრემენელთა მეორე გამარჯვებაც ნაკლებად პომპეზური გამოდგა. ზუსტად ისე, როგორც "ბრაუნშვაიგი" პირველ ტურში, "ვერდერმა" "აუგსბურგიც" 1:0 დაამარცხა.

ეს ერთადერთი გოლი "მუსიკოსების" "ათიანმა" მეჰმეთ ექიჩიმ შორი დისტანციიდან გაიტანა და აქვე აუგსბურგელთა მეკარე მოჰამედ ამსიფის შეცდომაც უნდა ვახსენოთ.

ჰოფემ ჰამბურგი ჩაძირა, ვოლფსბურგმა - შალკე
ბუნდესლიგა პირველ ტურებში ყოველთვის გვთავაზობს ხოლმე ხმაურიან სიურპრიზებს და გამონაკლისი არც ეს სეზონია. ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რა თქმა უნდა, "ჰამბურგის" კრახი იყო - ტორსტენ ფინკის სამწყსო საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმთან" 1:5 განადგურდა.

არადა, ჩრდილოელებმა პირველ ტურში, "შალკესთან" (3:3) საკმაოდ კარგად ითამაშეს, ახლა კი "ჰამბურგი" თავის თავს კი არა, არაფერს აღარ ჰგავდა. 45 წლის ფინკს მატჩის შემდეგ დანა პირს არ უხსნიდა, ჰოფენჰაიმელები კი გადაჩვეულ გამარჯვებას ზეიმობდნენ.

ფაქტია, რომ "ჰამბურგის" მთავარი პრობლემა დაცვის ხაზია - ორ მატჩში 8 გოლის გაშვება სწორედ ამაზე მეტყველებს.

"კოშმარული დღე იყო, ფანებს მთელი გუნდის სახელით ბოდიშს ვუხდი", - ლამის ტიროდა ჩრდილოელთა მეკარე რენე ადლერი, მაგრამ "ჰამბურგის" ქომაგებს ბოდიში არ ჰყოფნით - მომდევნო ტურში "ჰამბურგი" ბერლინში ჩადის და თუ იქაც შერცხვა, ფინკის საქმე ძალიან ცუდად იქნება.

მეორე ტურში შავი დღე დაადგა "შალკესაც" - გუნდს, რომელმაც, წესით, "ბაიერნს" და "დორტმუნდს" უნდა გაუწიოს კონკურენცია. გელზენკირხენელები ვოლფსბურგში 0:4 განადგურდნენ.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ "შალკემ" თავი პაოკ-თან მატჩისთვის (ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი) შეინახა - მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ კლუბს გელზენკირხენული გრანდის საუკუნის მწვრთნელად აღიარებული ჰუუბ სტევენსი ავარჯიშებს.

ცხადად ჩანს, რომ შალკე სეზონს კრიზისით იწყებს, რადგან "ჰამბურგთან" 3:3-ის შემდეგ ვოლფსბურგში 0:4 მეტისმეტია. მეტიც: "მგლებს" კიდევ 4 გოლის გატანაც შეეძლოთ!

გლადბახს ახალი ნეტცერი ჰყავს?
შაბათის საღამოს შეხვედრაში მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" "ჰანოვერი" 3:0 დაარბია, მატჩის გმირი კი "გლადბახის" ახალწვეული მაქს კრუზე გახლდათ, რომელმაც ჯერ მოხდენილი გოლით ანგარიში გახსნა, მერე კრამერს გაატანინა და ბოლოს პენალტიც მოიპოვა, რომელიც დემსმა გარდასახა.

გამოდის, კრუზესთვის ტყუილად არ მიუციათ მე-10 ნომერი - მიონხენგლადბახელი ფანები ეიფორიაში არიან და მაქსს უკვე ახალ გიუნტერ ნეტცერად მოიხსენიებენ.

გერმანია. ბუნდესლიგა. II ტური
შტუტგარტი-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 შვააბი (42-საკ. კარში)
შტუტგარტი (3-4-2-1): ულრაიხი - რიუდიგერი, შვააბი, მოლინარო - გ. საკაი (77. ვერნერი), გენტნერი, ბოკა (46. ლაიტნერი), რაუში (46. კაკაუ) - ჰარნიკი, ტრაორე - იბიშევიჩი.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ბიონიში - რაინარტცი - ლ. ბენდერი (46. როლფესი), კასტრო - სემი, სონი (71. ჰეგელერი) - კისლინგი (83. ვოლშაიდი).
გაფრთხილება: მოლინარო, ტრაორე, იბიშევიჩი - დონატი, ლენო
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17(3)-13(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 45 500

ვოლფსბურგი-შალკე 4:0

გოლები: 1:0 კნოხე (55), 2:0 ვიეირინია (61), 3:0 ნალდო (67), 4:0 კუჩკე (91)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - კოო, ლუის გუსტავო (76. პოლაკი) - ვიეირინია, დიეგო, პერიშიჩი (86. კუჩკე) - ოლიჩი (81. მ. შეფერი).
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ფელიპე სანტანა, ჰიოვედესი, ფუხსი - ჰიოგერი, ჯონსი - ფარფანი (73. მ. მაიერი), დრაქსლერი, კლემენსი (63. პუკი) - ჰუნტელაარი (46. სალაი).
გაფრთხილება: ჰუნტელაარი, კლემენსი
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 20(8)-6(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 28 405

ვერდერი-აუგსბურგი 1:0
გოლი: 1:0 ექიჩი (23)
ვერდერი (4-1-2-2-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, ლუკიმია, კალდიროლა (84. იგნიოვსკი) - მაკიადი - ექიჩი (67. ფ. კროოსი), იუნუზოვიჩი - პეტერსენი, ელია (72. ილდირიმი) - ჰანტი.
აუგსბურგი (4-1-3-2): ამსიფი - ვერჰეგი (83. ფიპლი), კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, მორავეკი, ჰოლცჰოიცერი (57. ბობადილია) - ჰალილ ალთინთოფი (70. ვერნერი), მიოლდერსი.
გაფრთხილება: პრიოდლი, ლუკიმია, ექიჩი - ვერჰეგი, მორავეკი, ჰანი, კალსენ-ბრაკერი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 5(2)-20(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 40 000

ფრაიბურგი-მაინცი 1:2
გოლები: 0:1 ზიმლინგი (64), 0:2 ნ. მიულერი (68), 1:2 ფრაისი (71)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა (72. გიუნტერი), დიანიე, გინტერი, ზორგი - შუსტერი, ფერნანდესი - შმიდი, გუედე (72. მეჰმედი) - ფრაისი, ჰანკე (87. კერკი).
მაინცი (4-1-2-1-2): ჰ. მიულერი - პოსპეხი, სვენსონი (50. ბუნგერტი), ნოვესკი, პარკი - ბაუმგარტლინგერი - გაისი, ზიმლინგი (69. მალი) - მორიტცი (62. ჩუპო-მოტინგი) - ნ. მიულერი, ოკაზაკი.
გაფრთხილება: გაისი, ნოვესკი, ჰ. მიულერი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 9(3)-12(8); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 23 100

ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 1:5
გოლები: 0:1 რობერტო ფირმინო (5), 1:1 ვან დერ ვაარტი (44-პენ), 1:2 ფოლანდი (51), 1:3 მოდესტე (67), 1:4 მოდესტე (75), 1:5 რობერტო ფირმინო (78)
ჰამბურგი (4-2-2-1-1): ადლერი - დიკმაიერი, ლ. ზობიეხი, ვესტერმანი, იანსენი (76. აოგო) - ბადელი (63. რუდნევსი), არსლანი - ბაისტერი, ზუა - ვან დერ ვაარტი (84. ირაჩეკი) - ჩალჰანორლუ.
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ვესტერგაარდი, ფ. ჯონსონი - პოლანსკი, სალიჰოვიჩი (62. შტრობლი) - ფოლანდი (83. ჰერდლინგი), ელიუნუსი - მოდესტე (80. შიპლოკი), რობერტო ფირმინო.
გაფრთხილება: დიკმაიერი, არსლანი - ელიუნუსი, პოლანსკი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 15-22; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8(4)-18(7); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 47 483

აინტრახტი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 მანჯუკიჩი (13)
აინტრახტი (4-2-2-2): ტრაპი - შრიოკი, ანდერსონი, სამბრანო, ოჩიპკა - შვეგლერი (78. ჩელოცი), როდე (71. როზენტალი) - აიგნერი, ინუი (78. ლაკიჩი) - ფლუმი, ა. მაიერი.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - შვაინშტაიგერი - თ. მიულერი (74. რობენი), ტ. კროოსი (88. რაფინია), შაჩირი (65. ტიაგო ალკანტარა), რიბერი - მანჯუკიჩი.
გაფრთხილება: დანტე
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 9(3)-15(7); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 51 500

გლადბახი-ჰანოვერი 3:0
გოლები: 1:0 მ. კრუზე (20), 2:0 კრამერი (53), 3:0 დემსი (66-პენ)
გლადბახი (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - კრამერი, ჯაკა (84. ნორდტვეიტი) - ჰერმანი (89. ჰრგოტა), არანგო (77. იუნესი) - რაფაელი, მ. კრუზე.
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო (76. ჰაგი), სანე, პოკონიოლი - ანდრეასენი, შტინდლი - ბიტენკური (46. ა. ზობიეხი), პრიბი (57. ჰოფმანი), ჰუსტი - მ. დიუფი.
გაფრთხილება: ჯაკა - პრიბი, ჰ. საკაი, ანდრეასენი, პოკონიოლი
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 17(8)-16(4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 46 089

ნიურნბერგი-ჰერტა 2:2
გოლები: 1:0 დრმიჩი (40), 1:1 ალაგუი (61), 1:2 რონი (79-პენ), 2:2 კიოტაკე (89)
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი (57. ჩენდლერი), დაბანლი, პოგატეცი, პინოლა - ბალიჩი, შტარკი (71. ესვაინი) - კიოტაკე, მაკი (65. ფრანტცი), დრმიჩი - გინჩეკი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, იანკერი (66. რონი), ჰოლანდი - ლუსტენბერგერი, ჰოსოგაი - ალაგუი (66. ვაგნერი), ბაუმიოჰანი (82. ბრუკსი), ბენ-ჰატირა - რამოსი.
გაფრთხილება: დაბანლი, ფოილნერი, პინოლა, შტარკი, ჩენდლერი - პეკარიკი, ბაუმიოჰანი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 11(5)-12(5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 37 068

დორტმუნდი-ბრაუნშვაიგი 2:1
გოლები: 1:0 ჰოფმანი (75), 2:0 როისი (86-პენ), 2:1 კრატცი (89)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (60. როისი), მხითარიანი (92. დუკში), ობამეიანგი (68. ჰოფმანი) - ლევანდოვსკი.
ბრაუნშვაიგი (4-3-2-1): დავარი - ელაბდელაუი, ბიჩაქჩიჩი, კორეია, რაიხელი - კრატცი, თოიერკაუფი, მ. კალიჯური (65. ბოლანდი) - ჰოხშაიდტი (65. პერთელი), კრუპკე (77. ადემი) - ჯეკსონი.
გაფრთხილება: თოიერკაუფი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 24(6)-8(3); ბურთის ფლობა: 72%-28%.
მაყურებელი: 80 000

მომდევნო ტური
23 აგვისტო
დორტმუნდი-ვერდერი.

24 აგვისტო
ბაიერნი-ნიურნბერგი, ლევერკუზენი-გლადბახი, ჰანოვერი-შალკე, ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი, მაინცი-ვოლფსბურგი, ჰერტა-ჰამბურგი.

25 აგვისტო
ბრაუნშვაიგი-აინტრახტი, აუგსბურგი-შტუტგარტი.

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები:
3 - ალაგუი (ჰერტა), ობამეიანგი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი); 2 - ჰუნტელაარი (შალკე), მანჯუკიჩი (ბაიერნი), რამოსი (ჰერტა), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), რონი (ჰერტა), ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული