გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტური: დაახალა პირდაპირ, გულებში!

AutoSharing Option
მაინცდამაინც მარიო გიოტცე! სწორედ ის მარიო გიოტცე, რომელმაც ზაფხულში დორტმუნდელებს მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლით გული ატკინა. მაგრამ ის, რაც შაბათს მოხდა, გულის ტკენაზე მეტია: მარიო რეკორდმაისტერის ძირითად შემადგენლობაში არ იყო, ხოსეპ გვარდიოლამ ის მოედანზე მეორე ტაიმში, კერძოდ, 56-ე წუთზე შეუშვა და ზუსტად ათ წუთში "გიოტცინიომ" დორტმუნდის მდუღარე პუბლიკა დაადუმა - "ბორუსიას" ისარი პირდაპირ გულში ჩაასო და მისი ყველა ფანი განგმირა, "ვესტფალენშტადიონი" (გნებავთ, "სიგნალ იდუნა პარკი") დაადუმა.

ყოფილ თანაგუნდელებს, მეგობრებს, ყოფილ მწვრთნელს მარიოს დარტყმა მწარედ მოხვდათ - ვინც თამაშს უყურა, იურგენ კლოპის
სახეზე უდიდეს გულისტკივილს ამოიკითხავდა.

ალბათ, ამიტომაც აღარ გაგიჟდა "ბორუსიას" მწვრთნელი მეორე და მესამე გოლებზე ისე, როგორც სჩვევია ხოლმე - იურგენი რობენისა და მიულერის გოლების დროსაც გიოტცეზე ფიქრობდა. იმ გიოტცეზე, რომელიც თვითონ გამოზარდა. მართალია, მომხდარის დიდად დრამატიზება არასწორია, რადგან ეს ფეხბურთია, ფეხბურთი კი ბიზნესია, მაგრამ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ რობენისა და მიულერის გოლებიც გიოტცეს დამსახურებაა - მისი გოლის შემდეგ სრულიად "ბორუსია" და "ვესტფალენშტადიონი" დრამატიზებული იყო.

"ბაიერნის" ჩემპიონობა უკვე გარდაუვალია?
ამ დამსახურებული გამარჯვებით "ბაიერნმა" "დორტმუნდს" შვიდი ქულით გაასწრო და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზე გადასულ "ლევერკუზენს" 4 ქულით უსწრებს, ბუნდესლიგის ცხრილის სათავეს მოწყენილობის საფრთხე ემუქრება. დორტმუნდელებს კი ახლა ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლისთან" ურთულესი და უაღრესად მნიშვნელოვანი თამაში ელით და საინტერესოა, მოახერხებს თუ არა კლოპი თავისი გუნდის ხელახლა მოტივირებას.

მიუხედავად იმისა, რომ "დორტმუნდის" ფანები გიოტცეს ბურთთან ყოველი შეხებისას უსტვენდნენ, მარიომ "ბორუსიას" კარში გოლი არც ჟესტიკულაციებით იზეიმა და არც სიტყვებით. მატჩის შემდეგ მას სიტყვა არ უთქვამს და უზომოდ გახარებული გიოტცეს ფოტოები მხოლოდ სოციალურ ქსელებში გავრცელდა - ეს "ბაიერნის" ავტობუსში გადაღებული ფოტოები იყო, რომლებიც მიუნხენური გრანდის სხვა ფეხბურთელებმა გამოაქვეყნეს.

მოედანზე ზეიმი ნამეტანი იქნებოდა. გიოტცეს გოლის შემდეგ, უბრალოდ, სახეზე ეწერა, რომ ისიამოვნა იმ მომენტით, რომლითაც, მისივე თქმით, კარიერის ურთულეს მატჩში გამარჯვების გოლის გატანის ბედნიერება ხვდა წილად.

შესაბამისად, მატჩზე, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდა და რომელიც 207 ქვეყანაში (!) გადაიცემოდა, სხვებმა ილაპარაკეს. ითქვა, რომ ეს ბუნდესლიგისთვის უდიდესი რეკლამა იყო.

"ეს ბრწყინვალე მატჩი იყო და ჩვენ ბრწყინვალედ მოვიგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეფასებებისას უნდა გადავაჭარბოთ. სეზონის ბოლომდე კიდევ 21 ტურია დარჩენილი,
" - სწორედ ეს თქვა არიენ რობენმა. არადა, ბუნდესლიგის ისტორიაში 13 ტურის შემდეგ 35 ქულა ჯერ არავის ჰქონია.

"დორტმუნდმა" ექსპერიმენტული დაცვით (გროსკროიტცი, ახლახან აყვანილი მანუელ ფრიდრიხი, სათადარიგო სოკრატისი და ახალგაზრდა დურმი) "ბაიერნის" იერიშებს დიდხანს გაუძლო. გაუძლო მანამდე, სანამ პეპ გვარდიოლამ გამარჯვების მომტანი ცვლილებები არ გააკეთა - მანჯუკიჩის ნაცვლად გიოტცე, ბოატენგის ნაცვლად - ტიაგო ალკანტარა. სწორედ ამ ცვლილებების შემდეგ გაუხსნა ანგარიში "ბაიერნმა" გუნდს, რომელსაც გვარდიოლამ საფინალო სასტვენის შემდეგ კიდევ ერთხელ უწოდა "მსოფლიოში საუკეთესო კონტრმოიერიშე კოლექტივი".

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ვაიდენფელერი თანაგუნდელებს აკრიტიკებს
გიოტცემ გოლის მომენტში აჩვენა ის, რაც დორტმუნდელებს დავიწყებიათ: ბურთის მიღებისთანავე კარში დარტყმა. სწორედ ეს ვერ გააკეთა მარიოს შემცვლელმა ჰენრიხ მხითარიანმა იმ მომენტში, როცა დორტმუნდელებს გოლის გატანის საუკეთესო შანსი მიეცათ. გიოტცეს დარტყმა ნახევარი წამითაც რომ დაეყოვნებინა, ამ გოლს ვერ გაიტანდა, მხითარიანმა კი თავის მომენტში დააყოვნა და ვერც გაიტანა.

"ჩვენ ეფექტიანობაც დავკარგეთ და ცივსისხლიანობაც. გადამწყვეტ მომენტში საგოლე მომენტის გამოყენებას ვეღარ ვახერხებთ,
" - თქვა მატჩის შემდეგ დორტმუნდელთა მეკარე რომან ვაიდენფელერმა.

რომანი ცამდე მართალია, რადგან დორტმუნდის "ბორუსიამ" ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი ბოლოს 2010 წლის დასაწყისში წააგო. საკმარისია, დორტმუნდელები მეოთხეშიც დამარცხდნენ, რომ ალბათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალსაც დაემშვიდობებიან. თუმცა იმ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება, რომ "ბორუსია" "ნაპოლისთან" 26 ნოემბრის მატჩს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

კლოპი კარგი მოტივატორია და წესით, ბიჭების მენტალურად გამოჯანმრთელება უნდა შეძლოს, მაგრამ რა უნდა მოიფიქროს დაცვის ხაზისთვის, სადაც სამი ბურჯი (ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი) აკლია? მანუელ ფრიდრიხმა, რომელიც ზაფხულს აქეთ უკლუბოდ იყო და კლოპმა ჰუმელსისა და სუბოტიჩის დაშავების შემდეგ აიყვანა, შაბათს თქვა, გიოტცეს გოლის შემდეგ ქვეცნობიერად დავნებდითო. დანებდა თუ არა "დორტმუნდი" ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც, ამას დრო გვიჩვენებს.

"ლევერკუზენი" მეორეა, "ნიურნბერგი" ისევ მოგების გარეშე
სხვა მატჩებზე ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლოთ: "ლევერკუზენმა" ბერლინში შტეფან კისლინგის გოლით 1:0 მოიგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა "ფარმაცევტების" შეფმა რუდი ფიოლერმა 24 ნოემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა, "ბაიერნის" კონკურენტად ვერ გამოვდგებითო.

მესამე ადგილზე ჩამოქვეითებულ "დორტმუნდს" კი უკვე მიონხენგლადბახელი სეხნიაც მიუახლოვდა - "გლადბახმა" პარასკევს შტუტგარტიდან სამი ქულა წაიღო (0:2) და დორტმუნდის "ბორუსიას" ახლა მხოლოდ სამი ქულითღა ჩამორჩება. ფრანკფურტის "აინტრახტისა" და "შალკეს" მატჩში 6 გოლი გავიდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს, "ნიურნბერგი" კი 13 ტურის შემდეგაც მოუგებელია...

ბუნდესლიგა. XIII ტური


შტუტგარტი-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 რაფაელი (37), 0:2 ვენდტი (73)
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - შვააბი, ნიდერმაიერი, რიუდიგერი, რაუში - გენტნერი, კვისტი (63. აბდელაუ) - ლაიტნერი (46. ტრაორე), მაქსიმი, ტი. ვერნერი - იბიშევიჩი.
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე, შტრანცლი, ვენდტი - კრამერი, ჯაკა - ჰერმანი (85. რუპი), არანგო (88. ჰრგოტა) - რაფაელი (90. ლ. დე იონგი) - კრუზე.
გაფრთხილება: ჯაკა, კორბი
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9(2)-19(11); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 49 560

ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები:L0:1 არნოლდი (39), 1:1 გინჩეკი (72)
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, პოგატეცი, პლატენჰარდტი - ჰასებე, ფრანტცი (55. მაკი) - ფოილნერი, კიოტაკე (64. გინჩეკი), ჰლუშეკი - დრმიჩი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, მედოიევიჩი - დიეგო, არნოლდი (90. პოლაკი), პერიშიჩი (77. დ. კალიჯური) - ოლიჩი (77. დოსტი).
გაფრთხილება: ფრანტცი - დიეგო
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11(6)-23(6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 35 678

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 2:0
გოლები: 1:0 ჰალილ ალთინთოფი (17), 2:0 ჰალილ ალთინთოფი (23)
აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (85. მორავეკი), ტო. ვერნერი (90. ბობადილია) - მილიკი (76. მიოლდერსი).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ზიულე, სალიჰოვიჩი (46. ტოლიანი) - პოლანსკი (59. ჰერდლინგი), შტრობლი - ფოლანდი, რობერტო ფირმინო (60. შიპლოკი), ფ. ჯონსონი - მოდესტე.
გაფრთხილება: კალსენ-ბრაკერი, ჰანი - სალიჰოვიჩი, ჰერდლინგი, შტრობლი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 14-24; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16(5)-8(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 27 855

ბრაუნშვაიგი-ფრაიბურგი 0:1
გოლი: 0:1 ფერნანდესი (52)
ბრაუნშვაიგი (4-3-2-1): დავარი - ელაბდელაუი, ბიჩაქჩიჩი, დოგანი, პერთელი (83. იორლი) - კრატცი, ვრანჩიჩი (72. ადემი), თოიერკაუფი - ბელარაბი (85. ჯეკსონი), ბოლანდი - კუმბელა.
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - ზორგი, გინტერი, ჰიონი, კ. გიუნტერი - ჰიოფლერი - ფრაისი (88. გუედე), ფერნანდესი, მეჰმედი (81. კოკელინი), პილარი (65. კერკი) - ჰანკე.
გაფრთხილება: ბიჩაქჩიჩი, ბელარაბი, ბოლანდი - პილარი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 21(7)-8(2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 21 810

აინტრახტი-შალკე 3:3
გოლები: 0:1 ფლუმი (14-საკ. კარში), 0:2 მატიპი (18), 1:2 ფლუმი (56), 2:2 ხოსელუ (61), 3:2 ხოსელუ (68), 3:3 ჰიოვედესი (86)
აინტრახტი (4-1-2-1-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, რუსი (90. ჩელოცი), ოჩიპკა - ლანიგი - როდე (82. შვეგლერი), ფლუმი - ბარნეტა - კადლეცი (81. როზენტალი), ხოსელუ.
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი (71. ფუხსი) - ჯონსი, აოგო (79. სალაი) - ფარფანი, მ. მაიერი, დრაქსლერი - კ. ბოატენგი (89. ფელიპე სანტანა).
გაფრთხილება: როდე, სამბრანო, ტრაპი, რუსი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 22-20; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 15(8)-13(9); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 51 500

ჰერტა-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 კისლინგი (29)
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ს. ლანგკამპი, ვან დერ ბერგი - ჰოსოგაი, ჩიგერჩი - ალაგუი (46. მუხტარი), სკიელბრედი (82. რონი), ბენ-ჰატირა (75. ვაგნერი) - რამოსი.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი, ვოლშაიდი, თოფრაქი, ჩანი - როლფესი - ლ. ბენდერი, კასტრო - სემი (4. ჰეგელერი/88. კორი), სონი (72. კრუსი) - კისლინგი.
გაფრთხილება: რონი - ჩანი
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 12(2)-4(2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 47 419

დორტმუნდი-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 გიოტცე (66), 0:2 რობენი (85), 0:3 თ. მიულერი (87)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, დურმი - ს. ბენდერი (79. პიშჩეკი), ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (71. ობამეიანგი), მხითარიანი (71. ი. ჰოფმანი), როისი - ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია (79. ვან ბუიტენი), ჟ. ბოატენგი (64. ტიაგო), დანტე, ალაბა - ლამი, ხ. მარტინესი - თ. მიულერი, ტ. კროოსი, რობენი - მანჯუკიჩი (56. გიოტცე).
გაფრთხილება: გროსკროიტცი, მხითარიანი - ჟ. ბოატენგი, რაფინია, მანჯუკიჩი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 7(4)-10(5); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 80 645

ჰამბურგი-ჰანოვერი 3:1
გოლები: 0:1 ჰუსტი (28), 1:1 ბადელი (31), 2:1 ბაისტერი (46), 3:1 ჩალჰანოღლუ (84)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - ვესტერმანი, თაა, ჯურუ, იანსენი - რინკონი, ბადელი - ბაისტერი (88. ზუა), ჩალჰანოღლუ, ილიჩევიჩი - ლასოგა.
ჰანოვერი (4-4-1-1): ცილერი - ჰ. საკაი, სანე, კ. შულცი (74. ჰოფმანი), პრიბი (60.ა. ზობიეხი) - შტინდლი (21. პოკონიოლი), ანდრეასენი, შმიდებახი, ჰუსტი - შლაუდრაფი - მ. დიუფი.
გაფრთხილება: ბაისტერი, ილიჩევიჩი - კ. შულცი, ჰუსტი
გაძევება: სანე (90. ჰანოვერი)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 19-24; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 19(9)-11(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 52 091

ვერდერი-მაინცი 2:3
გოლები: 0:1 ნ. მიულერი (7), 0:2 ოკაზაკი (17), 0:3 ოკაზაკი (70), 1:3 ელია (85), 2:3 დი სანტო (90)
ვერდერი (4-1-3-2): მილიტცი - ფრიტცი, ლუკიმია, კალდიროლა, გებრე სელასიე - ფ. კროოსი (45+2. ექიჩი) - ელია, მაკიადი (86. თრაიბული), ჰანტი - დი სანტო, ზელკე (82. იოზ. ილდირიმი).
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - პოსპეხი (46. სვენსონი), ბელი, ნოვესკი, პარკი - გაისი, სოტო (62. მორიტცი) - პოლტერი, ზიმლინგი (58. ჩუპო-მოტინგი), ნ. მიულერი - ოკაზაკი.
გაფრთხილება: ფ. კროოსი - სოტო, ნ. მიულერი
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 18-22; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 24(8)-18(7); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 38 429

ბომბარდირები: 9 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 8 - ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი).

მომდევნო ტური

29 ნოემბერი.
ვოლფსბურგი-ჰამბურგი.

30 ნოემბერი.
ბაიერნი-ბრაუნშვაიგი, ლევერკუზენი-ნიურნბერგი, ჰოფენჰაიმი-ვერდერი, მაინცი-დორტმუნდი, ჰერტა-აუგსბურგი, შალკე-შტუტგარტი.

1 დეკემბერი.
ჰანოვერი-აინტრახტი, გლადბახი-ფრაიბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული