დორტმუნდის "ბორუსია": ეპიდემია იურგენ კლოპის ბრალია?

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთით ამ სეზონშიც მთელი საფეხბურთო გერმანია (და არა მარტო გერმანია) აღფრთოვანებულია.

იურგენ კლოპის შეგირდები ძალიან სწრაფ, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და შესაძლოა, სწორედ ამის ბრალი იყოს ის, რომ გერმანიის ვიცე-ჩემპიონს უკვე 10 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული. შედარებისთვის, ბუნდესლიგის სხვა არცერთ კლუბში არაა ამდენი მოთამაშე დაშავებული. ექსპერტებს ეჭვი შეეპარათ, რომ ეს არა მარტო უიღბლობის, არამედ სწორედ იმ ინტენსიური ფეხბურთის ბრალიც შეიძლება იყოს, რომელსაც კლოპი "ბორუსიას" ათამაშებს.

ფაქტია, რომ დორტმუნდელები ძალიან ბევრს დარბიან. ბუნდესლიგის 8 ტურის შემდეგ, გარბენილი კილომეტრებით, "ბორუსია" მეორე ადგილზეა
- კლოპის შეგირდებმა ჯამში 943 კილომეტრი გაირბინეს და ამ მხრივ მხოლოდ "ფრაიბურგს" (853 კმ) ჩამორჩებიან. სამაგიეროდ, "დორტმუნდის" ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი აჩქარება (1780) გააკეთეს.

"არა მგონია, რომ ფეხბურთელების ტრავმიანობა ჩვენი გუნდის თამაშის სტილის ბრალი იყოს. წელსაც ისე ვთამაშობთ და ვვარჯიშობთ, როგორც შარშან და შარშანწინ ვთამაშობდით და ვვარჯიშობდით, - აცხადებს "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე და დასძენს, - ფეხბურთში ხშირია ფაზები, როცა ფეხბურთელების ტრავმიანობა მატულობს და ეს მხოლოდ იღბალზეა დამოკიდებული."

ლაზარეთში 10 მოთამაშის ყოფნას მწვრთნელს არც მენეჯერი მიხაელ ცორკი აბრალებს: "თამაშის ასეთი სტილითა და მაქსიმალური თავგანწირვით წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით და ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დავიკავეთ. ძალები არც ამ სეზონში უნდა დავზოგოთ."

შედარებისთვის, "ბაიერნს" 4 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული, "ლევერკუზენს" კი - სამი. დაშავებული ფეხბურთელების რაოდენობით, "დორტმუნდთან" ახლოს მხოლოდ "შალკეა" - გელზენკირხენელებს ლაზარეთში 8 მოთამაშე ჰყავთ. რაც შეეხება ტრავმირებულ დორტმუნდელებს, ესენი არიან: პიშჩეკი, სოკრატისი, ზარი, შმელცერი, კელი, სვენ ბენდერი, გიუნდოგანი, ნური შაჰინი, ჰოფმანი და როისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: წაგება ჩვენი ბრალია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული