გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტურის წინ: ზინსჰაიმში გოლებს ველით

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტური გუშინ დორტმუნდის "ბორუსიას" და "შტუტგარტის" საინტერესო დაპირისპირებით დაიწყო. დაწინაურებული ტრიოდან დანარჩენი ორი გუნდი დღეს თამაშობს: "ბაიერნი" "ჰოფენჰაიმს" სტუმრობს და ამ შეხვედრას ტურის ცენტრალური მატჩის სტატუსი იმიტომაც მიენიჭა, რომ "ჰოფენჰაიმს" 10 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (გაშვებულიც). "ლევერკუზენი" კი ბრაუნშვაიგში ითამაშებს.

დაძაბულობა მატულობს ცხრილის ქვესკნელშიც, სადაც "ნიურნბერგისა" და "ფრაიბურგის" სახით ერთმანეთს ისეთი კლუბები ხვდებიან, რომლებსაც ჯერ ერთი თამაშიც კი არ მოუგიათ.

შესაბამისად, "ნიურნბერგისა" და "ფრაიბურგის" დაპირისპირებაში ფრე არცერთს არ აწყობს. "სადებიუტო მატჩში ფრე კარგი შედეგი
იყო, მაგრამ ახლა მომდევნო ნაბიჯი უნდა გადავდგათ და "ფრაიბურგი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ," - აცხადებს ფრანკების ახალი მწვრთნელი გერტიან ვერბეეკი, რომელიც ნიურნბერგის პუბლიკის წინაშე პირველად წარდგება და პირობას დებს, რომ ფრანკები შეუტევენ. სწორედ ამის უნდა ეშინოდეს "ფრაის" მეკარე ბაუმანს, რომელმაც წინა ტურში, "ჰამბურგთან" სამი უპატიებელი შეცდომა დაუშვა და შეგახსენებთ, რომ ბრაისგაუელებს მისი სამივე შეცდომა ძვირად დაუჯდათ (0:3).

თუმცა ბაუმანს თანაგუნდელები მხარში ამოუდგნენ - კაპიტანმა შუსტერმა თქვა, მას იმდენ შეხვედრაში გადავურჩენივართ, რომ ეს შეცდომები ზღვაში წვეთიაო. მწვრთნელ კრისტიან შტრაიხსაც სჯერა, რომ ბაუმანი მომხდარს იოლად გადაიტანს.

ბევრი გოლი ზინსჰაიმში?
"ჰოფენჰაიმი" პუბლიკის გაოცებას განაგრძობს. "სოფლელებმა" 4-მატჩიანი მოუგებელი სერია "ჰანოევერის" შერცხვენით (4:1) შეწყვიტეს და ამ ეტაპზე ბუნდესლიგაში ისევ ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. თუმცა, "ჰოფეს" ყველაზე მეტი ბურთიც აქვს მიღებული.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დღეს "ჰოფენჰაიმისა" და მიუნხენის "ბაიერნის" უდავოდ ძალიან საინტერესო დუელში გოლების წვიმას უნდა ველოდოთ, ამას უშუალოდ მატჩი გვიჩვენებს. შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" ბუნდესლიგაში 35-მატჩიანი (!) წაუგებელი სერია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერს შანსი აქვს, დღეს "ჰამბურგის" ლეგენდარული რეკორდი გაიმეოროს. თუმცა ისიც ცხადია, რომ ბოლო დროს ბავარიელები თამაშებს ისე იოლად ვეღარ იგებენ, როგორც ამას სეზონის დასაწყისში აკეთებდნენ.

ხოსეპ გვარდიოლას ტაქტიკა ყველას გაშიფრული აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში მეტოქეები "ბაიერნს" მაინც ვერაფერს უხერხებენ ხოლმე. თუმცა რაკი ტენდენცია იქითკენ წავიდა, რომ რეკორდმაისტერს თამაშების მოგება უჭირდა, პეპმა სტრატეგია შეცვალა და ბიჭებს მაღალი ბურთებით თამაში დაავალა - შედეგი: "ბაიერნმა" წინა ტურში "ჰერტას" სამივე გოლი მაღალი ჩაწოდების შემდეგ (ორი სტანდარტულიდან, სამივე თავით) გაუტანა.

განაგრძობს "ჰამბურგი" წინსვლას?
მას მერე, რაც "ჰამბურგს" სათავეში ბერტ ვან მარვეიკი ჩაუდგა, ჩრდილოელებმა 12 შესაძლოდან, 8 ქულა აიღეს და ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელში ჯერაც დაუმარცხებლები არიან. კაპიტანი რაფაელ ვან დერ ვაარტი ამბობს, ყველაზე კარგი ის არის, რომ თავდაჯერება დაგვიბრუნდაო. "ჩვენი თამაში დასტაბილურდა და შეცდომებსაც აღარ ვუშვებთ," - დასძენს პიერ-მიშელ ლასოგა, რომელსაც 5 ოფიციალურ შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და უკვე "დორტმუნდსა" და "შალკეში" ეპატიჟებიან.

ასევე კარგ ფორმაში მყოფ "გლადბახთან" შეხვედრისთვის ვან მარვეიკს დაცვაში ცვლილებები მოუწევს: ჯურუ დაშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჰამბურგის" დაცვის ცენტრში გამოუცდელი მოთამაშეების, 17 წლის თაას და 22 წლის ზობიეხის ტანდემი უნდა ვიხილოთ. "გლადბახს" საკუთარ მოედანზე ხუთიდან ხუთივე თამაში აქვს მოგებული, სტუმრად კი საშინლად გამოიყურება (მხოლოდ 1 ქულა 5 შეხვედრაში). ასე რომ, თუ მიონხენგლადბახელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უნდათ, თამაში სტუმრადაც უნდა გააუმჯობესონ.

ფიოლერი: არ მოვეშვათ!
მართალია, "ბრაუნშვაიგი" სარელეგაციო ზონას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, რაც კატასტროფა სულაც არ არის, მაგრამ 10 ტურში 8 თამაშის წაგება იმაზე მიუთითებს, რომ ბრაუნშვაიგელებს ბოლომდე გადარჩენისთვის მოუწევთ ბრძოლა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. აუტსაიდერის მეტოქე დღეს მესამეადგილოსანი "ლევერკუზენია", რომელიც "ბაიერნს" და "დორტმუნდს" ჯერჯერობით ვაჟკაცურად მისდევს, რაზეც "ფარმაცევტების" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი ამბობს, ამას ნამდვილად არ მოველოდიო. თუმცა "რუხი მგელი" "ლევერკუზენის" ფეხბურთელებს მოუწოდებს, არ მოეშვათ, თორემ დაგეგმილი სამი ქულის აღება გაგვიჭირდებაო.

"ჰერტა" "შალკეს" ემუქრება
ელიტაში ახლახან დაბრუნებული "ჰერტა" ყველას გვაოცებს - ბერლინელები ძალიან კარგად გამოიყურებიან და წინა ტურში "ბაიერნიც" ცოტათი გააბრაზეს (2:3). "ის ფაქტი, რომ მიუნხენში მართლა ასე კარგად ვითამაშეთ, "შალკესთან" შეხვედრისთვის ძალიან იმედიანად განგვაწყობს," - აცხადებს "ჰერტას" თავკაცი იოს ლუჰუკაი. გელზენკირხენელებს კი რურის დერბი აქვთ წაგებული (1:3), რაც იმას ნიშნავს, რომ ფანებს სასწრაფოდ უნდა მოუბოდიშონ, რაც მხოლოდ ბერლინში გამარჯვებითაა შესაძლებელი.

შაბათის საღამოს მატჩი "აინტრახტის" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირებაა. ფრანკფურტელებს მეხუთე ტურის შემდეგ არ მოუგიათ და განვლილ ხუთ ტურში მხოლოდ 4 ქულა აიღეს, რის გამოც ცხრილში ქვემოთ დაეშვნენ და სარელეგაციო მე-16 ადგილს მხოლოდ სამი ქულითღა უსწრებენ. "ვოლფსბურგმა" კი ზედიზედ ორი თამაში მოიგო და ევროტურნირების ზონაში შეაღწია. ძალიან კარგ ფორმაში არიან "მგლების" წინახაზელები: დიეგო, არნოლდი, პერიშიჩი და ცენტრფორვარდი ოლიჩი.
კვირას პირველი შეხვედრა "აუგსბურგისა" და "მაინცის" ჯახია, რომელშიც ფავორიტის დასახელება შეუძლებელია. აუგსბურგელები ძალიან მოტივირებულები არიან, თუმცა კლასი არყოფნით, "მაინცი" კი არასტაბილურია.

ტურს კვირას საღამოს "ვერდერისა" და "ჰანოვერის" დამაინტრიგებელი ჯახი დახურავს. ბრემენელებს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, წინა ტურში კი "ვოლფსბურგთან" 0:3 შერცხვნენ. თანაც, "ვერდერს" კვლავ ვერ დაეხმარებიან თავდამსხმელები, პეტერსენი და დი სანტო. საკადრო პრობლემები "ჰანოვერსაც" აქვს - მარსელო და დიუფი დისკვალიფიცირებულები არიან.

XI ტური

1 ნოემბერი
დორტმუნდი-შტუტგარტი 6:1

2 ნოემბერი. ზინსჰაიმი. "რეინ ნეკარ არენა". 18:30
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვიზე, ვუკჩევიჩი - ბადშტუბერი, შაჩირი, ტიაგო, პისარო
სავარაუდო შემადგენლობები
ჰოფენჰაიმი (4-3-2-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ზიულე, სალიჰოვიჩი - პოლანსკი, შტრობლი, რუდი - ფოლანდი, რობერტო ფირმინო - მოდესტე.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, ჟ. ბოატენგი, ალაბა - ხავი მარტინესი - რობენი, თ. მიულერი, შვაინშტაიგერი, რიბერი - მანჯუკიჩი.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +0=3-7, (6:23)

2 ნოემბერი
ნიურნბერგი-ფრაიბურვი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარკოს ანტონიო, გებჰარტი - მუიჯა, ტერაცინო
ბოლო 6 მატჩი
+0=5-1 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +3=5-8, (18:23)

ჰამბურგი-გლადბახი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიკმაიერი, ჯურუ, რაიკოვიჩი, დემირბაი, რინკონი - ალვარო დომინგესი, ბრუვერსი, დემსი, ნორდტვეიტი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 თამაში: +36=24-30, (142:140)

ბრაუნშვაიგი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეტკოვიჩი, კორეია, ჰოხშაიდტი - სტაფილიდისი, რაინარტცი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +3=1-6, (13:15)

ჰერტა-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაუმიოჰანი - კ. პაპადოპულოსი, ანანი, ჰიოგერი, ფარფანი, ჰუნტელაარი, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 58 თამაში: +21=10-27, (60:80)

აინტრახტი-ვოლფსბურგი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კიტელი, როზენტალი, შვეგლერი, შტენდერა - ფელიპე, კოო, ტრეში, ვიეირინია, დოსტი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +4=8-10, (28:34)

3 ნოემბერი
აუგსბურგი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: მორავეკი (აუგსბურგი)
ტრავმა: ფრამბერგერი, ექინი, ვლახოდიმოსი - ბუნგერტი, კოხი, ბაუმგარტლინგერი, ზიმლინგი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=1-1, (4:4)

ვერდერი-ჰანოვერი 20:30
დისკვალიფიკაცია: მარსელო, მ. დიუფი (ჰანოვერი)
ტრავმა: პრიოდლი, ბარგფრედე, დი სანტო, პეტერსენი - ფელიპე, პანდერი, ფრანკა, ია კონანი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 თამაში: +26=13-11, (113:65)

ბომბარდირები: 7 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), სემი (ლევერკუზენი); ობამეიანგი (დორტმუნდი), კისლინგი (ლევერკუზენი), ლასოგა (ჰამბურგი), ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი), ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული