როგორც მოსალოდნელი იყო, "ჰამბურგის" ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 45 წლის სპეციალისტის გაშვება არა მარტო დორტმუნდში განცდილი სამარცხვინო მარცხის (2:6), არამედ ზოგადად, გუნდის ძალიან ცუდი თამაშის შედეგია (5 ტურის შემდეგ "ჰამბურგი" ბუნდესლიგაში მე-15 ადგილზეა).
კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა ფინკს მისი გათავისუფლების ამბავი ორშაბათს საღამოს, პირადად შეატყობინა, 17 სექტემბერს კი ეს ინფორმაცია უკვე გერმანულ პრესაშიც გავრცელდა. ფინკი შეგირდებს ოფიციალურად გამოეთხოვა, რის შემდეგაც პრესკონფერენციაც გამართა.
"მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ორ წელიწადში ბევრი რამ შევძელით. ვამაყობ, რომ ისეთ გუნდში მუშაობის საშუალება მომეცა, როგორიც "ჰამბურგია". ეს გუნდი, მისი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ძალიან შემიყვარდა და მთელ კოლექტივს წარმატებებს ვუსურვებ. მუშაობის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ხელმძღვანელები სხვანაირად ფიქრობდნენ და ეს საკმაოდ კონსტრუქციულად, არგუმენტებით ამიხსნეს," - უთხრა ფინკმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
კროიცერის თქმით, ახალი მწვრთნელის პოვნამდე და მის დანიშვნამდე ჩრდილოგერმანულ კლუბს ძველი ჰამბურგელები, როდოლფო ესტებან კარდოსო და ოტო ადო უხელმძღვანელებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:ტორსტენ ფრინგსი ფეხბურთიდან გააცილეს!