თომას მიულერი: ხოსეპ გვარდიოლა იოახიმ ლიოვს ჰგავს!

AutoSharing Option
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში გერმანიის ნაკრები 6 სექტემბერს ავსტრიას ეთამაშება. 5 სექტემბერს გერმანულმა ტაბლოიდმა "ბილდმა" ბუნდესგუნდისა და მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავის, თომას მიულერის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც 23 წლის წინახაზელი, ძირითადად, გერმანიის ნაკრებზე საუბრობს და ხოსეპ გვარდიოლას და იოახიმ ლიოვს ერთმანეთს ადარებს.

- ჰერ მიულერ, წარმოშობით პელიდან ხართ, რომელიც ავსტრიის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და ალბათ, დიდი შეცდომა არ იქნება, თუ ნახევრად ავსტრიელს გიწოდებთ. როგორი განწყობით ხვდებით მეზობელთან დუელს?
- ნუ გადააჭარბებთ! პელი ბავარიის რეგიონს ეკუთვნის და ავსტრიასთან
მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვე აკავშირებს. მინდა, რომ ეს თამაში მოვიგოთ, რათა ჩემს ავსტრიელ თანაკლუბელ დავიდ ალაბას კიდევ ერთხელ დავუმტკიცო, რომ ავსტრიელებს გერმანელებთან შანსი არ აქვთ. ზოგადად, ჩვენი მიზანი ავსტრიასა და ფარერებთან მოგებებით მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის განაღდებაა.

- ბასტიან შვაინშტაიგერი ალაბას ემუქრება, ავსტრია თუ მოგვიგებს, "ბაიერნის" გასახდელში აღარ შემოგიშვებო...
- დარწმუნებული ვარ, რომ ბასტი ამას ვერ გარისკავს, რადგან კანონმორჩილი ადამიანია (იცინის), მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქმე აქამდე არ მივა. დავიდმაც იცის, რომ ავსტრიას გერმანიის დამარცხება არ შეუძლია - უბრალოდ, ოცნებობს. სასწაული რომ მოხდეს და წავაგოთ, მერე ალაბა ყველას დაგვიბრიყვებს.

- ცოტა ხნის წინ კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდათ იმის გამო, რომ "გლადბახთან" თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენი პენალტისტობა დამთავრებულია?
- არა, ამის გამო თერთმეტმეტრიანების დარტყმაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი და პასუხისმგებლობას არ გავექცევი. ადრე პენალტის დარტყმისას ჩემი სტრატეგია მქონდა და ყოველთვის მეკარეს ვუყურებდი ხოლმე. სამწუხაროდ, "გლადბახთან" ასე აღარ მოვიქეცი. მომავალში ისევ მხოლოდ ჩემი გეგმით ვიმოქმედებ და თუ საჭირო იქნება, თერთმეტმეტრიანს ნებისმიერ მატჩში ნებისმიერ დროს შევასრულებ.

- მაგალითად, ავსტრიის ნაკრებთანაც?
- გერმანიის ნაკრებში პენალტისტი მესუთ იოზილია. ბოლოს თერთმეტმეტრიანებს სწორედ ის ურტყამდა და არა მგონია, რომ მისი შეცვლის საფუძველი არსებობდეს.

- იოზილი ბოლო წუთს "არსენალში" რომ გადავიდა, გაგიკვირდათ?
- მე ვიცოდი, რომ მესუთი მადრიდში თავს ძალიან კარგად გრძნობდა, მაგრამ ხომ იცით, ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. "რეალში" სერიოზული ცვლილებებია - ახალი მწვრთნელი, ახალი ვარსკვლავები. მე რომ კარლო ანჩელოტის ადგილზე ვყოფილიყავი, იოზილს არავითარ შემთხვევაში არ დავთმობდი, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელ მწვრთნელს სხვა აზრი აქვს. თუმცა მგონია, რომ იოზილი "არსენალშიც" გენიალური იქნება. მის კარიერაში ახალი, არანაკლებ საინტერესო ეტაპი იწყება.

- როგორ ფიქრობთ, რაკი იოზილი იყიდეს, ლონდონელებსაც შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება?
- ფაქტია, რომ "არსენალი" მესუთით ძალიან გაძლიერდა, მაგრამ ცხადია ისიც, რომ ლონდონელებს წინა სეზონშიც საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავდათ და მერვედფინალში სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს.

- როგორ ფიქრობთ, რა უფრო ადვილია: "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის თასის შენარჩუნება თუ გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება?
- ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება წარმოუდგენლად რთულია. სამხრეთამერიკული გრანდები, ბრაზილია და არგენტინა ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ თასი ევროპელებს არ გამოგვატანონ და რაც მთავარია, ორივეს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს. მათთან ერთად ესპანეთის უძლიერესი ნაკრებიც ფავორიტია და ჩვენც.

- მუნდიალი თქვენთვის საკლუბო სეზონისთვის დამატებით მოტივაციას ნიშნავს?
- დღე ისე არ გავა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ვიფიქრო. როცა ფეხბურთელს მუნდიალზე კარგად თამაში უნდა, ცხადია, ზაფხულამდე ფორმის შენარჩუნებაც უნდა სურდეს. ეს კი მხოლოდ სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებითაა შესაძლებელი. თუმცა დამატებითი მოტივაცია ნამდვილად არ მჭირდება, რადგან აქ, მიუნხენში ჩვენგან ისედაც ყოველთვის მხოლოდ მოგებას ითხოვენ. კვირადღე მშვიდი მხოლოდ მაშინაა ხოლმე, როცა შაბათს ვიგებთ.

- რამდენად მოტივირებულია ხოსეპ გვარდიოლა?
- ვატყობ, რომ "ბაიერნში" მუშაობა მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. პეპი ყოველთვის ცდილობს, რომ ჩვენს თამაშზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს. მისი საუბრის მოსმენა თამაშების წინ დიდი სიამოვნებაა. სხვათა შორის, გვარდიოლა ძალიან ჰგავს იოახიმ ლიოვს - პეპიც იოგისავით ემოციურია.

- კიდევ რით ჰგვანან ერთმანეთს "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების თავკაცები?
- გაბრაზების დროს სიმშვიდეს ორივე მაქსიმალურად ინარჩუნებს - ხმამაღალი ყვირილი არც ლიოვმა იცის და არც გვარდიოლამ. გარდა ამისა, უკიდურესი გაბრაზების დროსაც კი ორივე, ფაქტობრივად, არგუმენტებით საუბრობს. ლიოვი, ისევე, როგორც გვარდიოლა, უმეტესად ბურთთან ერთად გვავარჯიშებს ხოლმე და ყველაზე მთავარი: ორივეს შემტევი ფეხბურთი უყვარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტურის წინ: ვინ ისარგებლებს "ბაიერნის" წაფორხილებით?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული