გერმანია. ბუნდესლიგა. III ტურის წინ: პეპ გვარდიოლის პირველი ბავარიული დერბი

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მესამე ტური 23 აგვისტოს ლიდერების მატჩით დაიწყო და შაბათსაც არანაკლებ საინტერესო შეხვედრებით გაგრძელდება, კვირას კი იმ გუნდების დუელებით დასრულდება, რომლებსაც შეუძლიათ თქვან, რომ ჩემპიონატის სტარტი ჩააგდეს...

ბავარიული დერბი
შაბათს ბუნდესლიგაში ბავარიული დერბი გაიმართება - "ბაიერნი" "ნიურნბერგს" უმასპინძლებს. მიუნხენელებმა სეზონი ორი მოგებით კი დაიწყეს, მაგრამ გუნდის თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს.

"ჩვენ კმაყოფილები არ ვართ. ვერ ვაჩვენებთ იმ დონეს, რაც ყველა ტურნირის მოსაგებად არის საჭირო", - განაცხადა მათიას ზამერმა.

პეპ გვარდიოლას გუნდის მეტოქე არის გუნდი, რომელსაც ჯერ არ მოუგია, თუმცა
ფრანკებს არც წაგება აქვთ და კარგ ხასიათზეც არიან, რადგან "ნიურნბერგი" ორივე შეხვედრაში მარცხდებოდა, თუმცა "ჰოფენჰაიმთან" ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, "ჰერტასთან" კი ანგარიში უკანასკნელ წუთებზე გაათანაბრა.

"ჩვენ საოცრად ერთსულოვანი გუნდი გვყავს. მოედანზე მყოფი 11-ვე ფეხბურთელი ერთმანეთის გვერდით დგას და ბოლომდე იბრძვის", - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხაელ ვიზინგერი, რომლის ხელმძღვანელობითაც "ნიურნბერგს" 19 მატჩი აქვს ჩატარებული და ფრანკებმა აქედან მხოლოდ 5 წააგეს.

"ბაიერნმა" მეტოქეს შინ ბოლო 6 მატჩი მოუგო, უკანასკნელად კი მიუნხენში ფრანკებმა 1992 წელს იმარჯვეს და ამ ხანგრძლივი მოუგებელი სერიის დასრულება ამჯერადაც ძალიან გაუჭირდებათ.

ლევერკუზენი: სირბილი. ბრძოლა. მოგება?
"ბაიერმა" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა. ლევერკუზენელთა კარგ სტარტს მათი მთავარი მწვრთნელი სამი ჰიიპია ფსიქოლოგიური მომენტით ხსნის:

"სეზონის წინ გუნდის მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ბევრი ვიშრომეთ. ბევრი სირბილი, ბოლომდე ბრძოლა და კარგი განწყობა - გამარჯვებისთვის ყველა ეს კომპონენტი სასიცოცხლოდ აუცილებელია".

მორიგ ტურში "ფარმაცევტების" მეტოქე მოინხენგლადბახის "ბორუსიაა", გუნდი, რომელმაც პირველ ტურში "ბაიერნს" სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მაგრამ მაინც წააგო, მეორე ტურში კი "ჰანოვერი" გაანადგურა (3:0).

ლუსიენ ფავრის შემტევმა ოთხეულმა (რაფაელი, ჰერმანი, კრუზე, არანგო) თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და იმისთვის, რომ ქულები არ დაკარგონ, "ბაიერის" ფეხბურთელებმა ახლაც ბევრი უნდა ირბინონ და ბოლომდე უნდა იბრძოლონ.

რეპუტაციის აღსადგენად
"ჰანოვერმა" და "შალკემ" წინა ტურში დიდი ანგარიშებით წააგეს. მირკო სლომკას გუნდის მარცხზე ზემოთაც ვისაუბრეთ, გელზენკირხენელებმა კი წინა ტურში სამარცხვინო ფეხბურთი ითამაშეს და "ვოლფსბურგისგან" ოთხი უპასუხო გოლი მიიღეს.

გარდა ამისა, "ხუმარებმა" ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშიც ძალიან ცუდად ითამაშეს და საბერძნეთის პაოკ-თან მხოლოდ ფრეს (1:1) გამორჩნენ.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "შალკეს" რამდენიმე ლიდერი ტრავმირებული ჰყავს, "ხუმარები" ხუმრობის ხასიათზე არც დღევანდელი თამაშის შემდეგ უნდა იყვნენ.

ამ გუნდების თამაშზე საუბრისას შეუძლებელია არ გავიხსენოთ შარშანდელი დაპირისპირება - "აუფ შალკეზე" გამართული საოცარი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით (5:4) დასრულდა. 9 გოლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი ბოლო ბურთი იყო, რომელიც მამე დიუფმა საჯარიმოს გარედან "მაკრატელათი" გაიტანა.

ტუხელის ტაქტიკური ხრიკები
"მაინცი" იმ ხუთ გუნდს შორის არის, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს. გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი და მისი ტაქტიკური ხრიკებია.

"ფრაიბურგთან" მოგებულ შეხვედრაში (2:1), ტუხელმა საყრდენი ნახევარმცველი მორიტცი გამთამაშებლად ათამაშა და დადებითი შედეგიც მიიღო.

მიუხედავად წარმატებული სტარტისა, მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა მწვრთნელი შემადგენლობას კვლავ შეცვლის.

"შალკეს" განადგურების შემდეგ (4:0), როტაციის მიზეზი თითქმის არ აქვს დიტერ ჰეკინგს. "მგლების" ახალწვეულმა ლუის გუსტავომ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და "კიკერისგან" საკმაოდ მაღალი შეფასება, 2-იანიც დაიმსახურა.

"ამ შეხვედრამ ყველას აჩვენა, რომ ამ სეზონში წარმატების მიღწევა შეგვიძლია. მთავარია ასე გავაგრძელოთ", - განაცხადა ლუის გუსტავომ.

კობი სკამზე
შაბათის უკანასკნელი მატჩი ბერლინში გაიმართება, სადაც "ჰერტა" პირველ ორ ტურში რვა გოლის გამშვებ "ჰამბურგს" დაუხვდება. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, ლევან კობიაშვილი სათადარიგოთა სკამზე იქნება.

"ჰერტამ" პირველ ტურში ფრანკფურტის "აინტრახტი" გაანადგურა, მეორე ტურში კი გამარჯვებამდე წუთები დააკლდა - "ნიურნბერგმა" ანგარიში 89-ე წუთზე გაათანაბრა.

ბერლინელები მორიგი გამარჯვებისთვის ემზადებიან, რადგან მათი მეტოქე საშინელ ფორმაშია და უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ "ჰამბურგის" მწვრთნელის ტორსტენ ფინკის დღეები კლუბში დათვლილია.

"ეს ნამდვილი კატასტროფა იყო, დაცვაში გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ, ასე გაგრძელება არ შეიძლება", - განაცხადა "ჰოფენჰაიმთან" წაგების შემდეგ (1:5) "ჰამბურგის" გოლკიპერმა რენე ადლერმა.

უქულოები
შაბათის კიდევ ერთ შეხვედრაში "ჰოფენჰაიმი" უქულო "ფრაიბურგს" უმასპინძლებს, კვირას კი ოთხი ისეთი გუნდი თამაშობს, რომელსაც "ფრაის" მსგავსად ქულა არ მოუპოვებია.

17:30 საათზე ბრაუნშვაიგში "აინტრახტების" დერბი შედგება. უკანასკნელად ეს გუნდები ბუნდესლიგაში ერთმანეთს 1985 წელს შეხვდნენ და მაშინ ბრაუნშვაიგელებმა 5:0 მოიგეს. საინტერესოა, რომ ბრაუნშვაიგის "აინტრახტს" ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი თამაში სწორედ ხვალინდელ მეტოქესთან აქვს მოგებული და სეხნიასთან თავს დადებითი ბალანსითაც იწონებს.

ტურის უკანასკნელი მატჩი კი შვაბების დერბია - ბავარიული "აუგსბურგი" "შტუტგარტს" შეხვდება. "აუგსბურგი" არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც გარდა იმისა, რომ ორივე მატჩი წაგებული აქვს, ჯერ გოლიც არ გაუტანია.

"შტუტგარტი" საშინლად თამაშობს - ბრუნო ლაბადიას გუნდმა ევროპალიგაზეც წააგო (ხორვატულ "რიეკასთან") და თუ 3 ქულა ვერც ამჯერად აიღო, დიდი შანსია "შტუტგარტი" მწვრთნელის გარეშე დარჩეს.

გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური
23 აგვისტო
ბორუსია (დ)-ვერდერი 1:0
გოლი: 1:0 ლევანდოვსკი (55)

24 აგვისტო
ბაიერნი-ნიურნბერგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტუბერი, ხავი მარტინესი - უპჰოფი, მარკოს ანტონიო, გერტნერი, გებჰარტი, ჰლუშეკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 58 თამაში: +35 =12 -11 (105:62)

ლევერკუზენი-ბორუსია (მ) 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლომბი, კორი - მერო
ურთიერთშეხვედრები
სულ 62 თამაში: +22 =25 -15 (115:92)

ჰანოვერი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფური, ბალასი, ჩერუნდოლო, ფელიპე, გიოქდემირი, შულცე, ფრანკა, ჰოფმანი, კადაჰი, ა. კასუმოვიჩი - კოლაშინაცი, პაპადოპულოსი, ანანი, ფარფანი, ჰუნტელაარი, ობასი
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +14 =10 -24 (58:82)

ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრალი, პატეროკი, ვიზე, ბრააფჰეიდი, დელპიერი, იაისლე, რუდი, ვუკჩევიჩი, ვაისი, დერდიოკი - ჰედენსტადი, პილარი, ტერაცინო
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2 =3 -3 (10:12)

მაინცი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არნოლდი (ვოლფსბურგი)
ტრავმა: კარიუსი, კოხი, ედე, რუკავიცა, ზალერი - თიოლკე, დოსტი, შაიდჰაუერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +4 =4 -6 (26:24)

ჰერტა-ჰამბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: აოგო, რინკონი (ორივე "ჰამბურგი")
ტრავმა: ვან დენ ბერგი, მუხტარი, ნჯენგი, ლასოგა - ნოიჰაუსი, შტრიტცელი, ჯურუ, იანსენი, მანსიენი, ილიჩევიცი, კაჩარი, შტაინმანი, ტეშე
ურთიერთშეხვედრები
სულ 60 თამაში: +22 =13 -25 (86:99)

25 აგვისტო
აინტრახ. (ბ)-აინტრახტი (ფ) 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰენი, ერვიგ-დრიუპელი, კორტე - იოზერი, იუნგი, კემპფი, ბაკალორცი, კიტელი, შტენდერა
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +18 =7 -15 (59:66)

აუგსბურგი-შტუტგარტი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გელიოსი, მანინგერი, მ. დე იონგი, ფრამბერგერი, ოტლი, ბანსე, ბობადილია - ნიდერმაიერი, ტასკი, ოდელი, დიდავი, როხასი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1 =0 -3 (6:7)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 3 3 0 0 7-1 9
2. ბაიერი 2 2 0 0 4-1 6
2. ბაიერნი 2 2 0 0 4-1 6
4. მაინცი 2 2 0 0 5-3 6
5. ვერდერი 3 2 0 1 2-1 6
6. ჰერტა 2 1 1 0 8-3 4
7. ჰოფენჰაიმი 2 1 1 0 7-3 4
8. ვოლფსბურგი 2 1 0 1 4-2 3
9. ბორუსია (მ) 2 1 0 1 4-3 3
10. ჰანოვერი 2 1 0 1 2-3 3
11. ნიურნბერგი 2 0 2 0 4-4 2
12. ჰამბურგი 2 0 1 1 4-8 1
13. შალკე 2 0 1 1 3-7 1
14. შტუტგარტი 2 0 0 2 2-4 0
15. აინტრახტი (ბ) 2 0 0 2 1-3 0
16. ფრაიბურგი 2 0 0 2 2-5 0
17. აუგსბურგი 2 0 0 2 0-5 0
18. აინტრახტი (ფ) 2 0 0 2 1-7 0

ბომბარდირები:
3 - ალაგუი (ჰერტა), ობამეიანგი (ბორუსია დ.), მოდესტი (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული