გერმანიის თასი. 1/8-ფინალი: "აუგსბურგის" აღებას რობენი შეეწირა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" გერმანიის თასის მერვედფინალში "აუგსბურგის" ბარიერი, როგორც მოსალოდნელი იყო, მარტივად გადალახა, მაგრამ მიუნხენელებმა არიენ რობენი დაკარგეს!

"ლევერკუზენი" ფრაიბურგში 30 წამის შემდეგ იგებდა, მაგრამ მერე ბრაისგაუელები ძალიან კარგად ათამაშდნენ, წონასწორობაც აღადგინეს და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში სჯობდნენ "ლევერკუზენს", მაგრამ მეოთხედფინალში მაინც "ფარმაცევტები" გავიდნენ - სამი ჰიიპიას გუნდს მეორე ტაიმში ერთადერთი საგოლე მომენტი ჰქონდა და ისიც გამოიყენა.

"ვოლფსბურგმა" მეორებუნდესლიგელ "ინგოლშტადთან" პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ თამაში მაინც მოიგო, რაც სტუმრების მეკარის ბრალია. "აინტრახტმა" კი "ზანდჰაუზენის" ბარიერი გადალახა (4:2).

არ გვინდა, ისე გამოვიდეს, რომ
თითქოს არიენ რობენი დავთარსეთ, თუმცა ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც სწორედ რობენის დასტაბილურებულ ჯანმრთელობაზე ვამახვილებდით ყურადღებას. ჰოლანდიელს მისთვის უჩვეულოდ დიდხანს გაუგრძელდა უტრავმო პერიოდი და აი, ბედმა ისევ უმუხთლა!

გერმანიის თასის მერვედფინალურ მატჩში, "აუგსბურგთან" ის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და სანამ მოედანზე იყო, შესანიშნავადაც თამაშობდა. ანგარიში მე-4 წუთზე სწორედ მან გახსნა (მე-5 გოლი ბოლო 4 ოფიციალურ მატჩში), მერე კი დაშავდა და მუხლის ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა. "ბაიერნის" სამედიცინო შტაბმა დიაგნოზი გუშინ გამოაქვეყნა: რობენი თვე-ნახევარი დაისვენებს!

რობენმა ტრავმა მე-14 წუთზე მიიღო, როცა თამაშგარე მდგომარეობიდან ჰიტცისკენ მიჰქროდა, აუგსბურგის მეკარე კი რისკზე წავიდა და დაამტვრია. ჰოლანდიელი ფეხზე დიდხანს ვერ წამოდგა და მაშინვე შეეტყო, რომ ტრავმა სერიოზული იყო.

"რა თქმა უნდა, ძალიან ნაწყენი ვარ
, - აღნიშნა რობენმა მატჩის შემდეგ. - იმდენად კარგ ფორმაში ვიყავი და ისე მიხაროდა, რომ ტრავმებს აღარ ვიღებდი, რომ ამის დაჯერებაც მიჭირდა. "ბაიერნის" თითოეულ მატჩს მოუთმენლად ველოდი და მოედანზე გასვლა მიხაროდა. ახლა კი ისე მოხდა, რომ თვე-ნახევარი უნდა ვიმკურნალო. მე დავბრუნდები და ბიჭებთან ერთად უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებ."

"სამწუხაროა, რომ არიენი დაშავდა. რობენი მართლაც საოცრად კარგ ფორმაში იყო და ამის გამო მისი ტრავმა ორმაგად საწყენია. არიენს ყველანი მხარში ამოვუდგებით იმისათვის, რომ მალე დაბრუნდეს,
" - ეს რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის სიტყვებია.

ამის დამატება საჭირო აღარც იყო, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ რობენისთვის საფეხბურთო 2013 წელი დასრულებულია. შესაბამისად, ჰოლანდიელი "ბაიერნს" ვერც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დაეხმარება.

გერმანიის თასი. 1/8-ფინალი
აუგსბურგი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 რობენი (4), 0:2 თ. მიულერი (78)
აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (63. მილიკი), ტო. ვერნერი (76. ჰოლცჰოიზერი) - მიოლდერსი (63. ბობადილია).
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ტიაგო ალკანტარა - რობენი (16. თ. მიულერი), ხავი მარტინესი, ტ. კროოსი (86. ჰოიბერგი), გიოტცე (67. რიბერი) - მანჯუკიჩი.
გაფრთხილება: ჰიტცი, ვერჰეგი, ბაიერი - თ. მიულერი
მაყურებელი: 30 660
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აინტრახტი-ზანდჰაუზენი 4:2
გოლები: 1:0 ხოსელუ (19), 2:0 ხოსელუ (49-პენ), 2:1 როდე (64-საკ. კარში), 2:2 ტიუტინგი (66), 3:2 კადლეცი (72), 4:2 ხოსელუ (92)
აინტრახტი (4-1-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ფლუმი, ოჩიპკა - როდე, შვეგლერი - კადლეცი, ბარნეტა (67. როზენტალი), ინუი (89. შრიოკი) - ხოსელუ (94. ლაკიჩი).
ზანდჰაუზენი (4-3-1-2): რიმანი - შაუერტე, ოლაიენგბესი, დ. შულცი, ახენბახი - შტიფლერი (66. ლიონინგი), ლინსმაიერი, ტიუტინგი - თიდე (56. კლუფტი) - მ. ციმერმანი (84. კისტერი), დ. ბლუმი.
გაფრთხილება: ოლაიენგბვესი, დ. შულცი
მაყურებელი: 18 200

ფრაიბურგი-ლევერკუზენი 1:2
გოლები: 0:1 კრუსი (1), 1:1 გინტერი (19), 1:2 ჩანი (77)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, ჰიონი, დიანიე, კ. გიუნტერი - გინტერი, ჰიოფლერი - ფერნანდესი, კოკელინი (84. ჰანკე) - დარიდა (78. კერკი), მეჰმედი (90. ფრაისი).
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი, ვოლშაიდი, თოფრაქი, ჩანი - რაინარტცი (46. კასტრო) - ლ. ბენდერი, როლფესი - კრუსი, სონი (76. ჰეგელერი) - კისლინგი (64. დერდიოკი).
გაფრთხილება: კ. გიუნტერი, დიანიე, ფერნანდესი - როლფესი
მაყურებელი: 16 400

ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი 2:1
გოლები: 0:1 კაიუბი (17), 1:1 ნალდო (66), 2:1 ოლიჩი (89)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, ევსეევი (46. პერიშიჩი) - დ. კალიჯური, არნოლდი, დიეგო - დოსტი (61. ოლიჩი).
ინგოლშტადტი (4-2-3-1): იოზქანი - და კოშტა, მიატოვიჩი, მატიპი, დანილო - როჯერი, კოენი (84. პ. გროსი) - აიგლერი, ჰაინალი, კაიუბი - პ. ჰოფმანი.
მაყურებელი: 7 846

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული