მათიას ზამერი: ზოგ-ზოგიერთებს მეტი მოეთხოვებათ!

AutoSharing Option
ფრანკფურტში მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მთელი საფეხბურთო გერმანია გააოცა, როცა თქვა, ჩემი გუნდის თამაშით 100 პროცენტით კმაყოფილი ვარო.

რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი კი სხვაგვარად ფიქრობს. 45 წლის ფუნქციონერმა "ბაიერნის" თამაში მკაცრად შეაფასა.

"აინტრახტთან" შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ არ ვართ სრულყოფილ ფორმაში. ფრანკფურტში მოგება ასე არ უნდა გაგვჭირვებოდა.

სექტემბერში, როცა ჩემპიონთა ლიგაც დაიწყება, ხშირად კვირაში ორი მატჩის ჩატარება მოგვიწევს და იმისათვის, რომ წნეხმა ზიანი არ მოგვაყენოს, ფეხბურთელებმა თავიანთი ფორმის გაუმჯობესებაზე ახლავე უნდა იზრუნონ.

საერთოდაც,
ზოგ-ზოგიერთებს უფრო მეტი მოეთხოვებათ და იმედია, ისე მოინდომებენ, როგორც საჭიროა,"
- უთხრა ზამერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ექსპერტების აზრით, ზამერმა პირველ რიგში გვარდიოლას აგრძნობინა, რომ ისეთი თამაშით, როგორიც "ბაიერნმა" ფრანკფურტში აჩვენა, პეპს 100 პროცენტით კმაყოფილების უფლება არ აქვს, ხოლო იმ მოთამაშეებში, რომლებსაც უფრო მეტს სთხოვს, პირველ რიგში, ბრაზილიელი მცველი დანტე (29 წლის) და ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი ხავი მარტინესი იგულისხმა.

აღსანიშნავია, რომ მარტინესი ესპანეთის ნაკრებიდან დაშავებული დაბრუნდა და ფრანკფურტში არც ჩასულა.

ზამერი მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ ბასტიან შვაინშტაიგერს მოუწოდებს, რადგან 29 წლის ნახევარმცველმა "გლადბახთანაც" და "აინტრახტთანაც" ისე ვერ ითამაშა, როგორც სჩვევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული